ქართველი "ბერძენ-რომაელები" იაშარ დოგუს მემორიალზე გამოვლენ

AutoSharing Option
იაშარ დოგუს მემორიალის შემდეგ, მომავალ უქმეებზე, 4-5 აპრილს სტამბოლი მოჭიდავეთა მორიგ დიდ საერთაშორისო ტურნირს, ამჯერად - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ვები ემრეს სახელობის მორიგ შეჯიბრებას უმასპინძლებს.

მასში საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვა: გიზო მელაძე (59), შმაგი ბოლქვაძე, არჩილ თურმანიძე (ორივე - 66), საჩინო დავითაია (71), ზურაბ დათუნაშვილი, გიორგი ჯავახია (ორივე - 75), თორნიკე ძამაშვილი (80), რევაზ ნადარეიშვილი (98), გურამ ფერსელიძე (130).

როგორც ვხედავთ, ერთ წონაში - 80 კილოგრამში არ გვეყოლება მონაწილე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ კი საასპარეზოდ, ძირითადად, ახალგაზრდებსა და ეროვნული
ნაკრების მეორე ნომრებს უხმო, ლიდერებს კი ასვენებს.

ეს ორმა მიზეზმა განაპირობა - სულ მალე, 21-22 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი ტარდება და იმ შეჯიბრების წინ არ ტვირთავს; ამასთან, როგორც გუშინ ვწერდით, უფროსებში წესები არ შეცვლილა, რეფორმა მხოლოდ ასაკობრივებში გატარდა და საადაპტაციოდ აღარც ტურნირი სჭირდებათ.

აი, ცვლილება აქაც რომ მომხდარიყო, მაშინ ლიდერებსაც გაუშვებდა, რათა ახალ წესებთან ადაპტაცია გაადვილებოდათ და საქმეში გამოეცადათ ეს სიახლეები.

როგორც უკვე ვწერდით, ბერძნულ-რომაული ჭიდაობიდან ჩოქბჯენი ამოიღეს და ჭიდაობა წელში გაიმართა, წაკუზული ერის დასასრულს კი რა სიკეთის მოტანაც შეუძლია, ეს წინა კვირას ყველამ თვალნათლივ იხილა პოლონეთში ჩატარებულ ევროპის 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატში - ჭიდაობა გაცილებით სანახაობრივი გახდა, გაცილებით დინამიკური, კეთდებოდა უამრავი ილეთი და ასპარეზობა, პრაქტიკულად, არ ჩერდებოდა.

ამის მიუხედავად, საჭიდაო სამყარომ კიდევ ერთხელ გაგვაოცა არაორდინარული გადაწყვეტილებით და მსოფლიოს ფედერაციის ბიუროს სხდომამ ძველი წესები რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადამდე ძალაში დატოვა, თუმცა ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში ახალი წესები დააკანონა!

არადა, ბეგი დარჩია სწორედ ამ რეფორმას ელოდებოდა და ფედერაციას იმიტომ გადმოატანინა აქამდე საქართველოს ჩემპიონატი - თუ ახალი წესები შემოვიდოდა, მაშინ იმის მიხედვით ჩაატარებდნენ, თორემ ძველით გაემართათ და ცვლილება მერე მომხდარიყო, ადაპტაცია თავიდან დასჭირდებოდათ.

საქართველოს ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება, თუმცა მასპინძელი არენა საბოლოოდ ამ დღეებში დაზუსტდება.

სამწვრთნელო შტაბისა და ფედერაციის კატეგორიული მოთხოვნით, ტურნირში ქვეყნის ყველა უძლიერესი ათლეტი გამოვა, ვინმეს ტრავმა თუ არ აწუხებს. თუმცა ჯერჯერობით არც ექიმებს გაუციათ ვინმეზე ავადმყოფობის დასკვნა და არც მწვრთნელებისთვის მიუმართავს ვინმეს გათავისუფლების თხოვნით.

ნაკრები დღეისათვის დუშეთში გადის შეკრებას, სადაც მათთან ერთად ყაზახეთის ნაკრებიც იმყოფება გაფართოებული შემადგენლობით, რომელთა შორის იქაური ლიდერები უკლებლად შედიან.

ჩვენებთან ერთად ემრეს ტურნირში ისინიც იჭიდავებენ და ორივე გუნდი ერთად გაემგზავრება სტამბოლში; ჩვენი ნაკრების ის წევრები კი, რომლებიც შეჯიბრებაზე არ მიდიან, კვლავაც დუშეთში დარჩებიან და რამდენიმე დღით ისევ გააგრძელებენ შეკრებას.

სტამბოლში პირველ დღეს, 4 აპრილს, 59, 71, 80 და 98-ის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები კი მეორე დღეს შეეცდებიან წარმატების მოპოვებას. ტურნირი კომერციულია - ჩემპიონი ჯილდოდ 2000 დოლარს მიიღებს, ვიცე-ჩემპიონი - 1000-ს, ხოლო მესამე ადგილზე გასულები 500-500 დოლარით დასაჩუქრდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული