ეს ჩემპიონატი მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა ივნისში ბაქოში ჩასატარებელი პირველი ევროპული თამაშებისთვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული. ამას ისიც ემატება, რომ წლეულს მოჭიდავეებს გაეზარდათ ანაზღაურება - საქართველოს ჩემპიონის ხელფასმა 500-დან 800 ლარამდე მოიმატა, მომდევნო ადგილებზე გასულები კი, 300 და 150 ლარის ნაცვლად, ამიერიდან 500-სა და 300-ს მიიღებენ. ამიტომ ტურნირში ქვეყნის
არადა, ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებმა წინა კვირას ის ბაქოში არ წაიყვანეს საერთაშორისო ტურნირზე, საგანგებოდ ამ შეჯიბრებისთვის შემოინახეს.
შესვენებისას მწვრთნელებისთვის სემინარი ჩაატარა ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა დღის რეჟიმის, წონის კლებისა და კალორაჟის შესახებ.
სამწუხაროდ, ჩვენი მწვრთნელებისთვის, განსაკუთრებით - ბავშვებში მომუშავეთათვის ეს ფრიად აქტუალური თემაა, რადგან უმეტესობისთვის წონის კლება, რეჟიმის დაცვა და ამგვარი აუცილებელი საკითხები უცხო თემაა.
59 კგ
გოდერძი დავითაძემ ზედიზედ მეორედ მოიგო საქართველოს პირველობა. უფრო სწორად, შარშან "ჩემპიონთა თასი" მოიგო, ახლა კი ჩემპიონატშიც იმარჯვა. მან ფინალამდე თავიდანვე ძნელი გზით იარა - პირველივე შეხვედრაში მომავალ მესამე პრიზიორსა და ბაქოს ტურნირზე თავგამოჩენილ დავით ჩხარტიშვილს შეხვდა, ვისაც ჯამში 9:3 მოუგო, მერე კი ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორი ნიკა ცეცხლაძე ერგო, ვინც არც ისე დიდი ხნის წინათ თავად აცხადებდა ნაკრებში მოხვედრის ამბიციას და ვინც მანამდე ამ წონაში საკმაოდ გავლენიანი აბესალომ ქათამაძე დაამარცხა.
დავითაძემ თანაქალაქელ ცეცხლაძეს (ორივე ბათუმელია) 4:4; 6:1 მოუგო, ნახევარფინალში კი წონის კიდევ ერთი ლიდერი, ლაშა გოგიტაძე დაამარცხა. გოგიტაძემ მეორე პერიოდში კი გაიბრძოლა და 8:4 იმარჯვა, მაგრამ დავითაძემ პირველი 6:0 მოიგო და ფინალის საგზურიც მას დარჩა.
ბადის ეს მხარე მეორეზე უფრო ძლიერი იყო, მაგრამ იქაც მოიძებნებოდნენ ანგარიშგასაწევი ფალავნები: ედნარ შავაძე, ქემალ ხარაბაძე, რამაზ სურმანიძე. სხვათა შორის, სამივე ბათუმელია, ამათგან კი ნახევარფინალში შავაძე გავიდა - ხარაბაძეს 2:1 მოუგო, სურმანიძეს - 10:1. თუმცა ფინალი მასაც აუხდენელ ოცნებად დარჩა, რადგან ნახევარფინალში კიდევ ერთ ბათუმელ მურად მიქელაძესთან 1:1-ზე დამარცხდა.
მანამდე მიქელაძემ, ვინც აქამდე ასეთი დიდი წარმატებით არ გამოირჩეოდა, დავით მარკოიძეს წმინდად მოუგო – 8:0, გენადი ქუთათელაძეს 4:0; 1:0 აჯობა.
ბოლო წლებში ამ წონის ფინალში აჭარის ნაკრების წევრთა მონაწილეობა ტრადიციად იქცა, რაც ამჯერადაც გაგრძელდა - ორივე ფინალისტი იქაურია. ფინალი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა უფრო გამოცდილი დავითაძე ადეკვატურ უპირატესობასაც ფლობდა. მან პირველივე პერიოდში გაინაღდა საბოლოო წარმატება, რომელიც 6:0 მოიგო. განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა ეპიზოდი, როცა მეტოქე ჩოქბჯენიდან კარგად აიყვანა ხელში, ილეთი საფუძვლიანად მოამზადა და მშვენივრადაც გადააგდო.
მეორე პერიოდში მან ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ზრუნვა, შეტევებს მოუკლო და უფრო დაცვაზე გადაერთო, ოღონდ ისე, რომ პასიურობასაც ძნელად დასწამებდით.
მიქელაძემ მხოლოდ ერთხელ შეძლო ილეთის გაკეთება, როცა გაშლილი ხელით კისრულის მსგავსად გადმოიღო. ამ გდებისას დავითაძე წრიდანაც გავიდა და ანგარიში 6:2 გახდა, რაც აღარც შეცვლილა.
1. გოდერძი დავითაძე (აჭარა)
2. მურად მიქელაძე (აჭარა)
3. ედნარ შავაძე (აჭარა),
დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი).
71 კგ
ამ წონაში განსაკუთრებულ ინტერესს ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი მანუჩარ ცხადაია და ბოლო წლებში მშვენივრად მოჭიდავე მინდია წულუკიძე იქცევდნენ, თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ მათ დავაში ბაკურ გოგოლი, ანტონ მამაგეიშვილი და კიდევ რამდენიმე მოჭიდავე ჩარეულიყო.
სენსაცია არ მოხდა და ფინალშიც მთავარი ფავორიტები გავიდნენ. აი, ცხადაიას ტიტულებიდან გამომდინარე, ჩემპიონის ვინაობა იქნებ ვინმეს მოულოდნელი ეჩვენოს, მაგრამ შეხვედრის მიმდინარეობით ნამდვილად არ ითქმის, რომ წულუკიძემ დაუმსახურებლად გაიმარჯვა.
ეს ბიჭი 2009 წელს თბილისში გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია, ოღონდ მაშინ 50 კილოგრამში გამოდიოდა, ბოლო წლებში კი მშვენივრად ჭიდაობდა. ფინალში იყო ერთი საკამათო მომენტი, როცა მსაჯმა თითქოს იჩქარა შეხვედრის გაჩერება, როცა ცხადაია ლეიბიდან მის აქაჩვას ცდილობდა.
კაცმა არ იცის, ის მომენტი როგორ გასრულდებოდა და მოიპოვებდა თუ არა ტიტულოვანი ფალავანი მომგებიან ქულას (იმ დროისთვის უკვე აგებდა 1:2-ს), მაგრამ ცხადაიას მეტი მართებდა.
ორთაბრძოლა ძალზე დაძაბული, მაქსიმალურად ნერვებდაჭიმული იყო, მაგრამ სანახაობრივად ულამაზო, უქულო გამოდგა. გადამწყვეტი მომენტი პირველი პერიოდის ის ეპიზოდი აღმოჩნდა, როცა წულუკიძემ ჩოქბჯენიდან კარგად აქაჩა და დაატრიალა ცხადაია, თუმცა დაცემისას ეს უფრო სხარტი აღმოჩნდა, ამოუძვრა და იქით გადაიყვანა ქულაზე - 2:1 წულუკიძის სასარგებლოდ.
ცხადაიას დაწინაურების რეალური შანსი მეორე პერიოდში მიეცა ზემოხსენებულ საკამათო ეპიზოდში, როცა ჩოქბჯენში ხულოელი ფალავანი ჩააყენეს, მაგრამ შედეგიანად ვერ აიტაცა ლეიბიდან...
ფინალამდე კი ორივემ მძიმე გზა გაიარა. ცხადაიას პირველივე წრეში თასის შარშანდელი მფლობელი გიორგი ჯავახია ერგო მეტოქედ, ვისაც მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოუგო. მეორე წრეში მინდია ბოლქვაძესთან ბევრად მეტი ქულა დააგროვა - 2:0; 5:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი უჩა შავაძეს წმინდად აჯობა - 8:0.
უფრო "სისხლისმღვრელი" ბრძოლები გაიმართა ბადის ქვედა მხარეს, სადაც წულუკიძემ მამაგეიშვილსაც მოუგო და გოგოლსაც. თუმცა მის განვლილ გზამდე მამაგეიშვილზე გავამახვილებთ ყურადღებას - ეს ქუთაისელი ფალავანი ყოველთვის გამოირჩევა ტექნიკური, ძლიერი ჭიდაობით, მაგრამ საბოლოო წარმატებამდე ყოველთვის აკლდება რაღაც მცირე. მან ახლაც ბევრი ქულა დააგროვა - გოგიტა გოგიბერაშვილს 6:0 მოუგო, ხვიჩა თაყაშვილს - 11:0, რასაც მეოთხედფინალში წულუკიძესთან წაგება მოჰყვა, დამამშვიდებელში კი სულხან ნიკოლიშვილს 9:0, ხოლო ბრინჯაოსთვის შეხვედრაში გოგოლსაც წმინდად აჯობა - 8:0.
დაგვეთანხმებით, ამდენ ქულას შემთხვევით ვერავინ დააგროვებს, მაგრამ წულუკიძესთან ვერაფერს გახდა, რაც ხულოელი ფალავანის დიდი დამსახურებაა.
ურიგო მოჭიდავე არც გოგოლია, მაგრამ მამაგეიშვილთან შეხვედრაში გამოჩნდა, გამოცდილება რამდენად დიდი იარაღია. წულუკიძემ დემურ ქავთარაძეს 4:0, ნიკოლიშვილს 7:0, მამაგეიშვილს 2:5; 5:0, გოგოლს 0:2; 10:0 მოუგო, ფინალზე კი უკვე გითხარით.
1. მინდია წულუკიძე (აჭარა)
2. მანუჩარ ცხადაია (ხობი)
3. გიორგი ჯავახია (თბილისი),
ანტონ მამაგეიშვილი (ქუთაისი).
80 კგ
ამ წონაში ინტერესით ველოდით ლაშა გობაძის გამოსვლას, თუმცა ყველაზე დიდი ინტრიგა თორნიკე ძამაშვილმა შემოგვთავაზა - ნახევარფინალში ამ წონის ლიდერი, ევროპის მესამე პრიზიორი გიორგი ცირეკიძე 4:3 დაამარცხა.
ვფიქრობთ, ეს ფინალი ყველაზე ლამაზი გამოდგა, იმის მიუხედავად, რომ გდებები 98-ის დასკვნით შეხვედრაშიც გაკეთდა.
გობაძემ მარტში პოლონეთში 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, მანამდე კი ირანში "ტახტის თასზე" გაიმარჯვა - ქართველ "ბერძენ-რომაელთაგან" პირველმა. თან ორივეგან მაღალი დონის, ძალიან ტექნიკური ჭიდაობა აჩვენა. წინასწარ შეხვედრებში ახლაც ასიამოვნა მაყურებელი ლამაზი ფანდებით და წმინდა მოგებებით - გურამ ხეცურიანს პირველივე პერიოდში მოუგო 10:0, ნიკა გავაშელს 4:3; 3:0 სძლია, ნახევარფინალში კი ზურაბ ცინცაძეს 4:2; 4:0 დააყრევინა ფარ-ხმალი.
ამასობაში არანაკლებ ძლევამოსილად მიიწევდა ფინალისკენ და საწყისი ორი პაექრობა გიგო ახალკაციშვილთან (10:0) და ტარიელ კეკელიძესთან (8:0) წმინდად მოიგო, რასაც ცირეკიძესთან წარმატება და ფინალში გასვლა მიაყოლა.
იქ ორივე ფალავანი შედარებით ფრთხილად ჭიდაობდა და შეტევას იმდენად აღარ რისკავდა, თუმცა ილეთებსაც აკეთებდა. პირველ პერიოდში თითოჯერ ორივე ჩააყენეს ჩოქბჯენში, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ, მეორეში დგომში, როცა ძამაშვილი ილეთზე შესვლას ცდილობდა, გობაძემ კარგად დაუხურა და ორქულიანზე ჩააგდო. მალე ერთი ქულაც მეტოქის გაფრთხილებით მიიმატა.
გობაძეს კიდევ ორჯერ მიეცა ჩოქბჯენიდან ქულის მოპოვების შანსი, მაგრამ მხოლოდ ერთი გამოიყენა - 5:0, ბოლოს კი ჯვარედინ მოვლებაზე უკუგდების მცდელობაც დაუხურა და საბოლოოდ 7:0 მოიგო. ანგარიშიდან ისე ჩანს, თითქოს ძამაშვილი ვერაფერს აკეთებდა და შანსი არ ჰქონდა. ასე ნამდვილად არაა - პასიური არ ყოფილა, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერაფერს გახდა.
1. ლაშა გობაძე (აჭარა),
2. თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი),
3. ზურაბ ცინცაძე (ოზურგეთი),
გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი).
98 კგ
გუშინდელი ფინალებიდან ეს იყო ერთადერთი, სადაც აჭარას წარმომადგენელი არ ჰყავდა. სამაგიეროდ, ეროვნულ ნაკრებში წყალტუბოელი ქაჯაიების მოძალების წინაპირობა შეიქმნა - მიხეილ ქაჯაიამ გაიმარჯვა, დღეს კი დიდი შანსია, მძიმე წონაში მისმა ბიძაშვილმა იაკობ ქაჯაიამაც გაიმარჯვოს. გუშინ ამავე წონაში მიხეილის ძმამ - ირაკლი ქაჯაიამაც იჭიდავა, თუმცა წააგო.
მძიმე წონიდან ამ წონაში ჩამოინაცვლა ქუთაისელმა სერგო გოგისვანიძემ, რამაც კონკურენცია კიდევ უფრო გაზარდა. რამაზ ნოზაძის შემდეგ ამ წონაში მეგავარსკვლავი არ გვყოლია, ახლა კი ერთბაშად რამდენიმე პერსპექტიული ფალავანი მოგროვდა - ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ნადარეიშვილი, იმავე ასაკში ევროპის ორგზის გამარჯვებული ვასილ იმერლიშვილი და ევროპის სამგზის ბრინჯაოსმედალოსანი კუკური კირცხალია, იგივე კახელაშვილი...
ვნახოთ, ვის არ დაეზარება ვარჯიში და ვინ იმუშავებს სათანადოდ, ამჯერად კი ფინალში მიხეილ ქაჯაია და ნადარეიშვილი გავიდნენ. სხვათა შორის, ამჟამად ორივე ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზაზა სილაგაძესთან ემზადება.
ნადარეიშვილმა გზიდან ამირან ზარნაძე (2:0) და კირცხალია (9:0) ჩამოიცილა, ვინც წინა წრეში წონის ძველ ლიდერს, ევროპის პრიზიორ სოსო ჯაბიძეს მოუგო, ვისაც ჯერ ისევ აწუხებს ძველი ტრავმა.
ნახევარფინალში ნადარეიშვილმა გოგისვანიძეს მოუგო, ქაჯაიამ კი ყველაზე დაძაბული პაექრობა ნახევარფინალში გადაიხადა, სადაც იმერლიშვილთან პირველი პერიოდი 2:3 წააგო, მაგრამ მეორე 2:0 მოიგო და ფინალშიც გავიდა.
მან პირველ შეხვედრაში ამირან გულბათაშვილს წმინდად მოუგო - 9:0 და ნადარეიშვილთანაც წარმატებით დაიწყო პაექრობა - ჯერ წრიდან გაყვანისთვის მიიღო ერთი ქულა, მალე კი ჩოქბჯენში ჩაყენებული მეტოქე ორჯერ წარმატებით დაატრიალა და 5:0 დაწინაურდა.
მეორე პერიოდი მანაც უფრო ფრთხილად ჩაატარა და ერთქულიანითაც დასაჯეს, მოგვიანებით კი ნადარეიშვილმა მოძრაობაზეც დაიჭირა, როცა გამოეცალა და დაბლა ჩაყვანისთვის კიდევ ორი ქულა მიიღო. ანგარიში 5:3 გახდა და მერე აღარც შეცვლილა.
1. მიხეილ ქაჯაია (წყალტუბო),
2. რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი),
3. ვასილ იმერლიშვილი (რუსთავი),
სერგო გოგისვანიძე (ქუთაისი).
საქართველოს ჩემპიონატი 23 აპრილს დასრულდება, როცა შეჯიბრებებს 66, 75, 85 და 130 კილოგრამების ფალავნები ჩაატარებენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"