ტურნირის სასტარტო დღეს, 29 მარტს, ლაშა გობაძე (80) ამ ასაკში ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ვერცხლი კუკური კირცხალიამ (98) მოიპოვა, ბრინჯაო - რამაზ ზოიძემ (71).
ჩვენმა გუნდმა მეორე დღეს კიდევ უფრო დიდი წარმატებით იჭიდავა - 4 წონიდან სამის ფინალში ჩვენები გავიდნენ, საბოლოოდ კი ზაზა ჯიბლაძის გუნდმა 2 ოქრო და 1 ვერცხლი დაისაკუთრა. ჩემპიონები გელა
ჩვენები უმედლოდ მხოლოდ ორ წონაში დარჩნენ - 59-სა და 85-ში, თუმცა 59-ში ხვიჩა ჭითავამ ბრინჯაოსთვის იჭიდავა და მხოლოდ ბოლო წამებზე გაშვებული გდებით დარჩა უმედლოდ. დებიუტანტი შალვა ხაჩიძე (85) აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვთან დამარცხდა.
ცხადია, ჯიბლაძის შეგირდებს ვერც გუნდურ პირველობაში შეეცილა ვინმე. ჩვენებმა 63 ქულა დააგროვეს და მთელი 20 ქულით გაუსწრეს უნგრელებს, მესამეზე კი აზერბაიჯანია 38 ქულით.
აკი, ამ გუნდის შესახებ ვწერდით კიდეც, იმდენად ძლიერია, ვინძლო, რუსეში რუსებსაც მოუგონო და ახდა კიდეც. მისასალმებელია ასაკობრივი ნაკრებების ასეთი კარგი გამოსვლები - ამით ეროვნულ ნაკრებს ჩინებული შევსება მისდის. სასურველია, არც იქ დააგდონ ტემპი.
გელა ბოლქვაძე 21-წლამდელებში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონია, მანამდე კი ევროპის პირველობაც მოიგო. იმედია, ეს პროგრესი უფროსებშიც გაგრძელდება და ასე თანდათან იქაც ყველაფერს მოიგებს.
იმავეს ვიტყვით ახალგაზრდებში ასევე ყველა ტიტულის მფლობელ ქაჯაიაზე, ვისაც არც ისე დიდი ხნის წინ ოლიმპიურ იმედად მივიჩნევდით. ამჯერად მან იმდენად დამაჯერებლად და ისეთ მაღალ დონეზე იჭიდავა, კვლავ დაგვიბრუნა ეს იმედი.
ამხელა რანგის შეჯიბრებაზე ორივემ ძალზე იოლად, შეიძლება ითქვას, ცალი ხელით მოიგო. თავად განსაჯეთ - წინასწარ შეხვედრებში ორივემ პირველივე პერიოდში დაამარცხა მეტოქეები, თუმცა ქაჯაია ფინალშიც ასე უმოწყალოდ გაუსწორდა კონკურენტს.
ბოლქვაძე დარიოსის წინააღმდეგ
ფინალის გარდა, ბოლქვაძემ ყველა შეხვედრა დიდი უპირატესობით და დამაჯერებლად მოიგო. ის ტურნირში მეორე წრიდან ჩაება და ჯერ ლიტველ მინდაუგას სურმაიტისს, მერე კი იტალიელ ლუკა დარიოსის ქულებით წმინდად, 8:0 მოუგო. ეს ბიჭი კარგად ჭიდაობს დგომშიც და ჩოქბჯენშიც. დგომში ფრიად გამართულ ტაქტიკას ირჩევს და ხელების მუშაობით ნოყიერ ნიადაგს ქმნის ილეთის წარმატებით შესასრულებლად. ჩოქბჯენიდანაც ძალიან იოლად ატრიალებს მეტოქეებს და თან ამას კომბინაციაშიც კარგად აკეთებს.
ახლაც ბევრჯერ გვასიამოვნა ზედიზედ რამდენიმე დატრიალებით. სურმაიტისი დგომიდან მოგვერდით გადმოიღო, რაც საბოლოოდ, გარჩევის შემდეგ მსაჯებმა ოთხი ქულით შეაფასეს. მოგვიანებით ლიტველი ჩოქბჯენიდან აიტაცა და ხაზის კიდესთან იმდენად დიდი ტრაექტორიით გადაისროლა, სუფთა მოგებაც გაინაღდა.
დარიოსი დგომში კი გაუძალიანდა, მაგრამ შეხვედრის პირველი წუთი მაინც ბოლქვაძის აშკარა უპირატესობით მიდიოდა, რისთვისაც იტალიელი ჩოქბჯენში ჩააყენეს, ეს კი ჩვენი ფალავნის სტიქიაა - ზედიზედ სამჯერ გადააკოტრიალ-გადმოაკოტრიალა და ექიმიც დააჭირვა. იტალიელმა კარგა ხნის შემდეგ შეძლო ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ დანებება აჯობებდა, რადგან ბოლქვაძემ განახლებისთანავე ისევ ჩაიყვანა დაბლა - 8:0.
ნახევარფინალში შედარებით გამოცდილი მეტოქე შეხვდა - უნგრელი ზოლტან ლევაი ამავე ტურნირის შარშანდელი მესამე პრიზიორია და უკვე ეროვნული ნაკრების დაჭაშნიკებაც მოასწრო. მასთან ბოლქვაძემ წმინდად ვერ გაიმარჯვა, 7:2 მოიგო, თუმცა მთელი შეხვედრის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა, ინიციატივა მყარად ეპყრა ხელთ და წაგების საფრთხე წამითაც არ დამუქრებია. პირიქით - უნგრელის ამოცანა იყო, როგორმე წმინდა მარცხისგან ეხსნა თავი, რაც შეძლო კიდეც. არადა, ბოლქვაძემ საქმე აქაც თითქოს წმინდა მოგებისკენ წაიყვანა - ჯერ კიდევ მე-20 წამზე მეტოქეს შესვლის უფლება არ მისცა, კონტრილეთით ჯერ იქით გადაიყვანა ქულაზე, მერე კი ზედიზედ სამჯერ დაატრიალა.
ბოლქვაძემ ფინალში მასირებული შეტევა აღარ გარისკა, ტაქტიკურად გამართულად იჭიდავა - უპირატესობის ფლობით, მეტოქისთვის სივრცეების ჩაკეტვით, რამაც შედეგი გამოიღო: შვედი ალექსანდროს-მიხაილ კესიდისი ჩოქბჯენში დააყენეს, სადაც ქართველმა ფალავანმა ზედმეტი დაძაბვის გარეშე დაატრიალა და ეს 2-ქულიანი უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა. მას იმ მონეტში აშკარად ეტყობოდა, რომ გამწვავებაზე და კომბინაციურ ტრიალზე არ მიდიოდა, აშკარად შედეგზე ჭიდაობდა, რაც სავსებით გამართლებული მიდგომა იყო.
ქაჯაიამ იმედი გაგვიცოცხლა
ქაჯაია მთელი თავით მაღლა იდგა მეტოქეებზე და საჩემპიონო კიბეზე კიდევ უფრო იოლად აირბინა. იმედია, ამ წარმატებით, ამ გამოსვლით მან საბოლოოდ დაძლია ჩავარდნა და საოლიმპიადოდ "ახალგაზრდულ" ფორმაში შედის. მან ახლაც ისე მიყარ-მოყარა კონკურენტები, როგორც ახალგაზრდულ ნაკრებში აკეთებდა ხოლმე. პირველად ეს ლატვიელ ულდის გლაზინსს გაუკეთა, რომელსაც დგომიდან კარგად შეეკრა ჯვარედინ მოვლებაზე, გადააგდო და ბეჭებზეც დააწვინა, ამ ყველაფერს კი სულ რაღაც 48 წამი მოანდომა.
მეორე წრეში მეტოქედ გერმანელი კრისტიან ჯონი ერგო, ვინც შარშანაც მესამეზე გავიდა ამ შეჯიბრებაზე და ახლაც იგივე შედეგი გაიმეორა. მათი პაექრობა მხოლოდ წუთნახევარი გაგრძელდა: თავიდან ქაჯაიამ ღონივრად დაიქნია და ლეიბზე გაშხლართა, მალე გერმანელს თავხედური შეტევა არ აპატია, როცა მომავალ ჩემპიონთან ქორეოგრაფიულ სტილში - ტრიალში დაკიდებულ კისრულს ცდილობდა (ეს ილეთი ლუკა კურტანიძისგან გემახსოვრებათ კარგად), მაგრამ ქაჯაია მაგრად დაუხვდა და ისე მყარად ჩააგდო დაბლა, "ტუშემდე" ცოტა დააკლდა. თუმცა ბევრიც არ დაუკარგავს - იქვე ზედიზედ სამჯერ დაატრიალა და მორიგი 8:0.
ნახევარფინალში ქაჯაიას პირისპირ რუსეთში გადასული ზურაბ გედეხაური დადგა. მასთან მარტივად მოამთავრა პაექრობა - თავიდან ერთი მძლავრად დაიქნია და წაქცეულს წარმატებით დაუფიქსირა 2-ქულიანი შემოვლა, რასაც დატრიალებაც მიაყოლა: 4:0 და ანგარიში ბოლომდე არ შეცვლილა.
ქაჯაიამ მთელ ტურნირზე პირველი და უკანასკნელი ქულა ფინალში დაკარგა უკრაინელ ვლადისლავ ვორონინთან, ვინც 21-წლამდელებში ევროპის მესამე პრიზიორი იყო. უკრაინელმა ის 2 ქულა პირველივე წამებზე აიღო ამის შეცდომის ხარჯზე - უკვე მეხუთე წამზე კონტრილეთით უკეთებდა გდებას, მაგრამ თავად მოჰყვა, თუმცა ქართველმა ეს ძვირად დაუსვა - დაახლოებით წუთნახევარში ანგარიში 10:2 გაუხადა და ისევ წმინდად მოიგო.
ამავე წონაში მესამე ქართველიც ჭიდაობდა - ჰეორჰი ჩუჰაშვილი ბელორუსიდან. სავარაუდოდ, ეს, უბრალოდ, კორექტურული შეცდომაა ან გვარ-სახელთა ბელორუსული მართლწერის თავისებურება და ის სინამდვილეში, ევროპის პრიზიორ იოსებ ჩუგოშვილის უმცროსი ძმაა. ყოველ შემთხვევაში, მის ძმას გიორგი ჰქვია და ბელორუსის ნაკრების კანდიდატიც იყო, თუმცა არ გამოვრიცხავთ, ეს კონკრეტული მოჭიდავე გვარად ჭუნაშვილიც იყოს. მანაც და გედეხაურმაც ბრინჯაოსთვის იჭიდავეს, მაგრამ ორივე დამარცხდა.
დებიუტანტი ჯანგავაძე
ჯანგავაძე პირველხარისხოვან შეჯიბრებაზე საერთოდ პირველად ჭიდაობდა, თუმცა ვერც უცხოეთში ასპარეზობის გამოცდილებით დაიკვეხნის. რომ არა ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ შმაგი ბოლქვაძის ეროვნულში გამოძახება, ალბათ, მისი დებიუტი კიდევ გადაიდებოდა, ახლა კი გამოჩნდა, რომ ამ წონაში სალიცენზიო ტურნირებშიც და, ზოგადად, სამომავლოდ, მეორე დასაყრდენი ფალავანიც გვყავს. თუმცა ჯანგავაძეს დებიუტანტობისა ბევრი არაფერი ეტყობოდა და რუსეში ძალიან ტექნიკურად, შემტევ სტილში იჭიდავა, შედეგად კი ბლომად ქულები მიითვალა, ხოლო თავად ძალზე ცოტა დაკარგა.
მან ტურნირი ძლიერად დაიწყო და ფრანგ ჰრაჩია მალხაზიანს წმინდად მოუგო - 10:0.
ასევე ვადამდე დაამარცხა შვედი ოსკარ სიმონ ერლანდსონიც, ოღონდ მას ერთით ნაკლები ქულა აუღო - 9:0, სერბ მატე ნემესს კი 5:2 აჯობა. ნახევარფინალში გერმანელ სიმეონ ფატჰი დარუიშსაც წმინდად გაუსწორდა - 8:0, ფინალში კი პოლონელ მატეუშ ბერნატეკთან უკვე თვითონ წააგო ამ ანგარიშით.
* * *
დღეს რუსეში ქალთა ტურნირი იწყება, სადაც ერთი მონაწილე გვყავს - რუსეთიდან გადმობირებული ლიანა ალმეევა (48), ვინც მამის გვარით მაჭარაშვილია. ის დღესვე იჭიდავებს ნორვეგიელ სილიე კნუტსენ კიპერნესთან. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი
კვარცხლბეკი
59 კგ
1. სერგეი ემელინი (რუსეთი)
2. მურად მამადოვი (აზერბაიჯანი)
3. ეტიენ კინსინგერი (გერმანია)
ანდრეი ცარიუკი (ისრაელი)
5. ხვიჩა ჭითავა (საქართველო)
66 კგ
1. მათეუშ ბერნატეკი (პოლონეთი)
2. თორნიკე ჯანგავაძე (საქართველო)
3. ენეს ბასარი (თურქეთი)
მატე ნემესი (სერბეთი)
71 კგ
1. იუნუს ემრე ბასარი (თურქეთი)
2. ანტონიო კამენიასევიჩი (ხორვატია)
3. რამაზ ზოიძე (საქართველო)
რუჰინ მიხაილოვი (აზერბაიჯანი)
75 კგ
1. გელა ბოლქვაძე (საქართველო)
2. ალექსანდროს-მიხაილ კესიდისი (შვედეთი)
3. ზოლტან ლევაი (უნგრეთი)
დავიდ კლიმეკი (პოლონეთი)
80 კგ
1. ლაშა გობაძე (საქართველო)
2. ბურჰან აკბუდაკი (თურქეთი)
3. ელტუნ ვაზირზადე (აზერბაიჯანი)
იაროსლავ ფილჩაკოვი (უკრაინა)
85 კგ
1. ერიკ ჟილვასი (უნგრეთი)
2. იოან დიმიტროვი (ბულგარეთი)
3. ანდრეი გლდაკიხი (უკრაინა)
ზაკარიას ბერგი (შვედეთი)
98 კგ
1. მუჰამედ ეტკა სევერი (გერმანია)
2. კუკური კირცხალია (საქართველო)
3. ჟოლტ ტოროკი (უნგრეთი)
მუსა ევლოევი (რუსეთი)
130 კგ
1. იაკობ ქაჯაია (საქართველო)
2. ვლადისლავ ვორონინი (უკრაინა)
3. კრისტიან ჯონი (გერმანია)
მანტას კნისტაუტასი (ლიტვა)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"