ქართველმა ჭაბუკებმა "აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე" 12 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ფოტოზე: მარცხნიდან ლერი და ოთარ აბულაძეები
26 აპრილს ბაქოში დაიწყო აწ უკვე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი "აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე", რომელიც ასაკობრივ ნაკრებებს - ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის იმართება ბიჭების ორივე საჭიდაო სტილში.

გუშინ მასში ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე ჭაბუკები ჩაებნენ და ჩვენმა ნაკრებმა დიდი წარმატებითაც იჭიდავა - ქართველმა ჭაბუკებმა 12 მედალი მოიპოვეს. აქედან 4 ოქროა, 2 - ვერცხლი და 6 - ბრინჯაო.

ჩემპიონები გიორგი ჩხიკვაძე (42), გიორგი შოთაძე (54), ლერი აბულაძე (58) და ლუკა ხუციშვილი (76) გახდნენ, ფინალური ორთაბრძოლები კი ბექა ბეშიძემ
(63) და საბა ცეცხლაძემ (100) დათმეს. მესამე ადგილზე აკაკი ოსიაშვილი (46), რამაზ სილაგავა (50), ოთარ აბულაძე (58), ნიკა ყორშია (63), ლევან გოგუა (69) და გიორგი ქაცანაშვილი (85) გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ გოგუამ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში თანაგუნდელი ბექა გურული დაამარცხა, ქაცანაშვილმა კი - რობინზონ ესაძე. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ბრინჯაოსთვის შეხვედრა კიდევ რამდენიმე ჩვენებურმა წააგო: გიორგი ნოზაძემ (69), გიორგი ცოფურაშვილმა (76) და ზაზა სილაგაძემ (100).

როგორც ვხედავთ, 58 კილოგრამში კვარცხლბეკზე ხულოელი ძმები ავიდნენ: ლერი აბულაძე ჩემპიონი გახდა, ოთარი კი მესამეზე გავიდა. ლერისგან ასეთი წარმატება არც გვიკვირს, რადგან მას საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებსა და უფროსებშიც კი გამოუჩენია თავი.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ჩემპიონთა კვარტეტიდან სამმა ფინალში მასპინძელს მოუგო: ჩხიკვაძემ ზაურ ალიევი 4:2 დაამარცხა, შოთაძემ ჰასან მამედლის 4:3 მოუგო, ლერი აბულაძემ კი სანან აბდულზადას წმინდად აჯობა: 8:0. ფინალში მხოლოდ ხუციშვილს ჰყავდა სხვა ქვეყნის წარმომადგენელი - ირანელი ხოსეინ გოჯეღბეიოღლუ 6:1 დაამარცხა. ირანელთან წააგო ცეცხლაძემ - ნავიდ ნავეხსისთან 0:4, ბეშიძემ კი მასპინძელ ჯავიდ მირალიევთან 2:8 დათმო.

ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირებები ბრინჯაოსთვის ბრძოლაშიც გაგრძელდა. ჩვენი ექვსი მესამეპრიზიორიდან გადამწყვეტი შეხვედრა იქაურებთან - ისინი სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამჯერვე ჩვენებმა იმარჯვეს: ოსიაშვილმა ტალე მამადოვს 6:2 მოუგო, სილაგავამ გოსქუნ ხუდავერდიევთან 6:3 იმარჯვა, ყორშიამ ელდარ სიხმამადოვთან - 7:0. ოთარ აბულაძემ ირანელი სიავაშ მანსური დიდი ანგარიშით, 9:0 დაჯაბნა.

აზერბაიჯანელებმა არ დაანებეს ბრინჯაოს მოპოვება ნოზაძეს (შერხან გულიევმა), ცოფურაშვილს (შაფტარ მამადოვმა) და სილაგაძეს (უგურ ჰაცილიმ).

ტურნირი საკმაოდ ძლიერი იყო, რადგან მასპინძელთა და ჩვენების გარდა, მასში ბელორუსი, უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ირანი, ერაყი, თურქეთი და ბულგარეთიც გამოდიან. შეჯიბრება კომერციულია: ჩემპიონი ჯილდოდ 300 დოლარს მიიღებს, მომდევნო ადგილებზე გასულები კი, შესაბამისად, 200 და 100 დოლარს.

გუნდურ ჩათვლაში ვაჟა კრავეიშვილის, გურამ ცალუღელაშვილის და მამუკა სულთანიშვილის შეგირდები 90 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ და მხოლოდ 2-ით ჩამორჩნენ მასპინძლებს. მესამეზე ირანია 71-ით.

მოგვიანებით ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდები ჩაებმებიან, მერე კი ასპარეზი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული