ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: ბედინაძე ძველებს ენდო

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ბედინაძემ დაასახელა მსოფლიოს ის შემადგენლობა, რომელიც 13-14 სექტემბერს თბილისში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავს.

როგორც უკვე ვწერდით, ეს გუნდი ბორჯომში, სასტუმრო "ოლიმპიკში" გადის დასკვნით შეკრებას, სადაც გუშინწინ მწვრთნელმა საკონტროლო შეხვედრები ჩაატარა და მისი შედეგებით დააკომპლექტა გუნდი.

ევროპის ჩემპიონატთან შედარებით საკადრო ცვლილებები არ მომხდარა, რადგან კონკურენტებმა ძველ ლიდერებს ვერ აჯობეს, თუმცა ერთი უცნაური როქი მაინც გაკეთდა - ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ირაკლი ძიმისტარაშვილმა (54) და ევროპის მესამეპრიზიორმა ლერი აბულაძემ (58), უბრალოდ, წონები გაცვალეს. ისინი
დაახლოებით თანაბარი დონის ფალავნები არიან, წონაც თითქმის ერთნაირი აქვთ და გადაწყვიტეს, ვინც უფრო მჩატე იქნებოდა, ის დაეყენებინათ 54-ში, ასეთი კი აბულაძე აღმოჩნდა და მსოფლიოზეც უფრო დაბალ წონაში ის იჭიდავებს, ძიმისტარაშვილი კი 58-ში წავიდა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდმა დიდი წარმატებით იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 10 წონიდან 7 მედალი მოიპოვა: თითო ოქრო-ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონი გიორგი შოთაძე (50) გახდა, როგორც გითხარით, ძიმისტარაშვილმა 54-ში ვერცხლი მოიპოვა, ბრინჯაოს მედალს კი, აბულაძის გარდა, გიორგი ჩხიკვაძე (42), ქერიმ მაჩალიკაშვილი (63), გიორგი ქაცანაშვილი (85) და საბა ცეცხლაძე (100) დაეუფლნენ.

ბედინაძე ამათ შეცვლას ისედაც არ აპირებდა, იმ სამი წონიდან კი საკადრო ცვლილებებს უფრო 46-სა და 69-ში გეგმავდა, მაგრამ საკონტროლო შეხვედრებში ისევ ძველმა ფავორიტებმა შეინარჩუნეს ლიდერობა.

ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისში 13-18 სექტემბერს ტარდება და მას "ბერძენ-რომაელები" გახსნიან. პირველ დღეს 50, 54, 58, 63 და 100 კილოგრამების მოზარდები იჭიდავებენ, მეორე დღეს კი დანარჩენები, ანუ 42, 46, 69, 76 და 85-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ.

42 კგ. გიორგი ჩხიკვაძე (სენაკი)
46 კგ. დავით ფუტკარაძე (აჭარა)
50 კგ. გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი)
54 კგ. ლერი აბულაძე (აჭარა)
58 კგ. ირაკლი ძიმისტარაშვილი (ოზურგეთი)
63 კგ. ქერიმ მაჩალიკაშვილი (ახმეტა)
69 კგ. ლევან გოგუა (აჭარა)
76 კგ. ლუკა ხუციშვილი (გარდაბანი)
85 კგ. გიორგი ქაცანაშვილი (გარდაბანი)
100 კგ. საბა ცეცხლაძე (ოზურგეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შენ არხეინად იყავი. მალე გახდებიან "თბილისელები"
გიგილო
11:23 10-09-2016
0
ყველაზე მაგარი ისაა, რომ არცერთი თბილისელი არ არის გუნდში- მისასალმებელია ნამდვილად!
ქართველი
12:27 08-09-2016
0

სიახლეები პოპულარული