შმაგი ბოლქვაძის ვერცხლი და ზურაბ დათუნაშვილის ბრინჯაო ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე"

AutoSharing Option
ბაქოში დასრულებულ ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირში ჩვენმა "ბერძენ-რომაელთა" სამკაციანმა გუნდმა ორი მედალი მოიპოვა - ვერცხლი და ბრინჯაო. ვიცე-ჩემპიონი ოლიმპიადის მედალოსანი შმაგი ბოლქვაძე (66) გახდა, მესამეზე კი ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75) გავიდა.

ბოლქვაძეს იქნებ უკეთესი შედეგიც ეჩვენებინა და მაქსიმუმისთვისაც მიეღწია, მაგრამ ამის საშუალება ტრავმამ არ მისცა - ნეკნი იტკინა და ფინალში კი გავიდა საჭიდაოდ რუს არტემ სურკოვთან, მაგრამ, ფაქტობრივად, ვერ ჭიდაობდა. აქედან გამომდინარე, სრულიად გასაგებია მისი წაგება - 1:4. არადა, პირველ შეხვედრაში ეგვიპტელი მოჰამედ იბრაჰიმ ელსაიედი
საკმაოდ იოლად და დამაჯერებლად დაჯაბნა - 6:2.

თავდაპირველად ჩვენებურმა ქულა მეტოქის პასიურობის გამო მიიღო, მერე წრიდან გაიყვანა და 2:0 დაწინაურდა. მეორე პერიოდში ჯერ წელში შესვლით დაბლა ჩაიყვანა, იქ კი თავს უკან გდებით საბოლოო წერტილი დაუსვა შეხვედრას. ამის შემდეგ ყაზახ ნურტაი ნურგალიევს 2:0 მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ასეთივე ანგარიშით აზერბაიჯანელ როვშან ტაგიევს აჯობა.

დათუნაშვილმა ტურნირი წმინდა მოგებით დაიწყო - ბოლო წუთისთვის ირანელ მოჰამადალი აბდოლჰამიდ გერაეის ისედაც 4:3 უგებდა. მეტოქე ვა-ბანკზე წავიდა და ზურგს უკან გდება დაუპირა, რაც ქართველმა დაუხურა და ბეჭებზე დააგდო, ეს კი "ტუშეს" და წმინდა მოგებას ნიშნავდა. მოძრავსა და დაუდგრომელ კორეელ ჯონ-გიუ იუნის 6:3 აჯობა. ჩვენებურმა ის ჩოქბჯენში იოლად ჩაიყვანა და "ჯვარიც" კარგად შეკრა, თუმცა პირდაპირ დატრიალების ნაცვლად აქაჩა და ისე მოინდომა გადაგდება, რაც, ცოტა არ იყოს, გაუჭირდა. საბოლოოდ გდება კი შეასრულა, მაგრამ არცთუ დახვეწილად, ორი ქულა კი ამოსვლაზე მოიპოვა. მოგვიანებით კიდევ ერთხელ ჩაიყვანა ჩოქბჯენში და საკუთარი მონაგარი ექვს ქულამდე გაზარდა.

ნახევარფინალში დათუნაშვილი სერბ ვიქტორ ნემესთან 0:4 დამარცხდა, ვისაც ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალში აჯობა. ამდენად, სერბმა მასთან რევანშის აღება მოახერხა, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი 2:1 დაჯაბნა მასპინძელი მეჰრაი კარიმოვი.

ბაქოში კიდევ ერთი ჩვენი ფალავანი, ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილიც (85) ჭიდაობდა, თუმცა ის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა დანიელ ეჩევარიასთან - 1:2 და მერე არც სანუგეშოში გადასვლის საშუალება აღარ მიეცა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული