მოჭიდავეთა სამჭედლო ბათუმში

AutoSharing Option
თამამად შეიძლება ითქვას, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე საჭიდაო დარბაზი ქართული ჭიდაობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. ალბათ, ჭიდაობის ნებისმიერი ქომაგი დამეთანხმება, რომ ბოლო წლებში აჭარის წარმომადგენელთა წვლილი სამივე ასაკის ნაკრებში განუზომლად გაიზარდა, განსაკუთრებით - ბერძნულ-რომაულში, რაც ამ ბაზის დამსახურებაა.

აქ ორი დარბაზია. უფრო მოზრდილში ბერძენ-რომაელები ვარჯიშობენ, რადგან მათთან კონტინგენტიც მეტია - 200-მდე ბავშვი ვარჯიშობს და სამი ლეიბი ეტევა, ”თავისუფლებთან” კი ორი ლეიბი იშლება და იქ დაახლოებით 100-120 მოზარდი ეუფლება ჭიდაობას. იმის მიუხედავად, რომ ფართი არც ისე დიდია, აქ სპორტის სხვა სახეობების სექციებიც
მუშაობს.

რეალობა და მიუწვდომელი ფუფუნება
ზემოხსენებული დარბაზის მნიშვნელობა არა მხოლოდ იქ აღზრდილთა სიმრავლით განისაზღვრება, არამედ იმითაც, რომ ხშირად უმასპინძლია საქართველოს ჩემპიონატებისთვის - უფროსებშიც და უმცროს ასაკობრივ ჯგუფებშიც, თუმცა, სამწუხაროდ, საერთაშორისო რანგის პირველხარისხოვანი ტურნირებისთვის მზად არაა. ჩვენი საზომებით, ის საკმაოდ კეთილმოწყობილია, ოღონდ საერთაშორისო სტანდარტებს კვლავაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

საბედნიეროდ, მოჭიდავეებს ცხელი შხაპი აღარ ენატრებათ, არც გასახდელში შესვლა დაგეზარება კაცს - იქაურობა საკმაოდ მოწესრიგებულია, დარბაზი ზამთარში თბება, ტრენაჟორებიც არის, მაგრამ თანამედროვე ბაზისთვის ისეთი აუცილებელი ატრიბუტი, როგორიცაა გამაჯანსაღებელი ცენტრი, აუზი, სამედიცინო და დოპინგის ოთახები თუ სხვა, ჯერაც წარმოუდგენელი ფუფუნებაა. თუმცა ეს არა მხოლოდ აქაურობის, ზოგადად ქართული სპორტის პრობლემაა - სამწუხაროდ, ჩვენთან სპორტული ბაზა გადახურულ შენობასთან ასოცირდება, ვინძლო სპორტსმენს თავზე არ აწვიმდეს და დანარჩენზე არ ფიქრობენ.

ცხადია, ასეთი მიდგომა საბოლოო ჯამში ვალის მოხდას ემსგავსება, თუმცა მოცემულ პირობებში ესეც დიდი მიღწევაა და იქაური მწვრთნელები - გელა ჯანელიძე, ლევან შავაძე, ჯემალ კილაძე თუ სხვები ყველაფერს აკეთებენ წარმატების მისაღწევად და მშვენივრად გამოსდით კიდეც. დარბაზს დიდი შეჯიბრებების სამასპინძლოდ არც ტრიბუნები უწყობს ხელს და არენაზე არც პრეს-ლოჟისა და პრეს-ცენტრის ადგილებია გათვალისწინებული.

იმეცადინე უფასოდ...
ეს საჭიდაო დარბაზი სასპორტო სკოლის კუთვნილებაა ანუ ბათუმის ადგილობრივ თვითმმართველობის ბალანსზეა. ჯგუფებში მეცადინეობა დღემდე უფასოა - ფასიან მომსახურებაზე გადასვლა არც მწვრთნელებს სურთ და არც სპორტსკოლის დირექტორს - მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ მუხრან ვახტანგაძეს.

ვინ ვინ და ვახტანგაძემ ძალიან კარგად იცის დამწყები მოჭიდავის პრობლემები და ისიც, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ დროს გაწვდილი დახმარების ხელი. ამიტომ ცდილობს, გამოძებნოს გზები უფასო ჯგუფების შესანარჩუნებლად, რასაც ბათუმის მერიის დახმარებით ახერხებს - ისინი იხდიან კომუნალურ თუ სხვა ხარჯებს, რაც საჭიროა დარბაზის შენახვისთვის. თუმცა შეგირდებისთვის ფულის გადახდის იდეა არც მწვრთნელებს ხიბლავთ. ბავშვების დიდი ნაწილი ისედაც სოფლებიდან დადის, ძლივს ახერხებენ დარბაზში მოსვლას და ფული როგორ გადავახდევინოთო, მითხრეს მწვრთნელებმა. თან დასძინეს, ჭიდაობაზე ისედაც ხელმოკლე ოჯახების შვილები დადიან, თორემ შეძლებულ ხალხს ჩოგბურთზე დაჰყავთ ბავშვებიო. ხშირად ისეც ხდება, რომ ფინანსურად მწვრთნელები იქით ეხმარებიან შეგირდებს.

გავიხსენოთ ცენტრის სიკეთე
ბათუმის საჭიდაო დარბაზი ერთგვარი შემკრები ცენტრია მთელი ავტონომიური რესპუბლიკისთვის - ბათუმის გარდა, ჭიდაობის დარბაზები რაიონულ ცენტრებშიც მოქმედებს (მათ შორის - მაღალმთიან ზონაშიც), რამდენიმე სოფელშიცაა, თუმცა ვინც კი ნიჭიერი გამოჩნდება, აქ გადმოჰყავთ, რადგან განვითარების უკეთესი პირობებია. თუმცა ეს უფრო სპარინგ-პარტნიორებს ეხება, თორემ ფინანსურად ოჯახებს მოშორებულ მოზარდებს ნამდვილად არ ულხინთ.

ერთადერთი საწუხარ-სათხოვარი, რაც ჩემთან საუბარში იქაურებმა აღნიშნეს - იქნებ ბათუმშიც გაიხსნას რაღაც ცენტრი (თანამედროვე ტერმინოლოგიით, ოლიმპიური მზადების ცენტრის ანალოგი), სადაც შესაძლებელი იქნება ამ ბავშვების განთავსება, კვება და ცხოვრება, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს მათ დაოსტატებას. ადრე ასეთი ტიპის სპორტსკოლა არა მხოლოდ ბათუმში, ხულოშიც არსებობდა, დღეს კი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ავტონომიის ტერიტორიაზე არსადაა. იქნებ ვინმემ თქვას, ეს ადგილობრივი ხელისუფლების გასაკეთებელიაო, მაგრამ, როცა რეგიონი მსგავს მასშტაბურ საქმეს ვერ ერევა, ცენტრიც თუ დაეხმარება, არაფერი დაშავდება. პირიქით - ამით საერთო საქმეს ძალიან დიდი ბიძგი მიეცემა და ბევრადაც წასწევენ წინ.

არადა, მსგავსი ცენტრის არსებობის საჭიროება ნამდვილად არის. როგორც გითხარით, ჭიდაობაში საკმაოდ ბევრი მოზარდია ჩაბმული, მათი დიდი ნაწილი კი ხულოს, შუახევის, ქედისა თუ ზღვისპირეთის სოფლებიდანაა. თან შედეგებიც რომ არ ჰქონდეთ, კიდევ არ გავამახვილებდით ყურადღებას. შიდა ტურნირებში, განსაკუთრებით - ასაკობრივ ნაკრებებში მედლების უმეტესობა მათზე მოდის და გუნდურ პირველობასაც ხშირად იგებენ. ევროპა-მსოფლიოზე მიდგება საქმე და იქაც მედლების დიდი წილი მათზე მოდის. ერთხელ ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე მხოლოდ იქაურებმა მოიპოვეს ჯილდოები და, რაც ყველაზე საინტერესოა, ოთხივე მედალოსანი ხულოს რაიონის ერთი სოფლიდან იყო - დიდაჭრიდან!

ასეთი წარმატებით იშვიათად დაიკვეხნის რომელიმე სოფელი, იქ კი იმდენად მომცრო დარბაზია, ორი ლეიბიც ვერ ეტევა. იმ დარბაზის პრობლემაც გასათვალისწინებელია - ალბათ, იქაური მოზარდები უფრო უკეთეს პირობებს იმსახურებენ, მაგრამ ამ ფაქტის მიღმა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემაც იმალება - ასეთი დარბაზი ყველგან რომ იყოს, სავსებით შესაძლებელია ყველამ მოგვცეს მედალოსანი, რაც ჭიდაობისთვის დიდი სამსახური იქნება.

ამას მწვრთნელებიც საშურად მიიჩნევენ, რადგან სოფლის პირობებში აღზრდილი, თავიდანვე მძიმე შრომას შეჩვეული, მაგრამ სუფთა ჰაერითა და საკვებით ნასაზრდოები ბავშვი აღნაგობით, სხეულის კონფიგურაციით განსხვავდება ქალაქელი თანატოლისგან. აქაც ბევრი შემთხვევა გაიხსენეს, როცა სოფლიდან ჩამოყვანილმა დაკუნთულმა ბიჭებმა რამდენიმე თვეში ჩამოართვეს ლიდერობა წლობით ნამზადებ ფალავნებს.

მოიგებ? მიიღე ფულადი ჯილდოც...
საბედნიეროდ, ჭიდაობისადმი ინტერესი აჭარაში კვლავაც დიდია, შედეგად კი დარბაზი დილიდან საღამომდე დატვირთულია. გელა ჯანელიძემ ამ ინტერესის მიზეზად ფინანსური მოტივი დაასახელა - აჭარის ხელისუფლება პრემიებით აჯილდოებს უკლებლივ ყველა მედალოსანს, ვინც კი თავს გამოიჩენს შინ თუ გარეთ. ამასთან, ნაკრებში წარმატებული მოჭიდავეები ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იღებენ ანაზღაურებას, რაც ბავშვებს სტიმულს აძლევს. ადგილობრივ ხელისუფლებას ანაზღაურების სისტემის მოწესრიგებისთვის თვითონ მწვრთნელებიც ემადლიერებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული