"საჭიდაოს" ხმა ხილის ბაღებში

AutoSharing Option
სოფელი ფცა და მისი დახურული "საჭიდაო" ქართული ჭიდაობის ქომაგებს ვერ იტევდა. ხილის ბაღებსა და სოფლის გზაჯვარედინს შორის მდებარე ამ შესანიშნავ სარბიელზე ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს, ფცის გამგებლის გიორგი ბერუაშვილის, აგრეთვე "პრივატბანკის" ქარელის ფილიალის ხელშეწყობით ქართული ჭიდაობის ტრადიციულ მემორიალურ ტურნირზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ზვიად და დურმიშხან ბერულაშვილების სახელები. მათი ხსოვნის ასპარეზობამ არაერთი ტიტულოვანი მოჭიდავე მოიზიდა.

შეჯიბრების სიმძაფრეს ისიც ზრდიდა, რომ დაწესებული იყო ფულადი ჯილდოები გამარჯვებულებისთვის.

ტურნირს შიდა ქართლის ადმინისტრაციის და ქარელის რაიონის თავკაცობაც ესწრებოდნენ.

მაყურებლებს ექვსი საათის განმავლობაში არ მოუცილებიათ
თვალი ამფითეატრის ტიპის საჭიდაოს ტრიბუნიდან მწვავე ორთაბრძოლებისთვის. გვიან ღამით, დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ნელ-ნელა აიშალნენ კმაყოფილი ქომაგები იმ იმედით, რომ მსგავსი ვნებათაღელვა და საჭიდაო მუსიკის ჰანგები კვლავ მალე აჟღერდება ფცის სარბიელზე.

შეჯიბრება ორ ნაწილად ჩატარდა.

პირველ ნაწილში ახალბედა ფალავნებმა იჯერეს გული ორთაბრძოლებით ნახერხიან წრეში. შემდეგ კი ასპარეზი შეიძლება ითქვას პროფესიონალებს დაეთმოთ.
ახალბედებში წონითი კატეგორიების მიხედვით პირველი ადგილები მოიპოვეს:დავით ჩაგელიშვილმა (38 კგ. ძლევიჯვარი), გიორგი დოღანაძემ (42, დირბი), გიორგი ზაკუტაშვილმა (46, ჭანდრები), გიორგი მარანელმა (50, გორი), გიორგი მეტრეველმა (55, ვაყა). გამოცდილ ფალავანთა შორის გამარჯვებულები არიან: ლაშა გიუნაშვილი (62, ძლევიჯვარი), გიორგი პაპუნაშვილი (72, გორი), ხვიჩა ხუციშვილი (82, ჭიათურა), თედო აბელაშვილი (92, უჯარმა) და პაატა ღვინიაშვილი (აბსოლუტური, რუისი).

მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა თედო აბელაშვილის კარგმა ჭიდაობამ და ფალავნურმა ქცევებმა.

ფცის მემორიალური შეჯიბრება კარგ მაგალითია საქართველოს სხვა რეგიონებისთვის. სხვათა შორის, შეჯიბრებას თვალს ადევნებდა ფცის საჭიდაოს ამშენებელი სიმონ ბერუაშვილიც.

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული