გაჭირვებამ ქუდით ჩამოვლა გაახსენა

AutoSharing Option
შარშან, სექტემბერში წყნეთში ქართული ჭიდაობის ახალი ღია მოედანი თვით ქალაქის მერმა გიგი უგულავამ გახსნა.

ამ სარბიელზე გამართული ფიცხელი ორთაბრძოლების ხილვით ხარობენ წყნეთელებიც და დამსვენებლებიც. ტურნირს ტურნირი მოსდევს და ქომაგებიც არ აკლია ნახერხმოყრილ საჭიდაოს.

მომავალი ტურნირისთვის პრიზები უნდა შევიძინოთო და, წყნეთელმა თამაზ ბერიაშვილმა ფულის შესაგროვებლად ძველებურად ქუდით ჩამოუარა საჭიდაო წრის გარშემო ჩამომსხდარ გულშემატკივრებს... ქუდში ახმაურდა ყვითელი და თეთრი ორმოცდაათთეთრიანები, ლარიანები, ხუთლარიანებიც გამოჩნდა აქა-იქ.

წყნეთელები პრიზების გარდა საჭიდაო ჩოხების ნაკლებობასაც უჩივიან. შველას კი ქართული ჭიდაობის ფედერაციისგან ელიან.
მუსიკოს-დამკვრელებისთვის ფული რომ არ ეყოთ,
გამოსავალი იოლად გამოძებნეს: `საჭიდაო~ მაგნიტოფონზე ჩაწერეს. საბანი როგორც გაგწვდება, ისე უნდა დაიფაროო, სწორედ ამაზეა ნათქვამი.

ამჯერად ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ პირველადგილოსნები: ნიკა წენგუაშვილი, გიორგი მამამთავრიშვილი, ზურაბ უგრეხელიძე, გიგა ბერიაშვილი და ლაშა ბექაური.

წყნეთელები სექტემბრისთვის დიდი ტურნირის გამართვასაც გეგმავენ. ოღონდ ასეთ შეჯიბრებას ქუდით აკრეფილი გროშებით რომ ვერ შეძლებენ, გამოსავალს სხვა გზებით მოძებნიან...

ვფიქრობთ, წყნეთის მსგავსი ღია საჭიდაო მოედანი არ აწყენდა დედაქალაქის სხვა უბნებსაც. დიდებულია ათეულობით მინიფეხბურთის მოედნი ჩვენს დედაქალაქში. ამას ყველა რაიონში თითო ღია საჭიდაო მოედანიც რომ შეემატოს, მეტად საჭირო საქმე გაკეთდება.
ქართული საჭიდაო ჰანგები ჩუღურეთში, სოლოლაკში, აბანოთუბანში, მახათაზე, ვეძისში, კალაუბანშიც უნდა აჟღერდეს...

გაბრიელ ბარჯაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული