ჭიდაობაში პროგრამა მინიმუმი 12 ოლიმპიური ლიცენზიაა

AutoSharing Option
სეოკ-ში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი, რაც გაკეთდა ეროვნულ ფედერაციებთან მჭიდრო ურთიერთობა, სისტემატიური შეხვედრები და სამომავლო გეგმების განხილვა იყო.

ეს კარგი ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა, რაც ოლიმპიადისთვის მზადებას უთუოდ სასიკეთოდ წაადგება. "ლონდონი 2012"-ის ოლიმპიურ ციკლში მომავალი წელი ყველა კომპონენტში მნიშვნელოვანია, ლიცენზიების უმეტესობა სწორედ გაისად განაწილდება.

ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პერიოდში სხვა საორგანიზაციო საკითხებიც საკმაოდაა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ამიტომ ყველაფერი ზედმიწევნით სკურპულოზურად უნდა გაკეთდეს.

სეოკ-ის ახალ ოფისში პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი მშვილდოსნობის, ბატუტზე ხტომის,
ფრენბურთის, ჭიდაობის, წყლის სახეობათა და ფარიკაობის ფედერაციათა ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს შეხვდნენ.

მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდეტმა მამუკა ქაცარავამ უმთავრესად ივნისში ამერიკაში დაგეგმილ ერთადერთ სალიცენზიო ტურნირზე ისაუბრა, სადაც ლიცენზიები მხოლოდ გუნდურ ასპარეზობაში ნაწილდება და იქაც საკმაოდ ძლიერ კონკურენტებთან მოგვიწევს პაექრობა.

ლონდონში მედლებისთვის მშვილდოსნობაში სულ 12 გუნდი იბრძოლებს, რომელთაგან 9 საგზური უკვე გათამაშებულია, დარჩენილი სამისთვის აშშ-ს, ესპანეთის, იაპონიის, პოლონეთისა და სხვა ძლიერი ქვეყნების წარმომადგენლებს უნდა შევებრძოლოთ. რაც შეეხება ინდივიდუალურს, შარშან იტალიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარი დიდი უსამართლობის გამო მხოლოდ ქრისტინე ესებუას იმედზე ვართ. ქაცარავას თქმით, არის შანსი ევროპის ჩემპიონატზე ვაჟებშიც ავიღოთ ერთი ლიცენზია.

ბატუტზე ხტომაში ახლახან ბირმინგემში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლუბა გოლოვინას უნებლიე შეცდომა რომ არა, ოლიმპიური საგზური დაბევებული ექნებოდა, ახლა კი მან 13 იანვარს გასამართ ოლიმპიურ ტესტზე უნდა იბრძოლოს, რისთვისაც 16 მონაწილიდან მინიმუმ 6 საუკეთესოში უნდა მოხვდეს. ნაკრების მწვრთნელის ზაურ სულაშვილის და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის რუსუდან ხოფერიას განმარტებით ლუბას ლიცენზიის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს.

პლიაჟის ფრენბურთში კვლავ ნატურალიზებული ბრაზილიელების გეორ-გიასა და საქა-რთველოს იმედად ვართ. ამისათვის მათ ოლიმპიადამდე დარჩენილ 7 სალიცენზიო ტურნირში უნდა მოაგროვონ სარეიტინგო ქულები.

წყალში მხტომელებს ლიცენზიის მოპოვების უკანასკნელი შანსი თებერვალში ექნებათ. ირაკლი ბართაიას განცხადებით ჭოლა ჭანტურია სტაბილურად ასპარეზობს, ფსიქოლოგიურადაც უკეთ არის მზად და თუ სასწაული არ მოხდა, საგზურს მოიპოვებს, შოთა კორახაშვილის შანსები კი შედარებით მცირეა. ცურვაში ორი კანდიდატი ირაკლი რევიშვილი და დავით ბოლქვაძე გამოიკვეთა, რომელბიც სალიცენზიო მარათონში ჩაებმებიან, თუმცა, სავარაუდოდ, ერთ საგზურს, ე.წ. "ველური ბარათს" მაინც მოგვცემენ.

ჭიდაობის სახეობებში სალიცენზიო შეჯიბრებები აპრილიდან იწყება და საგზურები ბულგარეთის, ჩინეთისა და ფინეთის ტურნირებზე განაწილდება. თავისუფალ ჭიდაობაში დღესდღეობით 4 ლიცენზია გვაქვს, ბერძნულ-რომაულში კი ამ ეტაპზე 1 საგზურის ამარა ვართ. ითქვა, რომ ორივე ჭიდაობაში პროგრამა მინიმუმი 12 ლიცენზიის მოპოვება უნდა იყოს, რაც გადაუჭრელ ამოცანას არ წარმოადგენს.

ფარიკაობაში მინიმუმ ერთი ლიცენზიის მოპოვება იგეგმება და რეიტინგით ამის საუკეთესო შანსი კახა მაღრაძეს აქვს.

გია ნაცვლიშვილის თქმით, სალიცენზიო ტურნირებზე ჩვენი სპორტსმენების ასპარეზობის უმთავრეს ნაწილს და შეჯიბრებისწინა საჭირო შეკრებებს სეოკ-ი დააფინანსებს.

კახა ბერიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული