ქართული ჭიდაობა. ერქვა ზონალური, გამოვიდა შიდა ქართლი

AutoSharing Option
ამ დღეებში ქარელმა ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული პირველობისთვის შესარჩევ ზონალურ შეჯიბრებას უმასპინძლა.

ასპარეზობაზე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდა მოჭიდავეები უნდა შეკრებილიყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის გუნდები იქ საასპარეოდ არ ჩავიდნენ. სამაგიეროდ თავისი გუნდები შიდა ქართლის ოთხივე რაიონმა (ხაშური, ქარელი, გორი, კასპი) წარადგინა.

შეჯიბრებას ესწრებოდნენ ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები უშანგი ყურაშვილი და სიმონ მაისურაძე, გენერალური მდივანი ვლადიმერ იაშვილი. ორგანიზაციულ მხარეზე ადგილობრივი რაიონული მუნიციპალიტეტის სპორტის კომიტეტმა იზრუნა, რომლის თავკაცი ეროვნული კატეგორიის არბიტრი გია ბერუაშვილია, რომელიც იმავდროულად შეჯიბრების მთავარი მსაჯი გახლდათ.

გორის და ქარელის გუნდებს სამ-სამი გამარჯვებული გაუხდათ, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ 90 კგ-ში ქარელელ ბესიკ ასანიძეს პირველი ადგილი უბრძოლველად ერგო, რადგან ამ წონაში სხვა მონაწილე არ ყოფილა. კვარცხლბეკზე სამივე სახეობის ჩოხიანი ჭიდაობის (ძიუდო, სამბო, ქართული) არაერთი ისეთი ფალავანი ავიდა, რომლებიც ახალგაზრდებში გადასვლამდე, ჭაბუკთა შორის საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზობების პრიზიორთა შორის გვინახავს.

კვარცხლბეკი
55 კგ. 1. რამაზ გუგულაშვილი (კასპი), 2. შალვა წაველიძე (გორი), 3. დათო შუბითიძე (ქარელი);
60 კგ. 1. ლაშა ჩადუნელი (ხაშური), 2. გიორგი გიუნაშვილი (გორი), 3. ალეკო მედოშვილი (ქარელი);
65 კგ. 1. ზაზა სიმონიშვილი (ქარელი), 2. გიგა ნოზაძე (ხაშური), 3. შოთა მედოშვილი (ქარელი);
70 კგ. 1. ანდრო ბერუაშვილი 2. ირაკლი ლომიძე (ორივე - გორი), 3. ამირან ლელაშვილი (კასპი);
75 კგ. 1. გიორგი კილასონია, 2. ლევან რომანიშვილი (ორივე - ქარელი), 3. ნიკა გუსოშვილი (გორი);
80 კგ. 1. ილია ოქროპირიძე (გორი), 2. ოქრო პაპუაშვილი (ხაშური), 3. დათო ყეინაშვილი (ქარელი);
90 კგ. 1. ბესიკ ასანიძე (ქარელი);
მძიმე. 1. გიგა გელაშვილი 2. უშანგი გასიტაშვილი (ორივე - გორი), 3. დათო ბურდული (კასპი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული