თავისუფალი ჭიდაობა. მსოფლიოს თასი: საქართველოს ნაკრები "სიკვდილის ჯგუფში"

AutoSharing Option
დღეს, 16 თებერვალს, ირანის ქალაქ ქერმანში მსოფლიოს თასის გათამაშება იწყება თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას: რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ნამყოფი გუნდიდან მხოლოდ ევროპის მესამეპრიზიორი იაკობ მაქარაშვილი (74) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი გენო პეტრიაშვილი (125) იჭიდავებენ, რვიდან სამ წონაში კი - 61, 65 და 98, გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძეს დებიუტანტები ეყოლება.

თუმცა ლიდერებზე საუბრისას ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამეპრიზიორი დავით მარსაგიშვილიც (86) უნდა ვახსენოთ, ვისაც ამჯერად კიდევ ერთი ტიტულოვანი ათლეტი, ოღონდ
ტრავმებითა და ოპერაციებით გაწამებული ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი დავით ხუციშვილი შეუწყვილდება.

ასეთი გადახალისებული შემადგენლობის მიზეზი საქართველოს ჩემპიონატია, რომელიც მარტის პირველივე კვირაში გაიმართება - ლიდერები იმ ტურნირისთვის ემზადებიან, რადგან ის ევროპის ჩემპიონატისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა და თან ხელფასიც ამის მიხედვით ენიშნებათ. ფინანსური ჯარიმების საფრთხე რომ არა, თასზე არც წავიდოდნენ, თუმცა ამ პირობებში იანტბელიძე აქცენტს უფრო გამოცდილებაზე, სატურნირო პრაქტიკის მიღებაზე აკეთებს და უფრო ისეთები შეარჩია, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა - ახალგაზრდები ან ხანგრძლივი პაუზის მქონენი, რომ ქვეყნის პირველობისთვის ცოტა ტონუსში მოიყვანოს.

მსოფლიოს თასზე მონაწილეებს მსოფლიოს ჩემპიონატის მიხედვით არჩევენ - რვა საუკეთესო გუნდს, თავად შეჯიბრება კი "გუნდი გუნდზე" პრინციპით ტარდება. ჩვენი ნაკრები "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა რუსეთთან, აზერბაიჯანთან და აშშ-სთან ერთად - დაგვეთანხმებით, ამ კამპანიაში ძირითადი ნაკრებითაც კი გაჭირდებოდა მთავარი ტროფეისთვის ბრძოლა... მით უფრო, აზერბაიჯანელები და ამერიკელები ძირითადი შემადგენლობებით ჩადიან.

წინასწარი მონაცემებით, რუსები ლიდერების გარეშე იჭიდავებენ, თუმცა მათ სათადარიგოებიც ისეთები ჰყავთ... მეორე ჯგუფში ირანი, თურქეთი, მონღოლეთი და ინდოეთი მოხვდნენ.

ქერმანში ჯგუფური ეტაპის პაექრობები დღეს ჩატარდება, ხვალ კი პლეი ოფში გასულები მედლებისთვის იჭიდავებენ. ჩვენები პირველ შეხვედრას ამერიკელებთან გამართავენ, რომელთაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ: მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჯორდან ბაროუზი (74), რიოს ოლიმპიადისა და მსოფლიოს ჩემპიონი კაილ სნაიდერი (97), მსოფლიოს ჩემპიონი ლოგან სტიბერი (61), მსოფლიოს პრიზიორი ჯეიმს გრინი (70) და სხვები.

სხვათა შორის, ამერიკელთა ირანში ჩასვლა ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იყო. მიზეზი აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულება იყო, რომლის მიხედვითაც 7 მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალათ ამერიკაში შესვლა, ამ ჩამონათვალში კი ირანიც მოხვდა. ვითარება სიეტლელი მოსამართლის გადაწყვეტილებამ განმუხტა, რომელმაც ვეტო დაადო ტრამპის ბრძანებას და ამერიკელებიც დროულად გაემგზავრნენ თეირანში, იქიდან კი ირანის ნაკრებთან და ირანული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, სახელოვან რასულ ხადემთან ერთად ქერმანში გადაფრინდნენ, სადაც მათ თურმე ყვავილებით და საჩუქრებით დახვდნენ.

უცხოური მედიის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ბაროუზი მოქცეულა, ვისაც ირანში მსოფლიოს თასზე ჯერ კიდევ წინა სტუმრობისას - 2013 წელს დაუმსახურებია ირანელთა დიდი სიყვარული.

საქართველოს ნაკრები
57 კგ. ბექა ბუჯიაშვილი, ოთარ გოგავა
61 კგ. შოთა ფარტენაძე, გიორგი რევაზიშვილი
65 კგ. ივერიკო ჯულაყიძე
70 კგ. კონსტანტინე ხაბალაშვილი, ლევან ქელეხსაშვილი
74 კგ. იაკობ მაქარაშვილი, ჯუმბერ ყველაშვილი
86 კგ. დავით მარსაგიშვილი, დავით ხუციშვილი
97 კგ. ზვიად მეტრეველი
125 კგ. გენო პეტრიაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული