მსოფლიოს თასი: ქერმანში დაკარგული თასი

AutoSharing Option
16 თებერვალს ირანულ ქერმანში დაიწყო მსოფლიოს თასის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში. ჩვენმა ნაკრებმა ორი შეხვედრა გამართა და ორივე წააგო: ამერიკელებთან - 1:7, აზერბაიჯანთან - 3:5. თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან გუნდი ირანში გადახალისებული შემადგენლობითაა წასული, ლიდერთა უმეტესობა საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება და გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე არც მალავდა, რომ შედეგზე უფრო მეტად აქცენტს ახალგაზრდების გამოცდაზე, სხვებისთვის კი სატურნირო პრაქტიკის მიცემაზე აკეთებდა.

ამდენად, ჩვენი ნაკრები მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა იმის მიუხედავად, რომ ქვეჯგუფში კიდევ დარჩა ერთი შეხვედრა, რომელსაც დღეს ჩაატარებს ასევე ლიდერთა გარეშე
მოჭიდავე რუსეთთან.

ამერიკული ალიყური
ჯგუფის პირველი შეხვედრა ჩვენებმა მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონებით გაძლიერებულ ამერიკელებთან ჩაატარეს და 1:7 დათმეს. მათთან მხოლოდ მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა იმარჯვა სულ ბოლო შეხვედრაში, სხვები კი უშანსოდ დამარცხდნენ. არადა, ამ ექვსი წაგებული პაექრობიდან ხუთს ვიგებდით!

ტონი რამოსთან (57) ოთარ გოგავა 1:0 დაწინაურდა, რადგან მეტოქეს 30-წუთიანი საჯარიმო ჩაურთეს, მაგრამ ჩვენებურმა კარგად დაიცვა თავი და ქულა არ დაანება - 1:0 გოგავას სასარგებლოდ. თუმცა ამის შემდეგ ამერიკელი გააქტიურდა და ხან დაბლა ჩაყვანით, ხანაც კი იქ დატრიალებებით 6:1 მოიგო.

ხმაურიანად დაიწყო 22 წლის შოთა ფარტენაძემაც (61), რადგან მსოფლიოს ჩემპიონ ლოგან სტიბერთან უკვე მე-15 წამზე დაწინაურდა: ამერიკელი ფეხში შესვლას ცდილობდა, მაგრამ ამან კარგად დაუხურა და კარგადაც მოიგდო ხელში, მიაწვა და იქით გადააგორა 2-ქულიანზე. ერთ წუთზე ოდნავ მეტ დროში ფარტენაძემ მონაგარს კიდევ ორი ქულა მიუმატა - კარგად შეუხტა ფეხში, აიყვანა და გადააგდო: 4:0.

სამწუხაროდ, ამხელა უპირატესობა ერთი პატარა უზუსტობით ზუსტად 15 წამში გაანიავა - პირველი პერიოდის დასრულებამდე ამდენი დრო რჩებოდა, როცა ქართველი მოძრაობაზე შეცდა და დაბლა ჩავარდნილს ამერიკელმა იოლად მოუარა ზურგიდან. ფარტენაძემ ბევრი კი იმოძრავა გასაქცევად, მაგრამ ვერ შეძლო და ანგარიშიც გათანაბრდა, თუმცა ამის შემდეგ სტიბერმა ჩოქბჯენში ჭიდაობის გაკვეთილი ჩაუტარა მთლიანად ჩვენს ნაკრებს - კი არ მოეშვა ფარტენაძეს, პირიქით, საიმედოდ შეეკრა და ზედიზედ სამჯერ დაატრიალა. აქედან ერთი სასტვენის შემდეგ იყო და არ ჩაუთვალეს, თუმცა 6:4 მაინც დაწინაურდა. არადა, როცა ფარტენაძემ გადაიყვანა ის ჩოქბჯენში, არც კი უჭიდავია დატრიალებებზე, მყისვე შეაჩერა შეტევა - სამწუხაროდ, დაბლა ჭიდაობა ჩვენთვის კვლავაც "აქილევსის ქუსლია".

სტიბერმა ერთი კარგი გაკვეთილი მეორე პერიოდშიც მოგვცა, როცა ქართველს პასიურობისთვის 30-წამიანი ჩაურთეს: ყველა წესით და ლოგიკით, ამ დროს ფარტენაძეს უნდა შეეტია, მაგრამ იმან დაასწრო ფეხში შესვლა და კინაღამ აიყვანა. ჩვენებურმა თავი წარმატებით კი დაიცვა, მაგრამ ამაში ძვირფასი დრო - 10 წამი დაკარგა, რაც კიდევ ერთ ქულად დაუჯდა და 4:7 დამარცხდა.

მთლიანობაში ფარტენაძე მაინც არაა ურიგო მოჭიდავე. გავიხსენოთ მსოფლიოს საკლუბო თასი, სადაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილსაც კი ტოლ-სწორად ეჭიდავა, მერე პარიზის ტურნირიც მოიგო, ახლა კი ბევრი არც ამ მეორე ტიტულოვან ფალავანს დაუთმო, ხოლო რაც დაუთმო, ისიც უფრო საკუთარი შეცდომებით. მას დასახვეწი აქვს ტაქტიკური ჭიდაობა, თავდაცვითი სტილი და ფიზიკურადაც ცოტა მეტი მომზადება ნამდვილად სჭირდება - ამ შემთხვევაში მისგან უდავოდ მაღალი დონის ფალავანს მივიღებთ.

გუნდის დებიუტანტი და ახალგაზრდულ ნაკრებში ახლახან გადმოსული ივერიკო ჯულაყიძე (65) ისე მაგრად დაუდგა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ბრინჯაოსთვის ნაჭიდავებ ფრენკ მოლინაროს, რომ მეტოქეს პასიურობისთვის 30-წამიანი ჩაურთეს. მოლინარო ერთხელ შორიდან კი შეუხტა ფეხში, მაგრამ ჯულაყიძემ მაშინაც და დარჩენილ დროშიც კარგად დაიცვა თავი და 1:0 დაწინაურდა.

ის მთელი ორწუთ-ნახევარი კარგად ასრულებდა მწვრთნელის მითითებებს - ეჭიდავებოდა ძალიან ახლოს, უბლოკავდა ხელებს და არ აძლევდა დისტანციიდან ჭიდაობის, ბევრი მოძრაობის საშუალებას, მაგრამ პერიოდის მიწურულს მაინც დაუშვა ერთი შეცდომა, რაც, სავარაუდოდ, გამოუცდელობას უნდა მივაწეროთ - სწორედ ასეთ ჩახურულ ჭიდაობაში მოლინარო დაბლა ჩაუხტა და ფეხიდან აიყვანა: 1:2.

მეორე პერიოდში ამერიკელმა ორჯერ მოახერხა იგივე, ორჯერაც კი ჩოქბჯენში გადაიყვანა და 10:1 მოიგო. ამ ოთხი ეპიზოდიდან სამში შეტევა ქართველმა წამოიწყო და ამერიკელმა კონტრშეტევით დაასრულა...

ლევან ქელეხსაშვილი (70) 2.23 წუთში წმინდად, 0:10 დამარცხდა მსოფლიოს პრიზიორ ჯეიმს გრინთან - ანგარიშიც მიუთითებს, რომ მას ვერაფერი დაუპირისპირა. გრინმა თავიდან ზედიზედ ორჯერ აიყვანა ფეხიდან, თუმცა მეორე გდებას თან ფეხებით ჯვარედინ მოვლებაზე კომბინაციაში ორი დატრიალებაც მიაყოლა და 8:0 დაწინაურდა, ბოლოს კი ისევ ფეხიდან აყვანით გადააგდო.

ჩვენი წაგებული ფალავნებიდან ამერიკელებთან ყველაზე ღირსეულად ევროპის მედალოსანი ჯუმბერ ყველაშვილი (74) გაისარჯა, ვინც მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ჯორდან ბაროუზს 2:2 ეჭიდავა და მხოლოდ ბოლო ქულის გამო დამარცხდა.

ბაროუზს დარბაზი "ჯორდი, ჯორდის" სკანდირებით შეხვდა, თუმცა ყველაშვილი ამას არ დაუფრთხია და პირველი პერიოდი 2:1 მოიგო. არადა, შეხვედრა ბაროუზის აქტიური შეტევით დაიწყო და ფეხშიც სწვდა ჩვენებურს, თუმცა ესეც მოხდენილად აუხტა და ფეხი გაითავისუფლა, იქვე შეტევა შეუტრიალა და წრიდან გაიყვანა: 1:0.

ცოტა ხანში ზუსტად იგივე განმეორდა: ყველაშვილმა ისევ ააცალა ფეხი ხელებიდან მეტოქეს, იქვე კი საპასუხოდ თვითონ აიყვანა ფეხიდან და ვერ გადააგდო, თუმცა წრიდან გაიყვანა. კაცმა რომ თქვას, ჩვენებური უფრო ამას ცდილობდა, ვიდრე - ჩოქბჯენში ჩაყვანას. მით უფრო, რომ ბაროუზიც გაშლილი ფეხით ედგა, ჩოქბჯენისგან კარგად იცავდა თავს. მესამე წუთის ბოლომდე ტაბლოზე ჩვენთვის დაუჯერებელი ანგარიში ეწერა - 2:0 ქართველის სასარგებლოდ, მაგრამ სირენამდე 1 წამით ადრე ბაროუზის მასირებულმა შეტევამ ის შედეგი გამოიღო, რომ ყველაშვილიც გავიდა წრიდან და ერთი ქულა მიიღო.

მეორე პერიოდი დაიწყო თუ არა, უკვე მე-17 წამზე ამერიკელმა ისევ გაიყვანა გარეთ ჩვენებური და ანგარიში 2:2 გახდა, თუმცა ეს ხელს მეტოქეს აძლევდა, რადგან ბოლო ქულა მან მოიპოვა. დარჩენილ დროშიც თავი დიდად არ მოუკლავს, თუმცა მეტ-ნაკლებად რეალური შანსი ორივეს ჰქონდა.

ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილი (86) დევიდ ტეილორთან 3:8 დამარცხდა, თუმცა თავიდან სწორედ მან მოახერხა კომბინაციური ჭიდაობით მეტოქის ჩოქბჯენში ჩაყვანა - 2:0. ცოტა ხანში ამერიკელი პასიურობისთვის 30-წამიანი საჯარიმო დროით დაისაჯა და მარსაგიშვილმა კარგი დაცვით მესამე ქულაც მიიღო: 3:0.

სამწუხაროდ, მეორე პერიოდი ჩვენმა ფალავანმა დიამეტრულად განსხვავებულად ჩაატარა - უფრო ანგარიშის შენარჩუნებაზე და დაცვაზე ჭიდაობდა, დაეტყო სუნთქვა-გამძლეობის პრობლემაც. თან, ეტყობა, კონცენტრაციაც უჭირდა, თორემ ორჯერ სასტვენისთანავე მეტოქე ისე იოლად შეუშვა ფეხში, აბსოლუტურად მოუმზადებელი დაუხვდა მის შემოტევას. თუმცა პირველად თავის დაცვა მაინც შეძლო ტეილორის ფეხის დაჭერით, მაგრამ მეორედ იანკმა მშვენიერ 4-ქულიანზე გადააგდო და საბოლოო ანგარიში - 8:3 ამით დააფიქსირა.

მარსაგიშვილი ფეხშიც იოლად უშვებდა, თუმცა ჩაჯდომით, ფეხის დაკავებით ან შეკვრით კი იცავდა თავს, მაგრამ ერთ მომენტში ეს ვერ შეძლო, ერთხელ კი პოზიციურად შეცდა და ამერიკელმა ჩოქბჯენში ჩააგდო. სამწუხაროდ, მას არ ეყო ძალა და არც ფსიქოლოგიური მდგრადობა, რომ ერთხელ მაინც შეეტია ჩვეულად და გარდატეხა შეეტანა შეხვედრაში. პირველ პერიოდში ერთხელ ფეხიდან აყვანილიც ვერ გადააგდო...

97-ში ზვიად მეტრეველი ამერიკელთა ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ კაილ სნაიდერთან იმთავითვე უშანსოდ ჩანდა და ვერც ვერაფერი დაუპირისპირა. ამერიკელს არც გასჭირვებია წმინდად მოგება: 4-ჯერ ფეხიდან აყვანილი გადააგდო, ერთხელ წრიდან გაიყვანა, ერთხელაც კი ჩოქბჯენში ჩააგდო და 11:0 მოიგო.

ამის შემდეგ უკვე პეტრიაშვილის ჯერი დადგა, ვინც 2.23 წუთში, იოლად და დაუძაბავად სუფთად მოუგო ზაკ რეის - 11:0.

ამ შეხვედრას იმით გამოვარჩევთ, რომ პეტრიაშვილმა ისევ გამოიყენა თავისი კოზირი, როცა ჩოქბჯენში ჩაყვანის მერე მეტოქე ფეხებით "ჯვარზე" დაიჭირა და ზედიზედ ოთხჯერ დაატრიალა. ამით წმინდა მოგებაც დაფიქსირდა (რეალურად, მან 13 ქულა გააკეთა, თუმცა 10:0-ზე რაკი შეხვედრა წყდება, 11 ქულა დაუფიქსირდა), თორემ კიდევ მიაყოლებდა იმდენ ტრიალს, რამდენიც დასჭირდებოდა.

შეხვედრის დასასრულს მან ჩვეული დიდსულოვნებაც გამოავლინა - რეის მოუბოდიშა, რომ ჭიდაობისას უნებლიეთ ხელი ატკინა.

მცირე შანსი აზერბაიჯანთან
აზერბაიჯანი ოლიმპიური ჩემპიონებით და უძლიერესი გუნდით ჩავიდა ქერმანში, მაგრამ მათთან გაცილებით მეტი შანსი გვქონდა, თუმცა მაინც წავაგეთ: 3:5. აქ ჩვენგან გოგავამ, პეტრიაშვილმა და მარსაგიშვილის ნაცვლად მოჭიდავე ევროპის ვიცე-ჩემპიონმა დავით ხუციშვილმა (86) გაიმარჯვეს.

ვფიქრობთ, ყველაზე უფრო ნიშანდობლივი სწორედ ხუციშვილის გამარჯვებაა, რადგან ოპერაცია-ტრავმებით გამოწვეული რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ახალ წონაში დაუბრუნდა სპორტს, მეტოქედ კი ოლიმპიური ჩემპიონი შარიფ შარიფოვი ჰყავდა. შეხვედრის ბოლომდე 0:2 აგებდა, როცა ორჯერ წრიდან გასვლისთვის დაკარგა ქულები, მაგრამ ზედ ბოლო წამზე დგომში, იღლიებიდან შეტანილი ხელებით ისე ასწია შარიფოვი და ისეთი გდება შეასრულა, თქვენი მოწონებული!

მართალია, გდება მთლად თავს უკან ვერ გამოუვიდა და მსაჯებსაც საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად ვიდეოგამეორება დასჭირდათ, მაგრამ გამარჯვება კი მოუტანა.

ეტყობა, მას საბოლოოდ მოურჩა ის პრობლემური მხარი და ფიზიკურადაც კარგ ჯანზეა, რადგან ეს მთლიანად ძალისმიერი ილეთი იყო, რასაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გააკეთებდა.

იყოჩაღა გოგავამაც - მაჰირ ამირასლანოვს 0:5 ამოუქაჩა და 5:5-ზე ბოლო ქულის წესით მოიგო. პეტრიაშვილმა მსოფლიოს ფინალისტ ჯამალედდინ მაგომედოვთანაც დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა - 11:7, თუმცა ის ქულებიც ბოლოს დაკარგა, ტაქტიკური მოსაზრებით, თორემ ყოველმხრივ აღემატებოდა აზერბაიჯანელთა დაღესტნელს.

წაგებულთაგან ევროპის ფინალისტი კონსტანტინე ხაბალაშვილი (70) შეგეცოდებოდათ დავიდ სუინუჩხანოვთან მარცხისთვის - 5:7. აქ ბოლო წამებზე ჩვენებურმა გდება დაუხურა მას, კარგადაც ამოვიდა და იქით გადაიყვანა ჩოქბჯენში. მსაჯები ჯერ საერთოდ არ ცვლიდნენ შედეგს - 4:2 მეტოქის სასარგებლოდ, მაგრამ მერე 3 ქულა ხაბალაშვილს მისცეს და ტაბლოზეც 5:4 დაწერეს, თუმცა აზერბაიჯანელთა პროტესტის შემდეგ სუინუჩხანოვსაც ჩაუთვალეს ერთი გდება...

ჩვენი დანარჩენი ფალავნებიდან გიორგი რევაზიშვილი (61) 2:12 დამარცხდა ალი რახიმზადესთან, ჯულაყიძემ 0:10 წააგო ევროპის ორგზის და ოლიმპიურ პრიზიორ ჰასან ალიევთან, ყველაშვილი 0:5 - ოლიმპიურ პრიზიორ ჯაბრაილ ჰასანოვთან, მეტრეველმა კი 0:10 დათმო ასლან ალბოროვთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული