დღეს, 6 მარტს, სპორტის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი გუნდი უნდა გამოავლინოს.
შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამის უფლებას ქვეყნის ჩემპიონები იღებენ, კონტინენტის პირველობას კი 2-7 მაისს სერბეთის ქალაქი ნოვი სადი უმასპინძლებს.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ჩემპიონატში ქვეყნის ყველა უძლიერესი "თავისუფალი" მოჭიდავე მიიღებს მონაწილეობას: ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვინც ამჯერად 61 კილოგრამში იასპარეზებს; ევროპის ჩემპიონები, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსნები - დავით მარსაგიშვილი (86) და გენო პეტრიაშვილი
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ტურნირში გამოსვლისგან მხოლოდ 23-წლიანთა ნაკრების ის წევრები გაათავისუფლა, რომლებმაც მარტი-აპრილის გასაყარზე უნგრულ სომბათჰეიში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატში უნდა იასპარეზონ, თუმცა არც ერთი მათგანი არაა თავისი წონის პირველი ნომერი.
ჩემპიონატი ხვალ დასრულდება, შეჯიბრებები კი ორივე დღეს 10 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი - 17 საათზე.
დღეს 57, 65, 74 და 97 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, ხვალ კი ხალიჩაზე 61, 70, 86 და 125-ის ფალავნები გავლენ. ერთი სიტყვით, მონაწილეთა შემადგენლობებიდან გამომდინარე, ქომაგს უფრო საინტერესო საშეჯიბრო დღე ხვალ ელოდება. სპორტის ოლიმპიურ სასახლეში დასწრება თავისუფალია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"