ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ორი ბრინჯაო ყულაბაში [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: ელიზბარ ოდიკაძე და ზურაბ იაკობიშვილი მწვრთნელებთან და ექიმებთან ერთად
სერბეთში მიმდინარე ევროპის პირველობის მეორე დღე ჩვენთვის, პირველთან შედარებით, ბევრად წარმატებული აღმოჩნდა - ჩვენი ორივე მონაწილე ნახევარფინალში გავიდა და საბოლოოდ ორივემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონის, თბილისელ ელიზბარ ოდიკაძისთვის (97) ეს ანალოგიური სინჯის მეორე ევროპული ჯილდოა, ყვარლელმა ზურაბ იაკობიშვილმა (65) კი პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე პირველი მედალი მოიპოვა.

- ევროპის ჩემპიონატი. I დღე: დავით მარსაგიშვილის საბედისწერო შვიდი წამი

ცხადია, ძალიან კარგია, რომ ყულაბა გავხსენით და უმედლოდ არ დავრჩით, თუმცა დასანანია ოდიკაძის
ნახევარფინალური მარცხი თურქ ილდირიმთან - ჩვენებურს გაცილებით მეტი შეუძლია. ვგონებთ, მან ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლო, თორემ იქამდე მშვენივრად გამოიყურებოდა - ტაქტიკურადაც სწორად მიჰყავდა შეხვედრები, ძალასაც ზოგავდა, ილეთებსაც აკეთებდა და რაც მთავარია, სამივე შეხვედრაში მყარად ეპყრა ინიციატივა, თვითონ წარმართავდა ორთაბრძოლების მიმდინარეობას.

პირველ შეხვედრაში ამ კარგად მომართულ "მანქანას" გერმანელი გეორგ გაბრიელ სერეგელი ემსხვერპლა - 4:1, მერვედფინალში კი მისი ბედი მოლდოველმა ნიკოლაი ცებანმაც გაიზიარა: 4:3. გერმანელთან ჩვენებური 0:1 ჩამორჩა, მაგრამ ძალიან მშვიდად დაწინაურდა - ჯერ ფეხიდან აყვანით დაბლა ჩააგდო, იქ კი დაატრიალა: 4:1. ამის შემდეგ შეტევის ინიციატივა არც გამოუჩენია, მაგრამ მეტოქესაც არავითარი შანსი არ მისცა.

ოდიკაძე ცებანთან სულაც 0:3 ჩამორჩა, როცა პასიურობისთვის 30-წამიანიც კი ჩაურთეს, მაგრამ ამან გამოაფხიზლა და "ბრჭყალებიც" გამოაჩინა: პირველივე პერიოდში კარგად შეუხტა ფეხში და ჩოქბჯენშიც გადაიყვანა, დაატრიალა კიდეც ისევ ფეხიდან ჯვარედინ მოვლებაზე, თუმცა პერიოდიც დასრულდა და მხოლოდ 2 ქულა ჩაეთვალა: 2:3. მეორე პერიოდში მოლდოველს სისხლიც წასკდა ცხვირიდან, ექიმიც გამოიძახა და დროის გაწელვას ყველანაირად შეეცადა, მაგრამ ოდიკაძემ ერთხელ მაინც მოიგდო ჯვარედინ მოვლებაზე, მერე კი ფეხითაც ლამაზად ამოჰკრა და ილეთზე გადააგდო: 4:3. ოდიკაძემ ტაქტიკური ჭიდაობით ეს შეხვედრაც მშვიდად მიიყვანა მოგებამდე.

მეოთხედფინალში ქართველს შედარებით ძლიერი მეტოქე ელოდა - აზერბაიჯანელი ასლანბეკ ალბოროვი, თუმცა მასაც დამაჯერებლად აჯობა: 4:1. ჩვენებურმა ქულა პირველივე წუთზე მოიპოვა, მერე კი ალბოროვმა ფეხებიდან ჯვარედინ მოვლებაზე დაუპირა დატრიალება, ანუ მისივე ილეთით მოუნდომა ქულის აღება, მაგრამ ოდიკაძემ არათუ თავი დაიცვა, ამოუტრიალდა და ზუსტად ფეხების დაფიქსირებით იქით გადაიყვანა ჩოქბჯენში: 4:0. მოგვიანებით ერთი ქულა კი დაკარგა, მაგრამ ესეც უფრო ტაქტიკურ სვლას ჰგავდა და თან არაფერს აღარ ცვლიდა.

ნახევარფინალში მისი მეტოქე თურქი რიზა ილდირიმი იყო, ვისთანაც 2:8 დათმო. როგორც ზემოთ გითხარით, ეს უფრო ფსიქოლოგიური დატვირთვის ბრალი გვგონია, თუმცა ილდირიმი მერე ჩემპიონიც გახდა. ის შეხვედრა ფალავანთა წაკინკლავებით დასრულდა და მწვრთნელებმა ძლივს დაამშვიდეს ოდიკაძე, თორემ ვინძლო, დისკვალიფიკაციაც მიეღო და ის ბრინჯაოც დაგვეკარგა.

დამამშვიდებლის ფინალში ქართველმა 5 წუთზე ოდნავ ნაკლებ დროში ისევ ფეხში შესვლებით და ფეხიდან აყვანით გაანადგურა დაღესტნური წარმოშობის მაკედონიელი მაგომედგაჯი ნუროვი: 10:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იაკობიშვილს უფრო მეტად არ გაუმართლა წილისყრამ, რადგან ნახევარფინალში ლამის გადაულახავი ბარიერი ელოდა - რუსთა მომავალი ჩემპიონი და მართლაც ჩინებულად მოჭიდავე ილიას ბეკბულატოვი. ჩვენებური მასთან სუფთად დამარცხდა: 0:10, მანამდე კი მართლაც დამაჯერებლად იასპარეზა.

დასაწყისში თავად ასევე სუფთად დაჯაბნა სერბი პერიცა დიმიტრიევიჩი - 10:0, მერვედფინალში კი გერმანელ ალექსანდრ სემისოროვს 4:2 მოუგო. თუმცა აქ თავიდან 0;2 ჩამორჩა, მაგრამ მალევე კარგად აიყვანა და გადააგდო: 2:2, მეორე პერიოდში კი მონაგარს კიდევ ორი ქულა დაუმატა. მომდევნო წრეში თურქი მუსტაფა კაია გაანადგურა - 11:0, თუმცა თავიდან პასიურობისთვის მას ჩაურთეს 30-წამიანი.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში იაკობიშვილმა აზერბაიჯანელი გიტინომაგომედ გაჯიევიც დამაჯერებლად, 9:4 დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში. კვარცხლბეკი
ვაჟები
65 კგ.
1. ილიას ბეკბულატოვი (რუსეთი); 2. ბორისლავ ნოვაცკოვი (ბულგარეთი); 3. ზურაბ იაკობიშვილი (საქართველო), დავიდ ჰაბატი (სლოვენია).

97 კგ.
1. რიზა ილდირიმი (თურქეთი); 2. ანზორ ბოლტუკაევი (რუსეთი); 3. ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო), ალექსანდრ ჰუშტინი (ბელორუსი).

ქალები
53 კგ.
1. ვანესა კალადძინსკაია (ბელორუსი); 2. ნატალია მალიშევა (რუსეთი); 3. ნინა ჰემერი (გერმანია), მარია პრევოლარაკი (საბერძნეთი).

60 კგ.
1. ლიუბოვ ოვჩაროვა (რუსეთი); 2. ანასტასია გრიგორიევა (ლატვია); 3. მალინ იოჰანა მატსონი (შვედეთი), ტატიანა ომელჩენკო (აზერბაიჯანი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული