- კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ძველი ტურნირის ახალი სიცოცხლე
რა მოეწონათ და რითი დარჩნენ უკმაყოფილონი, ვის გამოარჩევდნენ შეგირდებიდან და რა გრაფიკით მოემზადებიან მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, ამაზე ტურნირის დასრულების შემდეგ კომენტარები ვთხოვეთ ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძეს.
- რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ეს ტურნირი
ჩვენს გუნდს რაც შეეხება, გვაქვს სიახლეები, რაც მომავალში აუცილებლად დამუშავდება, გადაიხედება და ისევ დავაკვირდებით მათ. ევროპის ჩემპიონატზე ზოგიერთ წონაში ჩამოსაყალიბებელი ვიყავით, სამომავლოდ კი ამ შეჯიბრების შედეგებიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელებთ.
ერთ კვირაში შეკრებას დავიწყებთ ისევ სომხურ წახკაძორში, რადგან საქართველოში სათანადო ბაზა, ინფრასტრუქტურა არ გვაქვს იმ დონეზე მოსამზადებლად, რაც ჩვენ დაგვაკმაყოფილებს. ამიტომ 18-ში დავიწყებთ შეკრებას სომხეთში და 30-მდე იქ გავმართავთ ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას.
ამის შემდეგ ჩამოვალთ საქართველოში და სპორტსმენები თავიანთ მწვრთნელებთან გაივლიან 5-დღიან ვარჯიშებს, შემდეგ კი გავემგზავრებით პოლონეთში საერთაშორისო ტურნირში. ისიც ერთ-ერთი შესარჩევი შეჯიბრება იქნება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის და გაირკვევა, თუ ვინ მიიღებს იქ მონაწილეობას. ცხადია, ვინც ახლა, ბალავაძის ტურნირზე ჩემპიონი გახდა, მას დიდი უპირატესობაც აქვს, მაგრამ ეს გარანტია არაა, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
მე ყოველთვის ვიმეორებ, რომ გუნდში გარანტია არავის არა აქვს, ვიდრე შემადგენლობა ოფიციალურად არ დასახელდება, მანამდე კი ყველამ ბოლომდე უნდა ივარჯიშოს, რათა მეორე-მესამე ნომერმა გადაასწროს პირველ ნომერს, ლიდერი კი ეცადოს, არავინ არ დაეწიოს.
ადგილი დაბევებული აქვს მხოლოდ ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის იმ ოთხ მედალოსანს - იქ კარგი ჭიდაობით და მაქსიმუმის გამოვლენით მათ დაამტკიცეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზეც შეუძლიათ მედლისთვის ბრძოლა და ამიტომ გავათავისუფლეთ ამ ტურნირისგან.
პოლონეთის ტურნირის პარალელურად, ბაქოში "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ტურნირი ტარდება, სადაც მონაწილეობა კვოტირებულია - ევროპის მედალოსნებს იწვევენ, მაგრამ ჯერ არ გადაგვიწყვეტია, ვინ წავა იქ, ამას მზადების ეტაპზე გავარკვევთ, ვის დასჭირდება შეჯიბრება.
ბალავაძის სახელობის ტურნირზე ბევრმა იჭიდავა კარგად. მაგალითად, ბექა ლომთაძემ 57-ში იდეალურად ჩაატარა თავისი შეხვედრები. ასევე 74-ში ჯაბა ყველაშვილი გამოვიდა ჩინებულად - რაც მოსაგები იყო, ყველა მოიგო.
გენო პეტრიაშვილი ასაკით მძიმე წონისთვის ჯერ კიდევ პატარაა. მას კი ვურჩევდით დასვენებას, მაგრამ თვითონ მოიწადინა ჭიდაობა. ის მონდომებული ბიჭია, დიდი გეგმები აქვს დასახული და შეუძლია დიდი წარმატებების მიღწევა. არც თავს ზოგავს საამისოდ. ვინც ამ ტურნირზე მის ჭიდაობას უყურა, ნახავდა, რომ იდეალურად იასპარეზა და ჩინებულად გამოვიდა. მოსაგებად გადიოდა ლეიბზე, თვალებში სხვანაირი ნაპერწკალი ჰქონდა. ძალიან კარგი განწყობით გადიოდა საჭიდაოდ - იყო აგრესიაც, ჟინიც, რაც საჭიროა ჭიდაობაში. მან დაამტკიცა, რომ ყოველდღე იზრდება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ჩვენი ქომაგი, ჩვენი ქვეყანა გაახაროს.
სხვებმაც იჭიდავეს კარგად, მაგრამ სრულიად ახალი და უცხო კადრები არ ყოფილა, ყველას კარგად ვიცნობთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"