პოლონეთის ტურნირი: გამოცდა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ

AutoSharing Option
დღეს, 7 ივლისს, ვარშავაში მოჭიდავეთა ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური საერთაშორისო ტურნირი იწყება სამივე საჭიდაო დისციპლინაში - "ციოლკოვსკის, პეტლიასინსკის მემორიალი და პოლონეთის თასი". ამათგან პირველი ორი ვაჟებში ტარდება და ჩვენ ორივეგან გვეყოლება მონაწილენი, მესამე კი ქალთა შეჯიბრებაა და იქ არ გამოვალთ.

ეს ტურნირი შესარჩევი ეტაპია მსოფლიოს ჩემპიონატის წინ - ვინ საკადრო კონკურენციის გადასაჭრელად იყენებს, ვინ - სატურნირო პრაქტიკის მისაღებად და ამიტომაა, რომ ყოველწლიურად სოლიდური შემადგენლობა იკრიბება, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების თავკაცობით.

გამონაკლისი
არც წლევანდელი შეჯიბრება უნდა იყოს, თუმცა ჩვენი გუნდები მთლად ოპტიმალური შემადგენლობებით არ გამოვლენ, რადგან მწვრთნელებმა დაასვენეს ზოგიერთი ლიდერი. თან ბევრ ფავორიტს წონას არ აკლებინებენ და ზედა წონაში აჭიდავებენ, რის გამოც ზოგიერთ წონაში საერთოდ არ გვეყოლება მონაწილე.

მაგალითად, "თავისუფლებს" ციოლკოვსკის მემორიალზე დააკლდებათ მძიმეწონოსანი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი გენო პეტრიაშვილი, სხვები კი იასპარეზებენ. მათ შორის, ევროპის სამგზის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და ევროპის წლევანდელი პირველობის ორი მესამეპრიზიორი - ზურაბ იაკობიშვილი (70) და ელიზბარ ოდიკაძე (97), თუმცა იაკობიშვილი ზედა წონაში გამოვა.

გიორგი იანტბელიძის გუნდში 65 კილოგრამი ამჯერად ღიაა - არავინ გვეყოლება. სამაგიეროდ, გუნდში სხვაც ბევრი ჰყავს ტიტულოვანი: ევროპული თამაშების ფინალისტი ბექა ლომთაძე (57), ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ჯუმბერ ყველაშვილი (86) და სხვა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისთვის ეს ტურნირი ძირითადად სასტარტოა - საკადრო დილემა მათ ნაკლებად ექნებათ გადასაწყვეტი, რადგან რვა წონიდან ოთხში ევროპის წლევანდელ მედალოსნებს უკვე დაბევებული აქვთ ადგილები.

"ბერძენ-რომაელებში" ბექა როყვამ და ვლადიმერ გეგეშიძემ ცოტა უფრო ფართო მიზნები დაისახეს: საკადრო-შესარჩევი მათთვისაც ნაკლებად იქნება, რადგან უმეტეს წონებში ასევე გარკვეულია ლიდერთა ვინაობა, ისინიც ძირითადად სატურნირო პრაქტიკით იფარგლებიან, მაგრამ ეროვნულის წევრებთან ერთად 23-წლიანთა ნაკრების რამდენიმე ლიდერიც მიჰყავთ, რომლებიც თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ლიდერთა ნაწილი აქაც ზედა წონაში იასპარეზებს.

აღსანიშნავია ოლიმპიური და ევროპის მესამეპრიზიორ შმაგი ბოლქვაძის დაბრუნება, რომელსაც ოლიმპიადის შემდეგ ტრავმებისა და ოპერაციის გამო აქამდე არ უჭიდავია, ივნისში კი კარტოზიას მემორიალზე გამოვიდა და მოიგო კიდეც.

ოპერაცის შემდეგ უცხოეთში ის პირველად იასპარეზებს, ოღონდ - ზედა წონაში. ამჯერად გუნდთან ერთად ევროპის ორგზის და მოქმედი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (80), ვინც ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც სამკურნალოდ და გამოკვლევებზე იყო წასული, ინდივიდუალურად ემზადება.

ეს გუნდი ერთბაშად ორ წონას გამოტოვებს, ყველაზე მსუბუქ წონებს - 59-სა და 66-ს. 59-ში უფროსებში საქართველოს ჩემპიონი, ხულოელი ლერი აბულაძე წინა შაბათს ახალგაზრდებში გახდა ევროპის ჩემპიონი და მოსამზადებელ პერიოდში მთავარ გუნდს ჩამოშორებული იყო, მის შემცვლელად შეგულებულმა დავით ჩხარტიშვილმა კი ტრავმა მიიღო და ამიტომ გამოაკლდა გუნდს.

66-ში ევროპის წლევანდელ მესამეპრიზიორ გოგა გოგიბერაშვილს წონას არ აკლებინებენ და 71-ში აჭიდავებენ.

ეროვნული გუნდის წევრთაგან გოგიბერაშვილი ერთადერთია, ვინც ზედა წონაში გამოვა, თორემ ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გელა ბოლქვაძეც ზედა წონაშია - 80-ში, მაგრამ ის არაა ეროვნულის წევრი, რამაზ ზოიძესა (71) და მინდია წულუკიძესთან (75) ერთად 23-იანთა მსოფლიოსთვის ემზადება.

თავდაპირველად მწვრთნელები ნიკოლოზ კელასოვსაც ამგვარ შეღავათს უპირებდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც თავის წონაში, 80-ში დააყენეს. ვარშავაში გამოვა ევროპის მესამეპრიზიორი მძიმე წონაში ლევან არაბულიც, რაც დიდი ალბათობით, იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოზეც მას ვიხილავთ.

თუ ეს ვარაუდი გამართლდა, მაშინ იაკობ ქაჯაიას და ზვიად პატარიძეს ამ ეტაპზე მასთან კონკურენციაში ვერ ვიხილავთ. იმედია, არაბული ევროპაზე ნაჩვენებ ჭიდაობის მაღალ ხარისხს მსოფლიოსთვის კიდევ უფრო გააძლიერებს.

"თავისუფლები" ციოლკოვსკის მემორიალში გამოვლენ, "ბერძენ-რომაელები" - პეტლიასინსკის. შეჯიბრება დღეს დაიწყება და "ბერძენ-რომაელთაგან" 59, 75 და 130-ის, ხოლო "თავისუფალთაგან" 61, 74 კილოგრამების წარმომადგენლები იჭიდავებენ. 8 ივლისს, შესაბამისად, 71, 80, 98 და 57, 86 და 125-ის ათლეტები იასპარეზებენ, ზეგ კი "თავისუფალთაგან" 65, 70 და 97-ის, ხოლო "ბერძენ-რომაელთაგან" 66 და 85-ის ფალავანთა ჯერია.

თავისუფალი ჭიდაობა
57 კგ. ბექა ბუჯიაშვილი (გორი)
61 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი), ბექა ლომთაძე (ქუთაისი).
70 კგ. ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი), დავით ტლაშაძე (გორი).
74 კგ. ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო), ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
86 კგ. დავით ხუციშვილი (საგარეჯო), ირაკლი მწითური (თბილისი), ჯუმბერ ყველაშვილი (გორი).
97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი), მამუკა კორძაია (აჭარა).
125 კგ. გიორგი მეშვილდიშვილი (ონი).

ბერძნულ-რომაული ნაკრები
71 კგ. შმაგი ბოლქვაძე, რამაზ ზოიძე (ორივე - აჭარა), გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია).
75 კგ. მინდია წულუკიძე (აჭარა)
80 კგ. გელა ბოლქვაძე, ნიკოლოზ კელასოვი (ორივე - აჭარა).
85 კგ. რობერტ კობლიაშვილი (თბილისი).
98 კგ. კუკური კირცხალია (თბილისი).
130 კგ. ლევან არაბული (მცხეთა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული