ისტორიული შედეგი გვანცა კარელიძისგან - ეს გოგო კარგად ჭიდაობს!

AutoSharing Option
გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, გვანცა კარელიძემ (38 კგ) ამას წინათ ანტალიაში გამართულ კადეტთა საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შედეგი ისტორიულია, რადგან ჭიდაობაში ქართველ გოგონებს აქამდე არასოდეს დაუმსახურებიათ მედალი საერთაშორისო ასპარეზზე.

საქართველოში პირველად, გორის ჭიდაობის დარბაზში ვარჯიში გოგონებმა დაახლოებით ხუთი წლის წინათ, დავით პოღოსიანის ხელმძღვანელობით დაიწყეს.

ძალიან ნელა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ მათი რაოდენობა გაიზარდა. მერე ქალთა ნაკრების შექმნაც მოხერხდა და, მართალია, მონაწილეთა მცირე რაოდენობით, მაგრამ საქართველოს პირველობებზე მათაც დაიწყეს ასპარეზობა.

დათო პოღოსიანს წლეულს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვაჟთა ნაკრებში ერთ-ერთ მწვრთნელად
გადასვლის მერეც არ მიუტოვებია ქალთა გუნდი, თუმცა ამჯერად უფრო კურატორის ფუნქციას ასრულებს და ამჟამინდელ მწვრთნელებს, აჩიკო ბარამიძეს და ოთარ ტლაშაძეს უდგას გვერდში.

ანტალიის შეჯიბრებაზე საქართველოს კადეტთა ნაკრების რიგებში, ვაჟებთან ერთად, გვანცა კარელიძე და ანი ნაზარაშვილი (49 კგ) იყვნენ.

ამ უკანასკნელმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო. გვანცამ კი ორ თურქ მეტოქეს სძლია, აზერბაიჯანელთან თავად დამარცხდა და საბოლოოდ ვერცხლის მედალი ირგუნა.

"ძალიან გახარებული ვარ ამ მედლის მოპოვებით და, ცხადია, უპირველესად იმით, რომ ეს პირველმა მე შევძელი.

საქართველოში ქალთა ჭიდაობა ამ ეტაპზე ნაკლებადაა განვითარებული, ჯერჯერობით ცოტანი ვვარჯიშობთ, მაგრამ ეს დროებითი პრობლემა მგონია.

ანტ
ალიის შეჯიბრებაზე სხვების გამოსვლასაც ვაკვირდებოდი და ვნახე, რომ ქართველებს საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს.

განსაკუთრებით, ტექნიკით ვართ სხვებზე წინ. ილეთებიც მეტი ვიცით და მათი უკეთ შესრულებაც შეგვიძლია.

ჭიდაობაში თავიდან ჩემი დის მიბაძვით მოვედი და ახლა თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ უამისოდ ცხოვრება ვეღარც კი წარმომიდგენია"
- გვითხრა გვანცა კარელიძემ.

"სექცია რამდენჯერმე დაშლის საფრთხის წინაშე იდგა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა მის შესანარჩუნებლად. კარელიძის პირველი მედალი ჩემთვის და ყველასთვის დიდი სტიმულია.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენ ისეთი დაფინანსება არა გვაქვს, რომ შეჯიბრებებზე ხშირად გამოვიდეთ. ვიმედოვნებ, დაფინანსება საგაისო ბიუჯეტში მაინც აისახება.

ამჯერად კი ანტ
ალიაში ვაჟთა ნაკრებთან ერთად გოგონების გამგზავრება ლუკა კურტანიძის მხარდაჭერით მოხერხდა, სპორტის სამინისტრომ დაგვაფინანსა და მოხარული ვარ, რომ წარმატებას მივაღწიეთ.

მართალია, ახლა ვაჟების ნაკრებში ვარ და ძველებური ინტენსივობით ვერ ვიმუშავებ ქალთა გუნდთან, მაგრამ მათთვის დროს მაინც აუცილებლად გამოვნახავ ხოლმე.

შეუძლებელია, საქმე, რომელშიც ამხელა შრომა მაქვს ჩადებული, უყურადღებოდ მივატოვო"
- თქვა დავით პოღოსიანმა.

მანვე გვითხრა, რომ გორის გარდა, ქალთა ჭიდაობის სექციები უკვე ამუშავდა საგარეჯოში, ამბროლაურსა და თბილისში.

კარელიძის და კადეტ გოგონათა გუნდის მომდევნო შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატი იქნება და იგი იმედს გამოთქვამს, რომ დაფინანსება მოხერხდება.

ფოტო: qartlisport.ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული