"ბევრჯერ მითხრეს, ევროპის ორგზის ჩემპიონს, მეტი საქმე არ გაქვს, ამ ბავშვებს რომ დასდევო..."

AutoSharing Option
ქალთა ძიუდოს შემდეგ, საქართველოში ქალთა ჭიდაობაც ვითარდება, რის დასტურადაც მარიამ კარელიძის (40) მიერ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი გამოდგება. ეს ისტორიული ჯილდო გამოდგა, რადგან ქართველ ქალთათვის პირველია სეზონის უმთავრეს შეჯიბრებებზე.

- ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში: მარიამ კარელიძის ისტორიული მედალი

თუმცა ეს მედალი წარმატებაზე მეტია, ისეთ პირობებშია მოპოვებული - სხვას რომ თავი დავანებოთ, საქართველოში მოჭიდავე ქალთა რაოდენობა იმდენად მცირეა, ერთი საფეხბურთო გუნდიც არ მოგროვდება.

ევროპის ჩემპიონატზე კარელიძის კარგ გამოსვლაზე, ჩვენში ქალთა ჭი
დაობის პრობლემებსა და პერსპექტივებზე სპორტსმენის პირადი მწვრთნელი, ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი დავით პოღოსიანი გვესაუბრება...

- უპირველესად, მარიამ კარელიძის ისტორიულ მედალსა და ევროპის ჩემპიონატზე მის გამოსვლაზე გკითხავთ...
- რა თქმა უნდა, მის გამოსვლას დადებითად ვაფასებ, რადგან იქიდან გამომდინარე, რომ გოგოებთან შეკრებები და შეჯიბრებები ძალიან იშვიათია, მაქსიმალური შედეგი დაიდო. თუმცა ეს შემთხვევით არ მომხდარა, რადგან შარშან მარიამმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 4:4-ზე წააგო რუსთან. მაშინ სულ რაღაც 15 წამი რომ გაეძლო, ფინალში იყო.

თავიდან ძალიან ძნელი იყო ეს ყველაფერი და ბევრს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა. პირველად მარტო ვიყავი, მერე კი ოთარ ტლაშაძე ამომიდგა მხარში. ძალიან ეკლიანი გზა იყო, არავის სჯეროდა ამათი. გოგოა და რას გაგიკეთებს, რას დასდევ ამათო, მეუბნებოდნენ. აბა, როგორია - ფულს ითხოვ, არ გაძლევენ, ორი კაპიკი გინდა და იმაზეც უარს ამბობენ... ბევრჯერ მითხრეს, ევროპის ორგზის ჩემპიონი ხარ, მეტი საქმე არა გაქვს, ამ 8 წლის ბავშვებს რომ დასდევო.

დღეს ძალიან გახარებული ვარ, რომ ეს შრომა დამიფასდა. გარდა იმისა, რომ ეს ისტორიული მედალია, პრინციპის ამბავიც იყო - ყველა რომ არას გეუბნება და ყველას რომ უმტკიცებ. თუმცა ამაში მარიმაც ძალიან შემიწყო ხელი. ეს პატარა გოგო დანარჩენებთან ერთად გაიზარდა. თავიდან ძალიან მორიდებული იყო, ეშინოდა. როცა გადიხარ უცხოეთში, იმხელა დარბაზში გაცხადებენ და თავბრუ გესხმის. იმას ფიქრობ, რაც შეიძლება მალე გამოხვიდე ლეიბიდან, მაგრამ თანდათან ირწმუნა.

საერთოდ, ყველა სპორტსმენი ასეა - თვითონ თუ არ ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობებისა, მწვრთნელის გვერდიდან ყვირილი არაფერს შეცვლის. მე ყველას ვეუბნები, რომ ხალიჩაზე გადაწყვეტილების მიმღები ხართ თქვენ.

- კარელიძეზე რომ ვთქვათ, სამომავლოდ რა აქვს მას შესაცვლელი, გამოსასწორებელ-გასაძლიერებელი?
- ევროპის ამ ჩემპიონატის შემდეგ ერთი-ორმა მითხრა, რომ დავაკვირდით, ჭიდაობა იცის მაგ გოგომო... გამეცინა და ვუთხარი, ჭიდაობას ვასწავლი, რას ჰქვია, იცის-მეთქი, მაგრამ არიან მოჭიდავეები, რომლებიც ძალის ხარჯზე აღწევენ წარმატებებს, მარიამი კი უფრო სხვანაირად ჭიდაობს.

მას ცოტა წონის პრობლემა აქვს. ის ახლა ახალგაზრდებში გადადის, სადაც წონითი კატეგორიები 44 კილოგრამიდან იწყება. გენეტიკურად პატარები არიან და მისმა დამ, გვანცამაც ვერ მოიმატა წონა ახალგაზრდებში. მე სულ ვამბობ, ეს გოგო 44-45 კილოგრამამდე რომ ავიდეს და თან ეს წესებიც დარჩეს - დილით აწონვა და ჭიდაობა, მას ახალგაზრდებშიც დიდი შანსი აქვს და უფროსებშიც. მან დაინახა, რომ თუ მოინდომებს, ყველას მოგება შეუძლია. აგერ, ფრანგებს ქალთა ჭიდაობის როგორი ისტორია აქვთ, მაგრამ ნახევარფინალში ფრანგს შეხვდა და ყველამ დავინახეთ, როგორ "გაუფუჭეს" ის შეხვედრა. იმედია, ამ წარმატების შემდეგ ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტიც გვერდში დაგვიდგება, რადგან ეს ფედერაციის სიხარულიცაა და სახელიც.

- რა უნდა გაკეთდეს ქალთა ჭიდაობის პოპულარიზაციის, არეალის გაზრდისთვის?
- მე სულ ვამბობ, რომ საამისოდ საჭიროა, ყველა რეგიონში მწვრთნელებს დამატებით დაუნიშნონ 50-100 ლარი, 4-5 გოგო მაინც თუ ეყოლებათ ჯგუფში. შეიძლება, ეს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტოს, შეიძლება - სპორტის სამინისტრომ, შეიძლება - ფედერაციამ, თორემ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, გოგოების ჭიდაობა ჯერაც მიუღებელია. მწვრთნელებს ისედაც დაბალი ხელფასები აქვთ, გოგოს ჭიდაობაზე მიყვანა კი ძალიან ძნელია. თუ მოვიდა, მერეც ტვინს ურევენ და უკან მიჰყავთ. დღემდე ვინც შემორჩა, ესენი გმირები არიან, რადგან მე ვიცი, რამდენ წინააღმდეგობას წააწყდნენ ისინი.

ზემოაღნიშნული იდეა თუ განხორციელდა, დარწმუნებული ვარ, ქვეყნის პირველობაზე ახლა თუ 8 გოგო გამოდის, 2-3 წელიწადში 50 იქნება. იმათგან რამდენი დარჩება და დაახლოებით 10 წელიწადში რა შედეგს მივიღებთ, დავინახავთ.

- დღეისათვის რომელ რეგიონებშია გავრცელებული ქალთა ჭიდაობა?
- ძირითადად გორში, თითო-ოროლა ამ ბოლოს გამოჩნდნენ რაჭაში, ჭიათურაში, მცხეთაში, საგარეჯოდან არიან დები, თბილისიდანაც გვყავს მონაწილეები, მაგრამ საერთო რაოდენობა დიდი არაა, 10-მდე თუ იქნება. ეს ძალიან ცოტაა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Federafiis damsaxurebac axsemet
Koba
15:49 21-08-2017
0

სიახლეები პოპულარული