ჩვენი ნაკრების მონაგარი ორი ბრინჯაოა, რომლებიც ალექსანდრე კილაძემ (42) და რამაზ ზოიძემ (58) მოიპოვეს.
ამავე სინჯის მედლისთვის კიდევ ორმა ჩვენებურმა - ტარიელ გაფრინდაშვილმა (69) და ვაჟა ომარაშვილმა (85) - იჭიდავა, მაგრამ წააგეს და მეხუთეზე დარჩნენ.
18 ივნისს საასპარეზოდ მეხუთე ქართველიც გავიდა - გიორგი პასიკაშვილი (50), მაგრამ ადრევე გავარდა.
სამწუხაროდ, ჭიდაობის საერთაშორისო თუ ევროპული ფედერაციები კვლავაც ვერ ახერხებენ, ფეხი აუწყონ თანამედროვე მოთხოვნებს და 21-ე საუკუნეში,
პირდაპირ რეპორტაჟზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი და წილისყრის ოქმებიც კი არსად დევს.
ამიტომ ინფორმაციების მოპოვება შეუძლებელია. რომ არა ჩვენი ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე, რომელსაც ჩერნოგორიაში დავუკავშირდით, ამდენსაც ვერ გავიგებდით.
საერთაშორისო ფედერაციის ცნობით, თითქოს ჩერნოგორიულ ფედერაციას ტელერეპორტაჟიც კი უნდა შემოეთავაზებინა, მაგრამ ის საიტი...
ან საერთოდ გათიშულია, ან არანაირი ინფორმაცია არ დევს არათუ ამ ტურნირის შესახებ, თვით იქაურ ჭიდაობაზეც კი. ამიტომ ჩვენებურთა გამოსვლაზე ამ მწირი ინფორმაციის გარდა, ვერაფერს გეტყვით.
არადა, ფრიად საინტერესოა, ვისთან წააგეს გაფრინდაშვილმა და პასიკაშვილმა, რომლებიც გუნდის გამოკვეთილი ლიდერები არიან.
ასევე საინტერესოა, ვისთან დამარცხდა ამომავალი ტალანტი ზოიძე, რომელიც აქამდე, ძირითადად, ბერძნულ-რომაულში გამოდიოდა და ჭაბუკებში ევროპა-მსოფლიოს ჩემპიონობაც მოასწრო, ახლა კი ისევ "თავისუფალს" დაუბრუნდა, სადაც დაიწყო ვარჯიში.
იმედია, მომდევნო დღეებში ორგანიზატორები ვითარებას ცოტათი მაინც გამოასწორებენ.
19 ივნისს ასპარეზობები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართება, ჩვენებიდან კი მედლის მოპოვებას შმაგი თოდუა (46), რამაზან მალაკოევი (54), ედუარდ ნიკოლიშვილი (63), გიორგი გიორგობიანი (76) და გივი მაჭარაშვილი (100) შეეცდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"