ქართველმა ჭაბუკმა "თავისუფლებმა" ევროპის პირველობაზე სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ქართველმა ჭაბუკმა "თავისუფლებმა" კიდევ ერთი ბრინჯაო მოიპოვეს ჩერნოგორიულ ბარიში მიმდინარე ევროპის პირველობაზე.

შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს კონტინენტის მესამე პრიზიორები ალექსანდრე კილაძე (42) და რამაზ ზოიძე (58) გახდნენ, 19 ივნისს კი ასეთივე წარმატებას შმაგი თოდუამ (46) მიაღწია.

სამწუხაროდ, პირველი დღისგან განსხვავებით, 19 ივნისს ემზარ ბედინეიშვილის სხვა შეგირდთაგან (სხვათა შორის, ეს მისი სადებიუტო შეჯიბრება იყო პირველხარისხოვან ტურნირზე, მთავარი მწვრთნელის რანგში) მედლისთვის არავის უჭიდავია...

შმაგი თოდუა გუნდის უმთავრეს ლიდერთა შორისაა. ის პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი სომეხ ჰაიკ ბადალიანს სუფთად მოუგო - 7:0.
ამას რუსთა მომავალ ფინალისტ ისმაილ გაჯიევთან წაგება მოჰყვა - 2:9, სანუგეშოში კი ბერძენი ნიკოლაოს ალექსანდროს დრაგაცკისი კვლავაც 7:0, ხოლო დამამშვიდებლის ფინალში მოლდოველი ვიტალი ბუნიცი 10:3 დაჯაბნა.

19 ივნისს ჩვენგან კიდევ ოთხი ფალავანი ასპარეზობდა, მაგრამ ოთხივემ ადრევე წააგო და ვერც სანუგეშოში გააღწია. იმათგან ყველაზე მეტად ედუარდ ნიკოლიშვილმა (63) იყოჩაღა - ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

მან ტურნირი ძალზე ძლიერად დაიწყო და ორივე პაექრობაში წმინდად იმარჯვა - იტალიელ ანტონიო ჯუზეპე ვარელას 8:0 მოუგო, პოლონელ მატეუშ დარიუშ კამპიკს - 9:2, მაგრამ მესამე წრეში თურქთა მომავალ ბრინჯაოსმედალოსან ენეს უსლუსთან უკვე თვითონ დათმო სუფთად - 0:7.

დანარჩენები პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ - რამაზან მალაკოევი (54) მოლდოველმა პეტრუ იოვუმ 8:0 დაჯაბნა, ოღონდ ორი პერიოდის ჯამში; გიორგი გიორგობიანმა (76) თურქთა კიდევ ერთ მომავალ ბრინჯაოსმედალოსან ტოლგა გონელთან 3:7 წააგო, გივი მაჭარაშვილი (100) კი უკრაინელ ვიქტორ მანდრიკასთან დაძაბულ პაექრობაში გამოეთიშა ტურნირს - 0:1; 0:1.

აქვე პირველი დღის რამდენიმე საინტერესო მომენტზეც შევჩერდებით, რადგან ორგანიზატორებმა წილისწყრის ბადეების დადება ინებეს და მოგვეცა საშუალება, გვენახა ჩვენებურთა განვლილი გზა.

როგორც 19 ივნისს ვწერდით, იმ ხუთეულიდან ოთხმა იჭიდავა ბრინჯაოსთვის და ორმა მოიგო...

იმათგან შედეგებით განსაკუთრებით რამაზ ზოიძე და ტარიელ გაფრინდაშვილი (69) გამოირჩეოდნენ.

ზოიძე მეორე წრეში თურქთა მომავალ ფინალისტ სელიმ კოზანთან 1:4 დამარცხდა, სანუგეშოში კი სამ ორთაბრძოლაში იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მოგებული ოთხი შეხვედრიდან ორი წმინდად დაამთავრა. ორი მოგების შემდეგ ნახევარფინალში გაფრინდაშვილიც მომავალ ვიცე-ჩემპიონთან, სომეხ ტიგრან მნაცაკანიანთან დამარცხდა დაძაბულ პაექრობაში - შესვენებამდე მეტოქემ 7:4 იმარჯვა, მეორე ნახევარი კი ჩვენებურმა მოიგო 6:4, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც სომეხს დარჩა - 11:10. გაფრინდაშვილმაც ორჯერ იმარჯვა წმინდად, მათ შორის ერთი - ძირითად ბადეში უკრაინის სახელით მოჭიდავე ალფეს დოლიძესთან მოიგო.

კილაძეც ნახევარფინალში დამარცხდა უკრაინელ ვიქტორ ტერზისთან, რაც ძირითად ბადეში ორჯერ იმარჯვა; ვაჟა ომარაშვილმა (85) კი ძირითადშიც და სანუგეშოშიც თითო პაექრობა მოიგო. მან ჯერ თურქთა მომავალ ფინალისტ ენეს ალტუნთან წააგო, მერე - ბულგარელ ვედატ ისმაილოვთან.

ფრიად გულდასაწყვეტი და მოულოდნელი იყო გუნდის კიდევ ერთი ლიდერის და სხვებთან შედარებით გამოცდილი გიორგი პასიკაშვილის (50) წაგება პირველივე წრეში სომეხ ვაჰე მატინიანთან - 3:12, თუმცა კიდევ უფრო აუხსნელია სანუგეშოში ასევე პირველივე წრიდან გამოვარდნა ბულგარელ მიკაილ სალიმ ნაიმთან - 2:7.

20 ივნისს ევროპის ჩემპიონატში უკვე გოგოები ჩაებმებიან, სადაც დებიუტი გვექნება. მოგეხსენებათ, ჩერნოგორიაში ორი მონაწილე გვეყოლება - გვანცა კარელიძე (38) და ანი ნაზარაშვილი (49), რომლებიც 20 ივნისს იასპარეზებენ.

კარელიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ თურქეთის საერთაშორისო ტურნირში ისტორიული მედალი - ბრინჯაო მოიპოვა, შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაებმება ნორვეგიელ რამონა ერიქსენთან შეხვედრით, ნაზარაშვილი კი პირველივე წრეში იჭიდავებს ფინელ იანიკა ანნილნა ვაკკილასთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული