მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი. თავისუფალი სტილი: საფრანგეთში - სარევანშოდ

AutoSharing Option
ფრანგულ მაკონში გრძელდება ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 3 და 4 სექტემბერს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ. შაბათს 50, 60, 74 და 96 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, კვირას, მსოფლიოს პირველობის დასკვნით დღეს კი მედლების მოპოვებას უკვე 55, 66, 84 და 120 კილოგრამების წარმომადგენლები შეეცდებიან.

- ლომი ისევ ლომობს - ქართველი ახალგაზრდების მორიგი ტრიუმფი მსოფლიოზე [VIDEO]

ჩვენი ნაკრები იქ თითქმის იმავე შემადგენლობით გამოვა, რომლითაც ორი თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე წარსდგა, თუმცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გოგშელიძემ საწყის ორ წონაში გარკვეული საკადრო გადაადგილებები განახორციელა.

კერძოდ, ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ რობერტ დინგაშვილს (55) წონა დააკლებინეს და ამჯერად 50-ში აჭიდავებენ, ზედა წონაში კი მისი ადგილი კახა ირემაძემ დაიკავა. დიდწილად, ეს იმან განაპირობა, რომ ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ მხოლოდ 50 კილოგრამში დავრჩით და თან იქ მწვრთნელებს დასაყრდენი ფალავანი არც ჰყავდათ.

სხვა წონებში მაიკონში ისევ ის ხალხი იჭიდავებს, ვინც ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატზე დაიცვა საქართველოს ღირსება. იქ გოგშელიძის გუნდი დიდი წარმატებით გამოვიდა - 8 წონიდან 7-ში მედალი მოიპოვა, თუმცა ამ ყველაფერს დააკლდა გვირგვინი - ოქროს მედალი. ამ შვიდი ჯილდოდან ორი ვერცხლია, ხუთი - ბრინჯაო. ევროპის ვიცე-ჩემპიონი დინგაშვილთან ერთად გივი მაჭარაშვილიც (96) გახდა, მესამე საპრიზო ადგილზე კი შმაგი თოდუა (60), გიორგი სულავა (66), ტარიელ გაფრინდაშვილი (74), მექი სიმონია (84) და ზურაბ ურთაშვილი (120) გავიდნენ.

თუმცა ასეთი წარმატების მიუხედავად, გოგშელიძის გუნდს კონკრეტულად ამ ტურნირზე სერიოზული რევანშიც აქვს ასაღები. საქმე ისაა, რომ ამ ნაკრებმა შარშან ბრაზილიურ სალვადორ დე ბაიაში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მხოლოდ ერთი მედალი დაისაკუთრა და ისიც - ბრინჯაოსი, ახლა კი საფრანგეთში ბევრად მეტის მიღწევის იმედით მიდიან. ბრაზილიაში იმ ჯილდოს ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი მესამე პრიზიორი ტარზან მაისურაძე (74) დაეუფლა, ვინც უკვე დაამთავრა ამ ნაკრებში გამოსვლა და უფროსებში გადავიდა.

საქართველოს ნაკრები
50 კგ. რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)
55 კგ. კახა ირემაძე (აჭარა)
60 კგ. შმაგი თოდუა (სამტრედია)
66 კგ. გიორგი სულავა (ქუთაისი)
74 კგ. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
84 კგ. მექი სიმონია (ქუთაისი)
96 კგ. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
120 კგ. ზურაბ ურთაშვილი (მცხეთა)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გოგშელიძე; მწვრთნელები: კობა კაკალაძე, დავით ოთიაშვილი, გელა საღირაშვილი
ექიმი: ზაზა აბესაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად შემიძლი რო ვუყურო
?
Nodo
18:27 03-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული