მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში: უმედლო პირველი დღე

AutoSharing Option
16 სექტემბერს ბუდაპეშტში დაწყებულ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალთან ძალზე ახლოს ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჯილდოს გარეშე დავრჩით და ნუგეშად ორი მეხუთე ადგილი დაგვრჩა, ესეც თუ ნუგეშია.

ბრინჯაოსთვის გუნდის დებიუტანტმა ლევან ქელეხსაშვილმა (66) და დავით ქერაშვილმა (96) იჭიდავეს. ქელეხსაშვილი (როგორც გაირკვა, ის არა რევაზ მინდორაშვილის ექსპერიმენტის შედეგი, არამედ ფილას შეცდომა ყოფილა - თავდაპირველად მის ნაცვლად წილისყრის ოქმში კონსტანტინე ხაბალაშვილი ეწერა), პირველ სეზონს ატარებს ეროვნულ ნაკრებში და მეხუთე ადგილი თითქოს ურიგო შედეგი არაა, მაგრამ უმედლობა რამდენადაა დამაიმედებელი გამოსვლა, აი, ეს კი საკითხავია.

არადა, ამ ბიჭმა იომა, იბრძოლა, სპორტული შემართება და შემტევი ხასიათი, კარგი ფიზიკური მომზადებაც გამოავლინა და ბელორუს ალექსანდრ კონტოევს ბოლო წამზე წაგებული შეხვედრაც შემოუტრიალა - 7:5. ეს იმან მოიტანა, რომ მანამ სდია და მოსვენება არ მისცა ბელორუსს, ვიდრე შეცდომა არ დააშვებინა.

ეს ამბავი მესამე შეხვედრაში მოხდა, წინა ორში კი იოლად, პირველივე პერიოდში იმარჯვა - ინდოელ არუნ კუმარს 8:0 სძლია, ეგვიპტელ აიად იბრაჰიმ ხალილ იბრაჰიმს - 8:1. ქელეხსაშვილმა ამას ორი წაგება მიაყოლა - ჯერ ნახევარფინალში სომეხთა მომავალ ჩემპიონ დავიდ საფარიანთან (სხვათა შორის, ამან წლეულს დუბლი შეასრულა) დამარცხდა 5:6, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი რუსთა დებიუტანტ მაგომედ კურბანალიევთან 5:7 დათმო.

დამამშვიდებლის ფინალში ვერც ქერაშვილი გახდა რამეს, თუმცა მას ბევრად ძლიერი მეტოქე ჰყავდა - უკრაინელი პავლო ოლეინიკი, ვინც წლეულს, მარტში თბილისში გახდა ევროპის ჩემპიონი. ჩვენებურმა მხოლოდ ორი ქულის აღება მოახერხა, როცა ჩოქბჯენი დაუხურა და თვითონ გადავიდა ქულაზე. თუმცა ეს ოლეინიკის ერთადერთი შეცდომა აღმოჩნდა, წარმატება კი სწორედ ჩოქბჯენში კარგმა ჭიდაობამ მოუტანა - რამდენჯერმე შედეგიანად დაატრიალა ჩვენებური.

ძირითად ბადეში ქერაშვილიც მომავალ გამარჯვებულთან, ირანელ რეზა იაზდანისთან დამარცხდა, ვინც მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი - 2:8. თავიდან ქართველმა მძიმე ბრძოლაში გაიარა აზიის კორეელ პრიზიორ ჯაე-განგ კიმის ბარიერი - 2:1, ალბანელ ეგზონ შალას კი 12:5 სძლია. დამამშვიდებელში ბელორუს ევროპის პრიზიორ ივან იანკოუსკისაც მოუგო - 9:7.

ადრეულ ეტაპზე მხოლოდ ევროპის წლევანდელი ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი (55) გამოგვივარდა, ვისიც ყველაზე მეტად გვეიმედებოდა, თუმცა იქნებ ეს წაგება უფრო მსაჯთა ბრალია.

ყოველ შემთხვევაში, რუს ნარიმან ისრაპილოვისთვის მიცემული ქულები საეჭვო იყო, თუ სულაც ამას არ ეკუთვნოდა. ეს მესამე ორთაბრძოლაში მოხდა, წინა ორში კი ჩვენებურმა სომეხ მიჰრან ჯაბურიანს 6:2, ესპანელ ლევან მეტრეველ-ვართანოვს კი 4:1 მოუგო.

მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე
კვარცხლბეკი
55 კგ. 1. ჰასან რაჰიმი (ირანი); 2. ამიტ კუმარი (ინდოეთი); 3. სეზარ აკგული (თურქეთი), ნარიმან ისრაპილოვი (რუსეთი); 10. გიორგი ედიშერაშვილი (საქართველო).

66 კგ. 1. დავიდ საფარიანი (სომხეთი); 2. ლივან ლოპეს აზქუი (კუბა); 3. მაგომედ ყურბანალიევი (რუსეთი), მანდაკნარან განზორიგი (მონღოლეთი); 5. ლევან ქელეხსაშვილი (საქართველო).

96 კგ. 1. რეზა იაზდანი (ირანი); 2. ხეტაგ გოზიუმოვი (აზერბაიჯანი); 3. პავლო ოლეინიკი (უკრაინა), ანზორ ბოლტუკაევი (რუსეთი); 5. დავით ქერაშვილი (საქართველო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული