მსოფლიოს ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილის მეორე ბრინჯაო

AutoSharing Option
ჩვენთვის დიდად წარმატებული არც ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე აღმოჩნდა, როცა ლეიბზე ერთბაშად სამი ფავორიტი გავიდა, მაგრამ მხოლოდ ერთ ბრინჯაოს გამოვრჩით - მას გორელი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი დაეუფლა.

პირველი დღისგან განსხვავებით, როცა დებიუტანტთა მიერ მეხუთეზე გასვლა კიდევ შეიძლება, დადებითად შევაფასოთ, 17 სექტემბრის შედეგს წარმატებად ვერ მივიჩნევთ, ისეთი ფალავნები დაგვრჩნენ უმედლოდ - ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60) და ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიური ბრინჯაოსპრიზიორი დავით მარსაგიშვილი (84).

ეს შედეგი მისაღები მხოლოდ პეტრიაშვილისთვისაა, თორემ სხვათა გამოსვლა ნამდვილად
არაა დადებითად შესაფასებელი.

18 სექტემბერს "თავისუფლებში" კიდევ ერთი წონითი კატეგორია დარჩა - 74 კილოგრამი, სადაც ჩვენგან იაკობ მაქარაშვილი იჭიდავებს.

დაგვეთანხმებით, დიდი შანსია, მონაგარს ვერაფერი შევმატოთ, ანუ ამ ერთი ბრინჯაოს ამარა დავრჩეთ, ეს კი ჩვენი გუნდისთვის წარუმატებლობა იქნება. გარკვეულ შემთხვევებში იქნებ მსაჯთა შეცდომებზეც ვისაუბროთ, მაგრამ ფაქტია, რომ ნაკრების ლიდერები, მისი წევრების უმეტესობა სეზონის უმთავრეს ტურნირს ფორმის პიკში ვერ შეხვდა.

120 კგ
ალბათ, გენო პეტრიაშვილი ერთადერთია, ვისაც ეს ჩემპიონატი აქტივში ჩაეთვლება. 19 წლის გორელი, ალბათ, უფრო გამოუცდელობამ დააღალატა ნახევარფინალში რუსთა სახელოვან ჰაჯიმურატ გაცალოვთან, თორემ ვერ ვიტყვით, რომ რაიმე აკლდა, წინა ორი შეხვედრა ისე დამაჯერებლად მოიგო - ინდოელ ჰიტენდერ ჰიტენდერსა და რუმინელ დანიელ პარეს ჩინტოანუს ვადამდე მოუთავა ხელი.

ოლიმპიურ და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ გაცალოვის ტიტულებს ოდნავადაც არ შეუშინებია და მასაც თამამად ეკვეთა, 3:0 დაწინაურდა კიდეც, თუმცა მერე ბავშვურად შეცდა და დამარცხდა. ეს რომ მართლაც უნებლიე შეცდომა იყო და არა ჩავარდნა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაშიც დადასტურდა, სადაც გენომ ჩინელ ზივეი დენს იოლად აჯობა.

იმ მარცხის მიუხედავად, ამ ტურნირმა მაინც დაადასტურა პეტრიაშვილის ნიჭიერება. ამ ეტაპზე მას რაც აკლია, ეს გამოცდილებაა, რაც წლებმა და ასაკმა უნდა მოიტანოს, თორემ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მისი მომრევი ამ წონაში არავინაა, იმდენად დამაჯერებლად უგებს ყველას. იმავე გაცალოვს უკვე სადაც შეხვდება, იქ აჯობებს.

პეტრიაშვილს რომ ტიტულები არ აშინებს, მასთან შეხვედრაშიც დაადასტურა, მაგრამ მაინც არსებობს მეტოქესთან შეჩვევის ფსიქოლოგიური ფაქტორი, რასაც ამ შეხვედრაში გადალახავდა. თუმცა აქ ერთიც უნდა გავითვალისწინოთ - ჩვენებური ჯერ კიდევ ბავშვია და გამოცდილების გარდა, წონის უმთავრეს ვარსკვლავებთან ტოლ-სწორად საპაექროდ მაინც აკლია ფიზიკური ძალა თუ სხვა რაღაც.

აუცილებლად ქებას იმსახურებს თავად გაცალოვი, რომელმაც 35 წლის ასაკში წონა შეიცვალა და მეხუთედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. აბა, როგორია - ახალ წონაში ყოველგვარი ადაპტაციის გარეშე გაიმარჯვა!

რუსთა თავკაც მაგომედ ჰუსეინოვს ალღომ არ უმტყუნა, როცა 96 კილოგრამში ჩამოწერილი ფალავანი მძიმე წონაში გადაიყვანა. უკრაინელთა ოსი ალან ზასეევი კი შეგეცოდებათ - წლეულს მეორედ გავიდა უმთავრესი ტურნირის ფინალში და კვლავ ვერცხლს დასჯერდა. ანალოგიურ წარმატებას მან მარტში თბილისში, ევროპის პირველობაზეც მიაღწია.

1. ჰაჯიმურატ გაცალოვი (რუსეთი); 2. ალან ზასეევი (უკრაინა); 3. გენო პეტრიაშვილი (საქართველო), ტახა აკგული (თურქეთი).

84 კგ
დავით მარსაგიშვილს ისევ ძველმა სენმა დარია ხელი - თითქოს მოგებულ შეხვედრაში როგორღაც აიჭრა და დამარცხდა. არადა, იქ წასაგებს არაფერი მოასწავებდა...

Sportall.Ge

მართალია, მეტოქეც არ ჰყავდა ხელწამოსაკრავი - ირანელი ეხსან ნასერ ლაშგარი მასთან ერთად იდგა ლონდონის ოლიმპიადის კვარცხლბეკზე, მესამე საფეხურზე, მაგრამ ჩვენებურს ის შეხვედრა არ უნდა წაეგო, მით უფრო, რომ იქამდე დამაჯერებლად მივიდა.

პირველი ორი შეხვედრა მან, ტრადიციულად, დამაჯერებლად ჩაატარა, მაგრამ ირანელთან ასევე ტრადიციულმა დაღლილობამ იჩინა თავი...

ამ წონაში ყველაზე აღსანიშნავი უკრაინელთა კიდევ ერთი ოსის - იბრაგიმ ალდატოვის გამარჯვებაა, ვინც მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

1. იბრაგიმ ალდატოვი (უკრაინა); 2. სალას პერესი (კუბა); 3. ეხსან ნასერ ლაშგარი (ირანი), იშტვან ვერები (უნგრეთი).

60 კგ
ხინჩეგაშვილმა პირველი ორი შეხვედრა, მთლიანობაში, მაინც იოლად მოიგო, თუმცა მისი გამოსვლა უკეთესის შთაბეჭდილებას ტოვებდა - პერუელ აბელ ხერალდ პასტორ ჰერერას 9:6 მოუგო, კორეელ სეუნგ-ჩულ ლეეს - 8:0 და მეოთხედფინალში გავიდა. იქ მისი მეტოქე მონღოლი ნიამ-ოშირ ენკსაიკანი იყო, რომელიც არაა ძლიერი ფალავანი და ფავორიტადაც ჩვენებური მიგვაჩნდა.

სამწუხაროდ, რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა - მეტოქემ 8:5 იმარჯვა.

მართალია, გარკვეულ ეპიზოდებში შეიძლება მსაჯის გადაწყვეტილებებზეც ვიკამათოთ, მაგრამ საკითხავია - იყო კი ხინჩეგაშვილი ბოლომდე მზად მასთან მოსაგებად?

Sportall.Ge

არადა, მონღოლი რომ არაა ძლიერი კონკურენტი, მყისვე დადასტურდა (აქ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გავიხსენოთ მსაჯთა ფაქტორი) - მედლამდე დარჩენილი ორივე შეხვედრა წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილით დაკმაყოფილდა.

შეიძლება ითქვას, მისი გასვლით თავადაც არცთუ მაღალი კლასის ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს გაუმართლა, ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, როცა ერთი მოგებით მედალი განაღდებულია, ასეთი საშუალო დონის მეტოქე რომ ერგო.

დუბოვი რა შვილიცაა, ფინალში გამოჩნდა, სადაც რუსთა ჩეჩენმა დებიუტანტმა ბეკხან გოიგერეევმა უმოწყალოდ ათრია. ეტყობა, აკრობატული ილეთებით ცნობილი ჩეჩენი ამ წონის ლიდერად უმტკივნეულოდ ჩამოყალიბდება.

ამ წონის ამბებიდან აღსანიშნავია ინდოელთა წარმატება. მოგეხსენებათ, ამჯერად არ ჭიდაობდა მათი უმთავრესი ვარსკვლავი, მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი სუშილ კუმარი (66), თუმცა, ეტყობა, ვლადიმერ მესტვირიშვილის მიერ შექმნილ სამწვრთნელო-საჭიდაო სკოლას არც ტალანტები ელევა და არც - კუმარები: ამიტ კუმარის (55) ვერცხლის შემდეგ 17 სექტემბერს ბრინჯაო ბარჯანგ ბარჯანგმა მოიპოვა.

1. ბეკხან გოიგერეევი (რუსეთი); 2. ვლადიმირ დუბოვი (ბულგარეთი); 3. ბარჯანგ ბარჯანგი (ინდოეთი), მასუდ ესმაილპური (ირანი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში: უმედლო პირველი დღე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული