განსხვავება მხოლოდ გვარ-სახელში და წონით კატეგორიაშია - ამჯერად მედლისთვის გადამწყვეტი პაექრობა იაკობ მაქარაშვილმა (74) დათმო.
გუნდურ ჩათვლაში ჩვენები 29 ქულით მესამეზე გავიდნენ, ჩამორჩნენ მხოლოდ რუსეთსა (44) და ირანს (46).
ამდენად, ჩვენი ნაკრები ბუდაპეშტში ერთი ბრინჯაოს ამარა დარჩა, რაც ჩვენნაირი ამბიციისა და ასეთი დონის მოჭიდავეებით დაკომპლექტებული გუნდისთვის ცოტაა.
ბუდაპეშტიდან კმაყოფილი მხოლოდ იმ ერთადერთი მედლის მფლობელი,
ყურბანალიევური დრამა
ერთი შეხედვით, იაკობ მაქარაშვილის გამოსვლას ურიგო არ ეთქმის - როცა დებიუტანტი მედლისთვის ჭიდაობ და როცა ასეთი გამოუცდელი მსოფლიოში თუნდაც მეხუთეზე გადიხარ, დასაძრახი შედეგი არაა.
დაძრახვას არც ჩვენ ვაპირებთ, თუმცა ფაქტია, რომ მაინც უმედლოდ დარჩა და ამიტომ გამოსვლას ვერც წარმატებულს დავარქმევთ. მარტივი ლოგიკაა - წარმატება ჯილდოთი იზომება, ჯილდოთი, რომელიც ბუდაპეშტში ჩვენთვის დაილია.
ჩვენებური ტურნირში ყოჩაღად ჩაება და პირველივე წრეში კანადელი ევან ჯეიმს მაკდონალდი 8:5 დაიბრიყვა. სამწუხაროდ, მეორე წრეში ირანელ ეზატოლაჰ აბას აკბარიზარინხოლაესთან ვერაფერს გახდა და 0:7 დათმო.
კიდევ კარგი, ირანელი მერე ფინალში გავიდა და მაქარაშვილსაც სანუგეშოში გადასვლის საშუალება მიეცა. ეს შანსი ჩვენებურმა გამოიყენა კიდეც, თუმცა მთლად ბოლომდე - ვერა.
ეს წონა მონაწილეთა სიმრავლით გამოირჩეოდა - 39 ათლეტი ჭიდაობდა. ამიტომ სანუგეშოში ჩვენებურს გრძელი გზის გავლა მოუხდა - ფინალამდე სამი შეხვედრა ჩაატარა.
საბედნიეროდ, ყველაში მოწოდების სიმაღლეზე იდგა - ჯერ მოლდოველ ალექსანდრუ ბურცას მოუგო წმინდად, 8:0, კუბელ იუნიერკი მორა ბლანკოსთან კი გაუჭირდა, მაგრამ 2:1 მაინც იმარჯვა, ბოლოს კი იაპონელ სოსუკე ტაკატანის 6:4 სძლია.
ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში მისი მეტოქე დაღესტნიდან უზბეკეთში გადასული ავარელი რაშიდ ყურბანოვი აღმოჩნდა, ვინც რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში ახალგაზრდებშიც და ჭაბუკებშიც ევროპის ჩემპიონია, უზბეკეთის სახელით კი ორჯერ აზიის პირველობა მოიგო, ხოლო მსოფლიოზე პირველ მედალს დაეუფლა.
თუმცა თავიდან შეხვედრის მიმდინარეობა მაქარაშვილისთვის ცუდს არაფერს მოასწავებდა, მაგრამ ავარელმა ბოლოს იძალა და 11:4 მოიგო.
ვინ წააქცევს ბაროუზს?
ამ წონაში კვლავ 25 წლის ამერიკელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჯორდან ბაროუზმა გაიმარჯვა, ვინც ტურნირს, პრაქტიკულად, არ აგებს, ხოლო ბუდაპეშტში მეორედ მოიგო მსოფლიოს პირველობა.
ეს მისი ზედიზედ მესამე გამარჯვებაა დიდ ტურნირზე - მსოფლიოს ჩემპიონი პირველად 2011 წელს სტამბულში გახდა, 2012-ში ლონდონის ოლიმპიადა მოიგო, ახლა კი ისევ მსოფლიოზე იმარჯვა.
ერთი საინტერესო დეტალიც - სამივე ამ პრესტიჟული შეჯიბრების ფინალში ირანელს სძლია. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ პირველ ორ შემთხვევაში მისი მეტოქე სადეგ გოუდარზი იყო, ახლა კი ზემოხსენებული აკბარიზარინხოლაე.
გოუდარზი თავადაც ძლიერი ფალავანია - ბაროუზთან პირველ შეხვედრამდე მის აქტივში მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაო უკვე იყო, თუმცა ამერიკელმა ისე აპამპულავა, თეირანში, მსოფლიოს თასზე აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ არ იჭიდავა და გოუდარზისთან მორიგი შეხვედრა თავიდან აიცილა.
1. ჯორდან ბაროუზი (აშშ); 2. ეზატოლაჰ აბას აკბარიზარინხოლაე (ირანი); 3. ალი შაბანაუ (ბელორუსი), რაშიდ ყურბანოვი (უზბეკეთი).
უსინათლო გმირი ზელანდიიდან
18 სექტემბერს ამ წონაში ახალზელანდიელმა უსინათლო ფალავანმა - კლინტონ დევისმაც იჭიდავა, ვისზეც რამდენიმე დღის წინ "ლელოც" წერდა (იხილეთ ვრცლად).
სამწუხაროდ, ის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა გვინე-ბისაუელ კინტანა ინტიპესთან, თუმცა წაგებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მისი ტურნირში მონაწილეობაა. ის ნამდვილი გმირია. დევისი ორივე სტილში ჭიდაობს და ვნახოთ, მოგვიანებით ბერძნულ-რომაულშიც თუ გამოვა.
ნაადრევად დამარცხდა მეორე ქართველი, უკრაინელთა ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსპრიზიორი გია ჩიხლაძე - მეორე შეხვედრა ზემოხსენებულ იაპონელ ტაკატანისთან დათმო.
19 სექტემბერს ბუდაპეშტში მხოლოდ ქალები ჭიდაობენ, ხვალიდან კი შეჯიბრებაში ბერძენ-რომაელებიც ჩაებმებიან. 20 სექტემბერს მათგან მხოლოდ ერთი წონის - 55 კილოგრამის ფალავნები იასპარეზებენ, ჩვენგან კი საჭიდაოდ ბაჩანა ფუტკარაძე გავა.
ოლიმპიადის ვიცე და ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60), გიორგი ცირეკიძე (84) და ვასილ იმერლიშვილი (96) 21-ში იჭიდავებენ, საჩინო დავითაია (66), ილია გულბათაშვილი (74) და ლევან არაბული (120) - ჩემპიონატის ბოლო დღეს, 22 სექტემბერს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში: გენო პეტრიაშვილის მეორე ბრინჯაო
მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში: უმედლო პირველი დღე