
ამიტომ არ გვეგონა, ეს კითხვა ოლიმპიადის დასრულებამდე თუ დადგებოდა. მისი შეცვლის საკითხი პრინციპულად არც ახლა დამდგარა, მაგრამ გამორიცხულიც არაა, ოღონდ არა კვალიფიკაციის, არამედ სულ სხვა მიზეზით.
საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანელთა ბულგარელი მთავარი მწვრთნელი სემენ ჩტერევი ბულგარეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატია.
იქ არჩევნები მარტში ტარდება და მანამდე ხურციას არაფერი ემუქრება, მაგრამ თუ ჩტერევი გაიმარჯვებს, ცხადია, აზერბაიჯანელებიც ახალ მწვრთნელს მოიყვანენ, იმან კი, არაა გამორიცხული,
ბულგარული ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თანამდებობიდან გადადგა იქაურთა ლეგენდარული ფალავანი, ევროპა-მსოფლიოს შვიდ-შვიდგზის და 1996 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი ვალენტინ იორდანოვი. ის ყოველგვარი წინაისტორიების გარეშე წავიდა, რაც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნად აღიქვეს.
იორდანოვი ფედერაციაში 1998 წლიდანაა, საქმეს შეუდგა ფრიად კრიტიკულ ვითარებაში, ფინანსური გაჭირვების პერიოდში, მაგრამ იქაურობა მოკლე ხანში დიდ სიმაღლეზე აიყვანა.
შარშანდელი სეზონი ამ მიღწევების გვირგვინი გამოდგა - ბულგარეთის საუკეთესო სპორტსმენად ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ივო ანგელოვი (60) დაასახელეს (ახლახან ის ბალკანეთის საუკეთესო სპორტსმენის გამოკითხვაშიც მესამე ადგილზე გავიდა), საუკეთესო მწვრთნელად კი ამავე ნაკრების სომეხი დამრიგებელი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი არმენ ნაზარიანი.
და აი, ამ დროს, ყველასათვის მოულოდნელად, იორდანოვი გადადგა! რას ვიზამთ - ეს ის კაცია, რომელმაც პირველმა დაუბრუნა ოლიმპიური ოქროს მედალი სოკ-ს, როცა ჭიდაობის ოლიმპიადის პროგრამიდან ამოღების საკითხი დადგა.
მე თუ მკითხავთ, მას პროტესტი სოკ-ისადმი კი არა, ფილა-სადმი უნდა გამოეხატა, მაგრამ, ეტყობა, იორდანოვი ასეთი არაორდინარული კაცია - ფალავნობაში გამორჩეული ჩინოვნიკობაშიც განსხვავებულია, არაა სკამს ჩაბღაუჭებული.
"ყველაფერს აქვს დასასრული. ვფიქრობ, რომ ახლაა წასვლის დრო, ბულგარული ჭიდაობის წარმატების სეზონში. მე ჩემი მისია შევასრულე" - ასე დაემშვიდობა სპორტულ სამყაროს იორდანოვი.
აღსანიშნავია, რომ ჩტერევმა ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ სწორედ მასთან კონფლიქტის შედეგად დატოვა ბულგარეთის თავისუფლად მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელის პოსტი.
სავარაუდოდ, ამის მიზეზი ბრიტანეთში მათი წარუმატებლობა იყო - ბულგარელმა "თავისუფლებმა" იქ ერთი მედალიც ვერ მოიპოვეს. სწორედ ამის შემდეგ მიიწვიეს ჩტერევი აზერბაიჯანში, სადაც მას სავარჯიშოდ პირადი შეგირდი ქალი, ევროპისა და მსოფლიოს ხუთ-ხუთგზის ჩემპიონი სტანკა ზლატევა (72) გაჰყვა, რომელიც სამი ცდიდან ორჯერ გავიდა ოლიმპიადის ფინალში, მაგრამ ოქროს მაინც ვერ შესწვდა.
სხვათა შორის, ზლატევა იორდანოვსა და ჩტერევს შორის მორიგ "შავ კატად" იქცა - აზერბაიჯანელებს მისი გადაბირება ჯერ კიდევ ოლიმპიადამდე სურდათ, სანაცვლოდ კი 1 მილიონ დოლარს ბულგარულ ფედერაციას უხდიდნენ, ზუსტად ამდენივეს - თავად სპორტსმენს სთავაზობდნენ. მაშინ ეს შეთავაზება ზლატევამ პატრიოტული მოტივით უარყო და ფედერაციამაც თავი შორს დაიჭირა, მაგრამ ჩტერევის გადაბირების შემდეგ საკითხი კვლავ გააქტიურდა.
იორდანოვი სასტიკი წინააღმდეგი იყო, ის თუნდაც სავარჯიშოდ გაეშვა და ამაზე თანხების გამოყოფას არ აპირებდა, თუმცა ზლატევა საკუთარი სახსრებით მაინც წავიდა ბაქოში.
აი, ასეთია ამჟამინდელი ვითარება. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და დავიტოვოთ იმედი, რომ ხურციას არ მოუწევს ახალი სამსახურის ძიება, ხოლო ბრაზილიაში, ოლიმპიადაზე მსოფლიოს ამ ერთ-ერთ წამყვან ნაკრებს ქართველიც ჩაიყვანს და მათ მოსალოდნელ წარმატებაში დიდ წილსაც დაიდებს. მაღალკვალიფიციური ქართველი მწვრთნელები საზღვარგარეთ არც ისე ბევრნი არიან, თუმცა ჭიდაობა გამონაკლისია.
თავის მხრივ, ხურციას მიწვევაც ამ წამყვანი გუნდის ინტერნაციონალურ სამწვრთნელო შტაბში ჩვენი აღიარებაა და რაც უფრო დიდხანს დაჰყოფს იქ ჩვენებური, მით უკეთესი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"