
ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამე პრიზიორი მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე განცდილი მარცხის შემდეგ მორიგი სეზონისთვის ემზადება, თუმცა პრობლემებმა კვლავაც იჩინეს თავი - თეირანში, "ტახტის თასზე" წასვლამდე ორი დღით ადრე კოჭი იტკინა...
მართალია, ტრავმა არც ისე სერიოზულია და მარსაგიშვილი უკვე ნაკრებსაც გაჰყვა შეკრებაზე, მაგრამ ინტერვიუ მაინც მისთვის მტკივნეული თემით - ჯანმრთელობის მდგომარეობით დავიწყეთ.
- ბოლოდროინდელი სამწუხარო სიახლით - ტრავმებით დავიწყოთ, რამაც ტურნირიც
- ირანში წასვლამდე ორი დღით ადრე ვარჯიშზე კოჭი ვიტკინე. თან იმავე ფეხზე მუხლის ძველი, მეორეზე კი პახის ასევე ადრინდელი ტრავმები ისედაც მაწუხებდა.
ლეიბზე ვერ შევდიოდი, ისე ვიყავი, და ამიტომ არ გავრისკე თეირანში წასვლა - სახლში დარჩენა და მკურნალობა ვარჩიე.
ევროპამდე სამი შეკრებაა და მირჩევნია, ბოლომდე დავიხარჯო, სრულად მოვემზადო. რაკიღა ამ ახალი პრობლემის - კოჭის მკურნალობა დავიწყე, გადავწყვიტე, ის ადრინდელებიც მიმეყოლებინა და საფუძვლიანად მემკურნალა ყველაფრისთვის.
შეიძლება ითქვას, რეაბილიტაციას ვიტარებ. მოგეხსენებათ, ტატიშვილის ცენტრში ახალი სარეაბილიტაციო კლინიკა გაიხსნა, სადაც მშვენიერი პირობებია, მაგრამ განსაკუთრებით კარგი ექიმთა გუნდია - კონსულტანტები ბევრნი არიან, თავზე გადგანან და ყველა ვარჯიშს გაკეთებინებენ.
- რას გეუბნებიან, მკურნალობა დიდხანს გაგრძელდება?
- არაა საშიში ტრავმები, დიდხანს რომ გაგრძელდეს მკურნალობა. 14 თებერვალს უკვე ნაკრებსაც გამოვყევი დუშეთში შეკრებაზე და მისი მიმდინარეობისას უკვე ბოლომდე ვიქნები მზად. რთული ტრავმა არაა, ხელი რომ შემიშალოს საევროპოდ მზადებაში.
- ევროპის ჩემპიონატამდე ტურნირებში არ გამოხვალთ?
- არა, უკვე არსად არ ვიჭიდავებ, მხოლოდ შეკრებებით მოვემზადები. წინა წელი გადატვირთული მქონდა შეჯიბრებებით - მსოფლიოს შემდეგ ხუთი ტურნირი ვიჭიდავე, რასაც საქართველოს ჩემპიონატი და საკლუბო პაექრობებიც დაემატა. ამიტომ შეჯიბრებები არ მაკლია, სატურნირო პრაქტიკა მაქვს. მთავარია, ტრავმებმა არ შემაწუხოს.
- მოსამზადებელი პროცესით თუ ხართ კმაყოფილი, მსოფლიოს შემდეგ შეიცვალა რამე მზადებაში?
- თანდათან იხვეწება და უკეთესობისკენ მიდის ყველაფერი. თუმცა, ძირითადი სისტემა ძირეულად არ იცვლება, მხოლოდ ზოგიერთი ვარჯიში, თორემ მთავარი ღერძი უცვლელია. მე ვფიქრობ, უმთავრესი მაინც ჩვენი მონდომებაა, თორემ მწვრთნელები ყველაფერს აკეთებენ.
- ანუ, გამოდის, რომ მსოფლიოს პირველობაზე სპორტსმენებს მონდომება გაკლიათ?
- არა, ამის თქმა არ მინდოდა. პირადად ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ მაშინ პახის ტკივილის გამო ორი თვე ლეიბზე ვერ შევდიოდი, რამაც გამოიწვია ეს ჩავარდნა. ვფიქრობ, ამჯერად ყველაფერი გამოსწორდება.
- ძალიან კარგი, მაგრამ ნაკრებს მსოფლიოდან მოყოლებული ერთი უცნაურობა დასჩემდა - გამოუცდელები ლიდერებზე უფრო კარგად ჭიდაობენ. ეს თეირანშიც ასე მოხდა...
- თეირანის ტურნირი ცოტა მოუხერხებელ ვადებში იმართება - როცა ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას ვამთავრებთ, ამ დროს კი ძნელია ჭიდაობა... ხდება ხოლმე, როცა 1-2 ეტაპი წარუმატებელია.
- ყოფილ პირად მწვრთნელ დავით ხურციასთან თუ გაქვთ კავშირი, ვინც დღეისათვის აზერბაიჯანში მუშაობს?
- კი, როგორ არა. მასთან სულ მაქვს კავშირი, რჩევებს ვიღებ. ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი საუკეთესო და გამოცდილი მწვრთნელია არა მხოლოდ საქართველოში. როცა რაღაც მიჭირს, მუდამ ვეხმიანები, რჩევა-დარიგებებს ვიღებ. ერთხელ ჩამოვიდა კიდეც და ერთადაც ვივარჯიშეთ, გარკვეული ხარვეზებიც გამოვასწორეთ.
- მწვრთნელთა კორპუსი არც ჩვენთან დაიწუნება, თუმცა ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ხურციას ხელი მოგაკლდათ, როგორც პირადი მწვრთნელისა, რაც ის აზერბაიჯანში წავიდა სამუშაოდ?
- შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად მომაკლდა კიდეც. როცა გადავდგი ნაბიჯი ჭიდაობისკენ, პირველი მასთან მივედი და მის ხელში გავიზარდე - მან ზეპირად იცოდა, როდის რა მიჭირდა, რა მჭირდებოდა, როდის ვაკლებდი ვარჯიშს და ვეშმაკობდი, იმდენად კარგად გამიცნო. თუმცა უმისობა მაინც არ ამართლებს ჩავარდნას. პირიქით - პატარა აღარ ვარ, საკუთარ თავს მეტი უნდა მოვთხოვო და რასაც ხურცია მაკეთებინებდა, ის ჩემითაც შევასრულო.
- ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე წამყვან ნაკრებში ლიდერები შეიცვალნენ. მაგალითად - რუსეთსა და აზერბაიჯანში, ანუ ახალ კონკურენტებთან მოგიწევთ მეტოქეობა. ტურნირებზე თუ შეხვედრიხართ მათ?
- აზერბაიჯანის ჩემპიონი გამზათ ოსმანოვი კარგი ბიჭია, მშრომელი და პერსპექტიული. მან შარშან "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ტურნირი მოიგო, თუმცა მასთან არ მიჭიდავია. ალბათ, რუსეთიდან აბდულრაშიდ სადულაევი დადგება, რადგან იარიგინის ტურნირი მოიგო, თუმცა არც მას შევხვედრივარ. ცალკე რომ აიღო, იქნებ დიდი და განსაკუთრებული მოჭიდავე არაა, მაგრამ იქაურ კონკურენციას რომ კაცი დაძლევს და რუსეთის ნაკრებში მოხვდება, სუსტი ვერანაირად ვერ იქნება. მათ ლეიბზე არ შევხვედრივარ.
ამათ უკრაინიდან მსოფლიოს ჩემპიონი იბრაგიმ ალდატოვიც უნდა დავუმატოთ - მგონია, რომ ევროპის პირველობაზე ძირითადი კონკურენტი ეს სამეული იქნება. თუმცა ვინც უნდა იყოს, ეს ტურნირი მოსაგებია და საამისოდ ყველაფერი უნდა გავაკეთო.
- "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ტურნირი ახსენეთ, სადაც რუსთა ევროპის ჩემპიონ სოსლან კცოევთან 11:2 წააგეთ. ბოლოს, როცა 3-ქულიანი ილეთი გაგიკეთათ, ჩვენდა გასაკვირად, წამოდგომისას სინანულის ნაცვლად იცინოდით. რაზე გეცინებოდათ, რა იყო იქ საამისო მიზეზი?
- ვერც წარმოვიდგენდი, რომ მასთან წავაგებდი. დავწინაურდი კიდეც, მაგრამ ვაღიარებ - ის პირველი მაგარი გდება გამიკეთა, არ ველოდი. თან ხელიც ჩამრჩა. ჯერ ზონის გარეთ მეგონა თავი, მაგრამ თურმე შიგნით ვიყავი და როდის გაქცევა დავიწყე... რომ წამოვდექი, ერთი წამითაც არ მეეჭვებოდა გამარჯვება, უცებ მოვინდომე მოგება და დაუკვირვებლად მივახტი...
წესით, უკვე ასეთი შეცდომა არ უნდა მომდიოდეს. იმ მომენტშიც ჩემს თავზე მეცინებოდა - პატარა არა ვარ, ასეთი შეხვედრის წაგება არ მეპატიება... რომ წამოვდექი, ზუსტად არც კი ვიცოდი, გამეცინა თუ რა მექნა.
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო WEEK