საქართველოს ჩემპიონატი. თავისუფალი ჭიდაობა. ჭაბუკები, გოგოები და კილაძის დუბლი

AutoSharing Option
24 თებერვალს სპორტკომპლექს "არენაში" თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია - მხოლოდ პირველ დღეს ტურნირში 150 მოზარდი გამოდიოდა. სასიხარულოა, რომ ბიჭების შეჯიბრების პარალელურად, ტრადიციად იქცა გოგონების პირველობის გამართვაც. თუმცა ჯერ ისინი მასობრიობით ვერ დაიკვეხნიან და წონაში 2-3 მონაწილე გამოდის, მაგრამ მთავარია - ყინული დაიძრა.

ერთ-ერთი მონაწილე გორელი გვანცა კარელიძეცაა (40), რომელმაც შარშან ანტალიაში ქართველ ქალთაგან პირველმა მოიპოვა მედალი. მაშინ ის მესამეზე გავიდა, ამჯერად კი უმცროს დასთან - მარიამ კარელიძესთან დამარცხდა და მეორეზე დარჩა.

ვაჟთა
შორის გამოვარჩევთ რუსთაველ ალექსანდრე კილაძეს (50). შარშან ის 42 კილოგრამში გამოდიოდა და ევროპის მესამე პრიზიორიც გახდა, წლეულს კი სერიოზული ნახტომი გააკეთა ზედა წონისკენ, თუმცა ამას წარმატებებში ხელი არ შეუშლია, მაგრამ წარმატებასაც გააჩნია - იანვარში საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებში გახდა...

ბოლო წლებში მსგავსი პრეცედენტები არ გვიკვირს - აწ უკვე ევროპისა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60) და ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125) პარალელურად გამოდიოდნენ ორივე ასაკობრივ გუნდში, ხოლო რამაზ ზოიძე გამუდმებით მოგზაურობდა არა მხოლოდ გუნდიდან გუნდში, არამედ - "თავისუფალიდან" ბერძნულ-რომაულში, წონიდან წონაში...

თუმცა კილაძის მაშინდელი და ახლანდელი გამარჯვება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან - ახალგაზრდებში მაშინ წონაში სულ ოთხნი ჭიდაობდნენ, ახლა კი რუსთაველმა ბევრად სოლიდურ ბრძოლაში მოიპოვა ჩემპიონობა.

მისი ფინალური პაექრობა ხაშურელ ალეკო ლომიძესთან დრამატულიც გამოდგა და, პრაქტიკულად, წაგებული შეხვედრა შემოაბრუნა. კილაძემ თავიდანვე აქტიურად დაიწყო და ზედიზედ ორჯერ სცადა ჩოქბჯენში გადაყვანა, მაგრამ მხოლოდ ერთ ქულას გამორჩა. მეორე პერიოდში ისევ კილაძე ცდილობდა, თავს უკან გადაეგდო მეტოქე, მაგრამ ძალა არ ეყო და ლომიძემ გდების დახურვით ჩოქბჯენში გადაიყვანა - 2:1.

მოგვიანებით ლომიძემ ისევ კონტრილეთზე ანგარიში 4:1 გახადა და ბრძოლის ბედიც თითქოს აქ გადაწყდა, მაგრამ კილაძემ ჯვარზე დაიჭირა და რამდენიმე დატრიალებით 9:4 მოიგო. ამ წონის გამარჯვებულები, სხვებთან ერთად, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, პოლიციის პოლკოვნიკმა და ჭიდაობის კოლორიტმა ზაურ სახვაძემ დააჯილდოვა.

შთამბეჭდავი და ლამაზი გამარჯვებები მოიპოვეს გიორგი ხაჩიძემ (42), მამუკა ჩაჩუამ (58), ნიკა კენჭაძემ (69), მაგრამ ყველაზე უხვილეთიანი და თვალსასეირო 85-ის ფინალი გამოდგა, რომელშიც ნინოწმინდელმა მარადი ვანაძემ 19:9 დაამარცხა გორელი გოგელი მეზვრიშვილი.

25 თებერვალს "არენაში" დარჩენილი წონების შეხვედრებიც გაიმართება და ჩემპიონატიც დასრულდება.

კვარცხლბეკი
ბიჭები
42 კგ. 1. გიორგი ხაჩიძე (ხაშური); 2. რამაზ თურმანიძე (აჭარა); 3. ლევან ლელაძე (ქუთაისი), გიორგი ელბაქიძე (ამბროლაური).
50 კგ. 1. ალექსანდრე კილაძე (რუსთავი); 2. ალეკო ლომიძე; 3. გაიოზ გონგლაძე (ორივე - ხაშური), ბექა ლომიძე (საჩხერე).
58 კგ. 1. მამუკა ჩაჩუა (თბილისი); 2. ოთარ გაბელია (ახმეტა); 3. გია ავალიანი (სამტრედია), დავით ენდელაძე (ქუთაისი).
69 კგ. 1. ნიკა კენჭაძე (ქუთაისი); 2. გიგა შიოშვილი (საგარეჯო); 3. დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია), მირზა სულუხია (ქუთაისი).
85 კგ. 1. მარადი ვანაძე (ნინოწმინდა); 2. გოგელი მეზვრიშვილი (გორი); 3. ზურაბ ბერაძე (თბილისი), ლევან ბოჭორიძე (საგარეჯო).

გოგოები
40 კგ. 1. მარიამ კარელიძე; 2. გვანცა კარელიძე (ორივე - გორი).
52 კგ. 1. თამარ ხოჯაშვილი (თბილისი); 2. გულიკო არუთინიანი (გორი).
60 კგ. 1. ანი ნაზარაშვილი (გორი); 2. ანა ხუნჭუა (თბილისი); 3. ანა ასხაბაძე (მცხეთა).
70 კგ. 1. შორენა ნიქარაშვილი (თბილისი); 2. ანა ჩარქსელიანი (ამბროლაური).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული