მანუჩარ კვირკველია ცვლილებებს გეგმავს - ინტერვიუ ახალ პრეზიდენტთან

AutoSharing Option
საჭიდაო სამყარო დალაგდა, დამშვიდდა და თავის უმთავრეს საქმეს - ვარჯიშს შეუდგა.

ჯერჯერობით ფედერაციაში მხოლოდ პრეზიდენტი შეიცვალა - 26 დეკემბერს გამართულ მარათონულ არჩევნებში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ გაიმარჯვა, სხვა კი ყველაფერი ისევ უცვლელად რჩება: პოსტებს ინარჩუნებენ ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი; ასევე, სამუშაოს დაუბრუნდნენ ის მწვრთნელები, რომლებიც წინა ხელისუფლებამ გაათავისუფლა - ბეგი დარჩია და რევაზ მინდორაშვილი თავიანთ სამწვრთნელო ჯგუფებთან ერთად. გუნდები უკვე შეუდგნენ ვარჯიშს და შეკრებაზეც გაემგზავრნენ.

კვირკველიას არჩევიდან დიდი დრო არ გასულა. მასთან ინტერვიუში შევეცადეთ, უკვე გაკეთებულსა თუ
უახლოეს გეგმებზე გვესაუბრა, თუმცა, როგორც ირკვევა, მთავარ ამბებს ახლო პერიოდში უნდა ველოდოთ.

- თქვენი არჩევიდან დიდი დრო არაა გასული და თუ გადაიდგა რაიმე კონკრეტული ნაბიჯები?
- ასეთ მოკლე დროში მართლაც რა უნდა გამეკეთებინა, ჯერ სიტუაციას ვეცნობი და ვმუშაობთ.

ყველაფერზე უნდა შევთანხმდეთ, კონსულტაციები გავიაროთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილებები.

მთავარია, ერთპიროვნულად არაფერი გადაწყდება. ფედერაციაში დღეს თუ სიწყნარეა, ამ სამუშაო რეჟიმის დამსახურებაცაა.

- დღეს ყველაზე აქტუალური ნაკრებების მწვრთნელების თემაა. ჯერჯერობით ძველები მუშაობენ, არა?
- კი, ჯერჯერობით ისევ ისინი აგრძელებენ მუშაობას, თვის ბოლოს კი პრეზიდიუმი შეიკრიბება და განიხილავს ამ საკითხს. იმ სხდომის შემდეგ გავიგებთ საბოლოოდ დამტკიცებულ ვარიანტს.

- ფედერაციის სხვა ხელმძღვანელთა საკითხი როგორ იქნება - ისინიც ავტომატურად გააგრძელებენ მუშაობას თუ ახლებს აირჩევენ?
- ისინი ამ პოსტებზე არჩეულები არიან და გააგრძელებენ მუშაობას თავიანთ ადგილას. მათი გადაყენების არანაირი უფლება არ მაქვს.

პრეზიდიუმს და ყრილობას კი შეუძლია, მათი შეცვლა მოითხოვოს, მაგრამ ამის დრო არაა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია გასაკეთებელი - ნაკრები სავარჯიშოა და ლიცენზიები მოსაპოვებელი.

- დაპირისპირება ისევ ხომ არ გრძელდება, ყველა წამყვანი მოჭიდავე ვარჯიშობს?
- მოჭიდავეთა უმრავლესობას ვარჯიში აინტერესებს და ემზადება კიდეც, ხოლო თუ ვინმე გამონაკლისია, იმათაც დაველაპარაკებით, რა უნდათ, რა პრეტენზიები აქვთ და ყველაფერს გავუკეთებთ.

უყურადღებოდ არავის დავტოვებთ, ოღონდ მათი მოთხოვნები შიდა დებულებებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. მთლიანობაში, სისტემა ჩამოსაყალიბებელია.

- კონკრეტულად რის შეცვლას აპირებთ?
- ფედერაციაში, რომელიც საქართველოში ბევრჯერ ყოფილა საუკეთესო, მთელი რიგი მიმართულებები გასაუმჯობესებელია. ამას თანდათან გაიგებთ და, შეიძლება, ბევრი ფედერაციაც დაინტერესდეს ამით, მაგრამ ამ თემებზე წლის ბოლოს უფრო ადვილი იქნება საუბარი.

- ერთი მაინც რომ დავაზუსტოთ - ცვლილებები უშუალოდ ფედერაციაში იგეგმება მმართველობითი კუთხით თუ - ნაკრებების სავარჯიშო პროცესში?
- ყველა მიმართულებით. ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი. შედარება რომ გავაკეთოთ, ეს ფედერაცია პირველყოფილ მდგომარეობაშია და წარმოიდგინეთ, ასეთმა ქუჩაში რომ გაიაროს, რამდენი რამე გაუკვირდება. დრომ მოიტანა, თანამედროვეობას მივყვეთ და არ ჩამოვრჩეთ მას.

- ფედერაციის დებულების ის ჩასწორებული მუხლები თუ გასწორდა, რაც დავის ძირითადი საგანი იყო?
- ამაზეც ვმუშაობთ და პრეზიდიუმის ზემოაღნიშნულ სხდომაზე ეს საკითხიც დამტკიცდება.

- ნაკრებების მოსამზადებელი გეგმა უკვე დამტკიცებულია თუ ამასაც პრეზიდიუმის სხდომის შემდეგ გააკეთებენ მწვრთნელები?
- მწვრთნელებმა წლის სამუშაო გეგმა უკვე შეადგინეს და წარდგენილია სპორტის სამინისტროში. ახლა ველოდებით პასუხს იქიდან. მათთან დეტალებზე ჯერ შეჯერებული არ ვართ. საამისოდ არც მათ ეცალათ და არც - ჩვენ. სადღესასწაულო დღეებმა აქამდე არ მოგვცა ამის საშუალება, მაგრამ ეს პროცესი უკვე სწრაფი ტემპით მიდის წინ.

- უახლოეს პერიოდში რომელ ტურნირებში გამოვლენ ჩვენი მოჭიდავეები?
- გუნდები ჯერ შეკრებაზე მიდიან. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები 20 იანვარს უკვე წავიდნენ ბაკურიანში, "ბერძენ-რომაელები" კი ბორჯომში გაემგზავრებიან. მერე ირანში წავლენ და თანდათან ჩაებმებიან შეჯიბრებებში.

- რთული მემკვიდრეობა გერგოთ, დემორალიზებული გუნდები... რამდენად ოპტიმისტურად უყურებთ მიმდინარე სეზონს, რომელიც სალიცენზიოა და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი?..
- კარგია, რომ გუნდებმა ვარჯიში დაიწყეს. ცუდია, ამდენი დრო რომ დავკარგეთ, თუმცა უფრო ცუდი იქნებოდა, მეტს თუ დავკარგავდით. ახლა ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ მდგომარეობის გამოსწორებაზე და მაქსიმალურად უნდა დამეხმარონ.

კი, პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ვიღებ, მაგრამ წვლილი ყველამ უნდა შეიტანოს. მჯერა, ასეც იქნება, რადგან თვითონაც მონდომებულები არიან. საწვრთნელი ვარჯიშები გეგმაზომიერად მიდის, ბიჭებიც დაწყნარდნენ და სამუშაოზე გადაერთნენ. თან გაიაზრეს, წინ რამხელა საქმეები ელოდებათ.

ჩვენ მათ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს - უნდა მოვუწესრიგოთ სავარჯიშო პირობები, გათბობა დარბაზში, ხელფასები; მთავარია, ტრავმები ნაკლები იყოს, ვარჯიშზე მიმოსვლის პრობლემა არ იყოს, შეკრებებზე ყველა წავიდეს - მათ შორის, ორივე მესამეპრიზიორი; უცხოელთა მონაწილეობით ხშირად უნდა ჩავატაროთ ერთობლივი ვარჯიშები.

ამის სურვილი ბევრს აქვს, იციან ჩვენი საჭიდაო ისტორია და უნდათ ჩამოსვლა. მსგავსი ვარჯიშებით ისინი თუ გაძლიერდებიან, ჩვენ ორჯერ მეტად მოვუმატებთ.

- არჩევნების შემდეგ თუ გქონდათ ურთიერთობა სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობასთან, რამდენად ნორმალურად წარიმართება თქვენი ურთიერთობა არჩევნების შემდეგ?
- არჩევნები დამთავრდა, საჭიდაო სამყარომ ასე გადაწყვიტა და ეს ამბავიც დასრულდა. ახლა საქმის კეთება უნდა დავიწყოთ. ფედერაციას რაც მეტი წარმატება ექნება, ეს ხომ ყველასთვის უკეთესია და ისევ მათივე სიძლიერეა? არა მგონია, ვინმეს ჩემთან მუშაობის პრობლემა ჰქონდეს - არა ვარ ასეთი პიროვნება. პირიქით - მონდომებული ვარ, მაქსიმალურად შევუწყო ხელი საერთო საქმეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მანუჩარ, დაცვას მიხედე დაცვას. დაიწყეს უკვე ფულის კეთება ფედერაციაში. მწვრთნელებს სტიპენდიების 10 პროცენტი მოთხოვეს გენერალურმა მდივანმა და გოგიტიძემ
buta
11:11 22-01-2015
0
buta-ს. თუ ეს სიმართლეა, ამას მარტო მიხედვა კი არა, გამოძიება უნდა და სასტიკად უნდა დაისაჯოს მისი ჩამდენი.
zako
12:07 22-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული