"თავისუფალთა" ნაკრები მინსკში უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მინსკში გაემგზავრა, სადაც ჯერ "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ შეკრებაში, მერე კი, იქვე, მინსკში, 6-7 მარტს ალექსანდრ მედვედის სახელობის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს.

"სტაიკები" ამგვარი ერთობლივი წვრთნებისთვის ნაცნობი ადგილია და იქ ჩვენების გვერდით ამჯერადაც დაახლოებით 5-6 გუნდი ივარჯიშებს. წესით, ქართველმა ფალავნებმა იქ კარგი სპარინგები უნდა გაიარონ.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა მინსკში, პრაქტიკულად, ყველა უძლიერესი ფალავანი წაიყვანა. გამონაკლისია მხოლოდ დოპინგისთვის დისკვალიფიცირებული ახალგაზრდა მძიმეწონოსანი ტალანტი გენო პეტრიაშვილი, ვისაც 6-თვიანი სასჯელის ვადა აპრილის ბოლოს გასდის.

მინსკში სავარჯიშოდ
წავლენ: ოთარ გოგავა, ბექა ბუჯიაშვილი (ორივე - 57), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე (61), მალხაზ ზარქუა, კონსტანტინე ხაბალაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი (სამივე - 65), დავით ტლაშაძე (70), ჯუმბერ ყველაშვილი, იაკობ მაქარაშვილი, ზურაბ ერბოწონაშვილი (სამივე - 74), დავით მარსაგიშვილი (86), ელიზბარ ოდიკაძე, დავით ქერაშვილი, ომარ გუსოშვილი (სამივე - 97), გიორგი საკანდელიძე, დავით მოძმანაშვილი, გიორგი მეშვილდიშვილი (125).

დიდი ალბათობით, მედვედის ტურნირშიც ეს შემადგენლობა იჭიდავებს, თუმცა არც საკადრო ცვლილებებია გამორიცხული და არც - ცალკეულ ფალავანთა წონებში გადანაცვლება. მომდევნო შეჯიბრება, რომელშიც ჩვენი ნაკრები იასპარეზებს, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს სტამბოლში გასამართავი იაშარ დოგუს მემორიალია.

წლეულს ევროპის ჩემპიონატი არ ტარდება და მას ივნისში ბაქოში ჩასატარებელი ევროპის თამაშები ცვლის. ამდენად, მინდორაშვილსა და მის გუნდს ივნისის ბოლომდე ექსპერიმენტების ჩასატარებლად და ოპტიმალური შემადგენლობის შესარჩევად დრო ჯერ საკმაოდ რჩებათ.

მახოვი ისევ გვაოცებს

რუსი მძიმეწონოსანი ბილიალ მახოვი სულ გაგიჟდა - ჯერ ხომ თავისუფალი სტილით მოჭიდავემ შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულში იჭიდავა და ბრინჯაოც მოიპოვა, ახლა კი აპირებს, 11-12 მარტს სანკტ-პეტერბურგში ჩასატარებელ რუსეთის ჩემპიონატში ორივე სახეობაში იჭიდაოს!

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი მახოვი წლების განმავლობაში უცვლელად იდგა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ თუ მის პირადსა და იმავდროულად, რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ მაგომედ ჰუსეინოვს ვენდობით, ზედიზედ მოპოვებულმა მსოფლიოს ჩემპიონის სამმა ტიტულმა მას ცუდი სამსახური გაუწია, მწვრთნელებს ეურჩებოდა და შედეგიც მოიმკო.

მისი დაცემა კი საბოლოოდ ლონდონის ოლიმპიადის ნახევარფინალში დავით მოძმანაშვილმა განაპირობა - ჩვენებურმა სწორად წარმართული ტაქტიკური ჭიდაობით "რუსული დათვი" დააჩოქა! ალბათ, ყველას გახსოვთ ის ამაღელვებელი კადრი ლონდონიდან - მუხლებზე ჩაჩოქილ მეტოქეს როგორ ანუგეშებდა მოძმანაშვილი! სპორტი, უპირველესად კი, ძალისმიერი სახეობები რაინდული სფეროა და ამ ჟესტით მოძმანაშვილმა თავისი პატივისცემა გამოხატა მართლაც ძლიერი მოჭიდავისადმი. მაშინ ამ ფაქტმა ყველას გული მოიგო, მახოვმა კი თურმე მოგვიანებით დიდსულოვნებისთვის მადლობაც გადაუხადა ქართველს.

ეს მარცხი მახოვისთვის მწარე ალიყური იყო, მაგრამ ბედმა ამასაც არ დააჯერა და ოლიმპიადის შემდეგ ხელზე ოპერაცია გაიკეთა. ეს სერიოზული ტრავმა იყო, რამაც ლამის ორი წელიწადი დააკარგვინა. შარშან ის კი დაბრუნდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის რუსეთის ნაკრებში ადგილი ვერ მოიპოვა, იქ უკვე ჭიდაობის ცოცხალი ლეგენდის, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ჰაჯიმურატ გაცალოვის ერაა.

მოგვიანებით ერთი შეხედვით დაუჯერებელი ცნობა გავრცელდა - მახოვმა ბერძნულ-რომაულ ნაკრებში მოინდომა მოხვედრა. იმ გუნდის ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა გოგი კოღუაშვილმა მას საკონტროლო შეხვედრის ნება დართო. მახოვმა ის შეხვედრა მოიგო და მერე მსოფლიოზეც წავიდა ტაშკენტში, სადაც წარმატებითაც იჭიდავა.

მახოვი რუსეთის ნაკრებში დაღესტანს კი წარმოადგენს, მაგრამ ეროვნებით ყაბარდოელია და მხოლოდ 16 წლისა გადასახლდა ხასავიურტში ხანკალა გაზიმაგომედოვთან სავარჯიშოდ, თუმცა მერე მაგომედ ჰუსეინოვთან გადაინაცვლა. სხვათა შორის, მან რუსეთის ნაკრებიდან ნამდვილი დაღესტნელი, ეროვნებით ავარელი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ბახტიარ ახმედოვი ამოაგდო. ისიც საინტერესოა, რომ თურმე თავიდან მახოვს ჭიდაობა... ბერძნულ-რომაულში დაუწყია და მერე გადასულა "თავისუფალში".

როგორც მახოვის ინტერვიუდან ირკვევა, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მას ხელზე კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთებია, სარეაბილიტაციოდ კი ისევ ნაცნობი "კლინიკისთვის" მიუმართავს - ქალაქ ტირნაუზში რუსეთის ძალოსანთა ნაკრების დამსახურებულ მწვრთნელ მეხდი მაკაევთან. ის პირველი ოპერაციის შემდეგაც თურმე მასთან მკურნალობდა და შედეგიანადაც.

მოკლედ, 28 წლის მახოვმა გადაწყვიტა, ორ კურდღელს გამოეკიდოს. ვნახოთ, რა გამოუვა ამით, თუმცა საინტერესო იქნება ამაზე ჰუსეინოვის აზრი, რომელიც თავნება შეგირდს ღიად არასოდეს აკრიტიკებს.

თიგიევი ბრუნდება
ამასობაში სპორტს დაუბრუნდა დოპინგის მიღებისთვის ორი წლით დასჯილი უზბეკი სოსლან თიგიევი. ის უზბეკეთის სახელით კი გამოდის, მაგრამ ეროვნებით ოსია და რუსეთიდან გადავიდა შუა აზიაში, ქომაგს კი ყველაზე მეტად ისევ ლონდონის ოლიმპიადიდან დაამახსოვრდებოდა - იქ 74 კილოგრამში მესამეზე გავიდა, მაგრამ დოპინგიც მაშინ აღმოუჩინეს. ამიტომ ის მედალი ჩამოართვეს და უნგრელ გაბორ ჰატოშს გადასცეს, ვინც მასთან ნახევარფინალში დამარცხდა.

თიგიევმა ახლახან სანკტ-პეტერბურგში ვიქტორ ნოვოჟილოვის მემორიალში იჭიდავა, ოღონდ ჩანს, ორწლიან უქმობას უქმად არ ჩაუვლია და მასაც გვარიანად მომატებია წონა - 86-ში იჭიდავა, თუმცა ჩემპიონი მაინც გახდა. ჯერ გადაჭრით არ ამბობენ, დარჩება ის ამ წონაში თუ ისევ 74-ში დაბრუნდება, მაგრამ ამდენის დაკლებაც ლამის წარმოუდგენელია. უფრო სწორად, დაკლებით კი დაიკლებს, მაგრამ მოჭიდავედ თუ ივარგებს...

საინტერესოა, რომ სოსლან თიგიევის უფროსი ძმა - თეიმურაზ თიგიევი ყაზახეთის სახელით გამოდიოდა და 96 კილოგრამში პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული