თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ჩემპიონატი და გეგმები

AutoSharing Option
ივნისში ბაქოში გასამართავი პირველი ევროპული თამაშებისთვის (რომელიც წლეულს ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული) შემადგენლობის შერჩევას თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც იწყებენ, რომლებიც ხვალ და ზეგ გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის დარბაზში საქართველოს ჩემპიონატს ჩაატარებენ. მიდგომა ამ ტურნირისადმიც მკაცრია და მომთხოვნი - ყველამ უნდა იჭიდაოს, ვისაც კი ევროპულ თამაშებზე გამოსვლა სურს.

მწვრთნელებს შეჯიბრებიდან ჯერ არავინ გაუთავისუფლებიათ, თუმცა წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, არ გამოვრიცხავთ, გამონაკლისი იყოს. რაც მთავარია, იჭიდავებს მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი, ვისაც უკვე გაუვიდა დოპინგის სიაში შეტანილი პრედუქტალის მიღებისთვის მისჯილი ექვსთვიანი დისკვალიფიკაციის ვადა. ამ წონაში
მართლაც საინტერესო ბრძოლები იქნება - პეტრიაშვილი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის მედალოსანი დავით მოძმანაშვილი, გიორგი საკანდელიძე, გიორგი მეშვილდიშვილი და სხვები...

ეროვნული ნაკრების ძველ ლიდერებს ახალგაზრდული გუნდის წევრებიც დაემატებიან, რომელთა დიდი ნაწილიც იჭიდავებს ქვეყნის ჩემპიონატში.

ახალგაზრდების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გოგშელიძემ აპრილის შუაში შეგირდების უმეტესობა დაასვენა და ბაქოში არ წაიყვანა იქაური ფედერაციის ჭიდაობის თასზე საასპარეზოდ, რათა მათ ქვეყნის ჩემპიონატში ეჭიდავათ. იმედია, ბევრი მათგანი თავის გამოჩენასაც შეძლებს, თუ არადა, ეროვნულ ნაკრებში კონკურენციას ნამდვილად გაზრდიან, თან ამ ტურნირის დონესაც საგრძნობლად აამაღლებენ.

მწვრთნელთა მოთხოვნით, ყველა ლიდერი თავის წონაში იჭიდავებს, თუმცა ერთი გამონაკლისი დაუშვეს - ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ნება დართეს, 55 კილოგრამის ნაცვლად ამჯერად ზედა წონაში, 61-ში გამოვიდეს.

არადა, მოგეხსენებათ, ეს წონა ოლიმპიურ კატეგორიაში არ შედის და ნუ იფიქრებთ, რომ ხინჩეგაშვილი წონით კატეგორიას იცვლის - ის მაინც 57-ში დარჩება. ბაქოში, ევროპულ თამაშებშიც ამ წონაში იასპარეზებს და ახლა სწორედ ამიტომ არ აკლებინებენ. მართალია, საგანგაშოდ ბევრი არ აქვს დასაკლები, მაგრამ დროის ასეთ მცირე მონაკვეთში - ახლაც და ივნისის შუაშიც ორჯერ დაკლება ყოვლად გაუმართლებელი ნაბიჯი იქნებოდა. ამიტომ ახლა ზედა წონაში გამოვა, რათა არ გამოიფიტოს, ევროპული თამაშებისთვის კი მეთოდურად, ნელ-ნელა დაიკლებს.

ჩემპიონატში ხვალ 57, 65, 74 და 97 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები კი ხუთშაბათს იასპარეზებენ. შეჯიბრებები 11 საათზე დაიწყება, დასწრება კი თავისუფალია.

ქვეყნის პირველობის შემდეგ ჩვენი ნაკრები ევროპული თამაშებისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადავა და ბაქოში წასვლამდე სამ შეკრებას გაივლის. თავიდან 2-ის მოწყობა იგეგმებოდა, მაგრამ მერე გადაწყვიტეს, შედარებით ხანმოკლე, მაგრამ სამი ჩაატარონ. პირველ მათგანს (თუმცა ეს ჩვეულებრივი, ანუ ორკვირიანი იქნება) 4 მაისს დაიწყებენ დუშეთში, რომელიც ერთობლივი იქნება - ჩამოვლენ სომხეთის, უკრაინის, მოლდოვისა და რუმინეთის გუნდები.

ამათგან უკრაინელები და სომხები უძლიერესი შემადგენლობებით იქნებიან. ამის შემდეგ ჩვენები მზადების ეტაპს "დახურავენ", ანუ უცხოელთა დიდი სურვილის მიუხედავად, ერთობლივ შეკრებებს აღარ გამართავენ, რათა მეტოქეები საკუთარ სამზარეულოში არ ჩაახედონ - ვინ რამდენს იკლებს და ვის უფრო უჭირს ეს პროცესი; ვის რა სიახლე აქვს წინა სეზონის შემდეგ, ვინ შეიტანა სიახლე საკუთარ არსენალში და სხვა. ბოლო, დასკვნით შეკრებას გუნდი ბორჯომში, სპორტკომპლექს "ოლიმპში" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული