გორელთა მძიმე არტილერია - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან

AutoSharing Option
ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ ტიტულოვანი გორელი ფალავანი, მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ექვსთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ საჭიდაო ხალიჩას წარმატებით დაუბრუნდა.

ახლახან თბილისში დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მან ოქროს მედალი მოიპოვა. 22 წლის პეტრიაშვილი ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი მეორედ გახდა, დიდებში პირველად 18 წლის ასაკში იყო საუკეთესო, იქამდე კი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის საქართველოს ყველა ჩემპიონატი, რომელზეც იასპარეზა, მოგებული აქვს. გენომ დიდებში საერთაშორისო ასპარეზზე 19 წლისამ იჭიდავა და როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ახალგაზრდებში კი ორ-ორჯერ იყო ევროპის და მსოფლიოს
ჩემპიონი, თუმცა შარშან აგვისტოში სწორედ მსოფლიოს ჩემპიონობის მეორედ მოპოვების შემდეგ დოპინგზე ჩავარდა და აღნიშნული ტიტული ჩამოართვეს. პეტრიაშვილთან საუბარი თავდაპირველად სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- რა თქმა უნდა ძალიან დასანანი იყო ის, რაც შარშან აგვისტოში მოხდა. გული დამწყდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით არ დავტოვე ასაკობრივი შეჯიბრებები, თუმცა ერთი წლით ადრე უკვე ვიყავი ამ ტიტულის მფლობელი და ამით გარკვეულწილად ვიქარვებ გულს. წამალი, რომელიც მაშინ მივიღე, სტიმულატორი არცაა, ჯანმრთელობის მცირე პრობლემის გამო ვსვამდი. სხვათა შორის მას ჩემი მოხუცი მეზობელიც იღებს და მეხუმრება ხოლმე - გენო, ახლა მე დოპინგზე ვზივარო. ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ მომხდარის გამო არავის ვადანაშაულებ, მაშინაც ჩავღუნე თავი და გავაგრძელე შრომა, ვარჯიში.

- თუმცა ვარჯიში ნაკრებთან ერთად აკრძალული გქონდათ...
- დიახ, ნაკრების საწვრთნელ შეკრებებზე ვეღარ მივდიოდი. ხშირად ინდივიდუალურად ვმეცადინეობდი, მაგრამ მკლავდა სურვილი ეროვნული გუნდის წევრებთან ერთად ვარჯიშისა. ნაკრებში ერთმანეთის კონკურენტებიც კი ახლო მეგობრები ვართ, ერთმანეთს ვეხმარებით, თუმცა შეჯიბრებაზე ყველაფერს ვაკეთებთ გამარჯვებისათვის. ექვსთვიანი იძულებითი პაუზის პროცესში უდიდესი დახმარება გამიწია ნაკრების ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა. რა თქმა უნდა, სულ გვერდში მედგა ჩემი პირადი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი.

- უშუალოდ შეჯიბრებაზე სამივე უმთავრეს კონკურენტთან მოგიწიათ შეხვედრამ...
- ...თანაც ზედიზედ. ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს ფინალამდე ფავორიტების გავლით გიწევს მისვლა თუ არა. პირველივე შეხვედრა დავით მოძმანაშვილთან ერთობ დაძაბული გამოდგა. ძალიან დიდი ენერგია შევალიე ამ გამარჯვებას. მერე დაახლოებით ნახევარი საათით დასვენების საშუალება მომეცა და ნახევარფინალში მასავით ძლიერ საკანდელიძესთან საჭიდაოდ გავედი, რომელიც აგრეთვე ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ესეც მოვიგე. რთული იყო ფინალში მეშვილდიშვილთანაც, თანაც თავიდან იგი დაწინაურდა, ოღონდ მაინც გავტეხე მისი წინააღმდეგობა და გავხდი ქვეყნის ჩემპიონი. წარმატებით დაბრუნება მნიშვნელოვანი იყო სამომავლოდ შედეგიანი ასპარეზობისათვის.

- ტრიბუნებიდან ბევრი გიჭერდათ მხარს, გქომაგობდნენ. მაყურებლის ფაქტორი როგორ მოქმედებს თქვენზე?
- პირველად ასეთი მხარდაჭერის ძალა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვიგრძენი, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა. მაგალითად, ფეხში შესვლისას მათი შეძახილით ორმაგად ენერგიამოძალებულს თითქოს იოლად გამყავდა მოწინააღმდეგე წრიდან. მუდამ ვგრძნობ პასუხისმგებლობას გულშემატკივართან და ვცდილობ, არ დავაღალატო ისინი. ახლანდელ საქართველოს ჩემპიონატზეც სასიამოვნო იყო, მაყურებელი შეძახილებით რომ მამხნევებდა. მე ყველა მათგანის დიდი მადლობელი ვარ!

- შეჯიბრების შემდეგ როგორ შეხვდნენ კონკურენტები თქვენს გამარჯვებას?
- საჭიდაო ხალიჩის მიღმა მეგობრები ვართ და რომელმაც უნდა მოიგოს, ერთმანეთს ყოველთვის გულით ვულოცავთ. საერთაშორისო მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვისაც ყოველთვის აქტიურად ვეხმარებით ერთმანეთს უკეთ მომზადებაში.

- გორელებმა ამ ჩემპიონატზეც შესანიშნავად იჭიდავეთ. თქვენი მონაგარი გუნდური პირველი ადგილი - 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალია...
- გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლა უკვე საყოველთაოდაა ცნობილი. მას საფუძველი ბატონმა ნუგზარ სხირელმა ჩაუყარა და ჩვენზე უფროსი თაობის ფალავნებსაც ბევრი გამარჯვება მოუპოვებიათ. ახალგაზრდები ვცდილობთ, მათი ტრადიციები ღირსეულად განვაგრძოთ.

- ევროპის თამაშებზე ალბათ თქვენ მოგიწევთ მძიმე წონაში საქართველოს ღირსების დაცვა...
- ალბათ, თუმცა ყველაფერი მწვრთნელების გადასაწყვეტია. ისე კი, ვინც ნაკრებში იქნება, მჯერა, რომ ყველაფერს გააკეთებს ღირსეული და წარმატებული ასპარეზობისათვის.

- საერთაშორისო არენაზე წლეულს უცხოეთიდან ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტებად?
- თურქი ტაჰა აკგული და უკრაინიდან ზასეევი ისევ კარგ ფორმაში არიან. რუსეთიდან ჯერ არ ვიცით ვის დააყენებენ ნაკრებში. რუსეთის ჩემპიონატი მომდევნო თვეში უნდა გაიმართოს. მიმაჩნია, რომ ბევრი ძლიერი მოჭიდავეა მძიმე წონაშიც და მხოლოდ მაქსიმალურად კარგი მომზადებით შეიძლება მედლებზე ფიქრი.

გენოსთან საუბრის შემდეგ მის პირად მწვრთნელს ნუგზარ სხირელსაც ვთხოვეთ შეგირდის ასპარეზობის შეფასება.

"დისკვალიფიკაცია ექვსთვიანი იყო, მაგრამ მის ბოლო შეჯიბრებას თუ გავითვალისწინებთ, გენოს ფაქტობრივად რვა თვის განმავლობაში მოუწია საშეჯიბრო პრაქტიკიდან მოწყვეტამ. რა თქმა უნდა, პროგნოზების გაკეთებისგან თავს ვიკავებდით, თუმცა მჯეროდა, რომ ის შეძლებდა გამარჯვებას.
მართალია, უკმაყოფილება გამოიწვია კენჭისყრამ, რადგან განთესვით არ მოხდა ფალავანთა განლაგება ჯგუფებში და გენოს პირველივე შეხვედრაში დავით მოძმანაშვილთან მოუწია პაექრობამ, მაგრამ თავიდანვე ვუთხარი მას, რომ ფავორიტები ადრე თუ გვიან უნდა შეხვედროდნენ და ამ ფაქტორისთვის ყურადღება არ მიექცია.

აღსანიშნავია, რომ საკანდელიძესთან და ფინალში მეშვილდიშვილთან თავიდან ორი ქულით ჩამორჩა პეტრიაშვილი, მაგრამ ორივე მეტოქეს შემდეგ შვიდ-შვიდი ქულა აუღო. გენომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი ძალა, მასთან ჭიდაობა ძნელია, რადგან დიდი ენერგიის მქონეა, ტაქტიკურად სწორად ჭიდაობს. იმედი გვაქვს, პოტენციალს საერთაშორისო ასპარეზზეც გამოავლენს და კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული