ბაქოს ტურნირი ჭიდაობაში: ქართველების ორ-ორი ოქრო და ბრინჯაო

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროთი და ამდენივე ბრინჯაოთი დაასრულა გამოსვლა ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირში. ჩემპიონები ელიზბარ ოდიკაძე (97) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი ოთარ გოგავა (57) და სანდრო ამინაშვილი (86) დაეუფლნენ.

ოდიკაძემ წარმატებით გაიარა უფრო რთული გზა ფინალამდე - იაპონელ იუჯი ფუკუის 2:1 მოუგო, ნახევარფინალში უკრაინელთა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის მესამე პრიზიორი პავლო ოლეინიკი ჯერ წრიდან გაყვანისთვის, მერე კი მისი პასიურობის ხარჯზე მოპოვებული ქულით 2:0 დაამარცხა, ხოლო ფინალში აზერბაიჯანელთა ოლიმპიური
ჩემპიონი შარიფ შარიფოვი 4:2 დაჯაბნა. არადა, ეს შეხვედრა ცუდად დაიწყო - ფეხში თვითონ შევიდა, მაგრამ მეტოქემ კონტრილეთით შეტევა გაუგრძელა და ზურგს უკან გდებით 2:0 დაწინაურდა. მე-2 წუთზე ლამის იგივე განმეორდა - შარიფოვი ისევ ბლოკავდა ამის ფეხში შესვლას, თუმცა ამჯერად ოდიკაძე მომზადებული დახვდა და შეტევა წარმატებით დაასრულა - 2:2.

გადამწყვეტი მომენტი მეორე პერიოდის დასაწყისშივე დადგა, როცა აზერბაიჯანელი წელში შევიდა და ჩვენებური წრიდან გაჰყავდა, მაგრამ ოდიკაძე ზედ ხაზთან მაგრად დაუდგა და იქით გადაისროლა 2-ქულიანზე - 4:2. ეს უპირატესობა ქართველმა ბოლომდე შეინარჩუნა და ტიტულთან ერთად ჯილდოდ 10 000 დოლარიც მიიღო.

ამდენივე საპრიზო ფონდის მოსაპოვებლად სამი გამარჯვება ეყო პეტრიაშვილსაც, ოღონდ ეს გაცილებით ნაკლები ძალისხმევით გააკეთა - ქართველი მძიმეწონოსანი ყველა შეხვედრაში საგრძნობლად აღემატებოდა მეტოქეებს და მათ ძალების დაუძაბავად გაუსწროდა, ხოლო ფინალში არ გამოუცხადდა მასპინძელთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჯამალედდინ მაგომედოვი.

პეტრიაშვილმა ამერიკელ დომ ბრედლის 4:3 მოუგო, ნახევარფინალიდან კი ყირგიზი აიაალ ლაზარევი ჩამოიცილა, ვისთანაც ძალიან გაუჭირდა გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე. ცუდია, რომ ქართველს მაგომედოვთან რევანშის შანსი არ მიეცა იმავე მსოფლიოზე მარცხისთვის.

გოგავამ თურქ საიგინ პისმიოღლუსთან მოგების შემდეგ წააგო მონღოლთა მსოფლიოს პრიზიორ ბეკბაიარ ერდენბატთან, სანუგეშოში კი ყირგიზ ჟოლდოშბეკოვ ულუკბეკთან და აზერბაიჯანელ ფარვიზ იბრაგიმოვთან იმარჯვა.

გოგავას მსგავსად, ნახევარფინალში დამარცხდა ამინაშვილიც - აზერბაიჯანელ მსოფლიოს მედალოსან ალექსანდრ გოსტიევთან, მანამ კი იაპონელ მასაო მაცუსაკას აჯობა, ხოლო დამამშვიდებელში პოლონელ პატრიკ დუბლინოვსკის მოუგო.

ჩვენი გუნდიდან უმედლოდ მხოლოდ ბექა ლომთაძე (61) და ჯაბა ყველაშვილი (74) დარჩნენ.

ხვალ, 29 ნოემბერს, "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ეტაპზე ბერძენ-რომაელები იჭიდავებენ, სადაც ერთი მონაწილე გვეყოლება - მსოფლიოს პრიზიორი ლაშა გობაძე (80).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული