ალექსანდრ მედვედის თასი: ელიზბარ ოდიკაძემ ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
გუშინ, 18 თებერვალს, მინსკში დაიწყო სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ "ალექსანდრ მედვედის თასი" თავისუფალ ჭიდაობაში - ქალებშიც და ვაჟებშიც, სადაც ორივეში გვყავს მონაწილე.

ვაჟთა ნაკრებმა გუშინ მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა - ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ელიზბარ ოდიკაძე (97) მესამეზე გავიდა. ბრინჯაოს მოპოვება კიდევ ორ ქართველს შეეძლო - ოთარ გოგავას (57) და კონსტანტინე ხაბალაშვილს (65), მაგრამ მეხუთეზე დარჩნენ.

ოდიკაძემ პირველ შეხვედრაში დამაჯერებლად მოუგო ამერიკელ კევინ ჰადსონს - წმინდად მოუგო. მერე კიდევ ერთ შეხვედრაში იმარჯვა, ნახევარფინალში კი მასპინძელთა ლიდერ ივან იანკოუსკისთან წააგო. ბრინჯაოსთვის პაქრობაში ჩვენებურმა
გერმანელი გენადი გუდინოვიჩი დაამარცხა.

ევროპის პრიზიორი ხაბალაშვილი კარგად ჩაება ტურნირში - ჯერ მონღოლ ბადბოლ ნომინს სძლია, მერე კი წმინდად დაამარცხა გერმანელი კევინ ჰენკელი, 10:0. შეიძლება ითქვას, აქ მას ყველაფერი გამოსდიოდა, თუმცა მეოთხედფინალში უკვე თავად წააგო პირწმინდად რუსთა ოს მსოფლიოს ჩემპიონ სოსლან რამონოვთან.

გოგავა ამ ტურნირზე ბოლოს გამოიძახეს - თავიდან შეკრებაზე არ წაუყვანიათ, თუმცა არცთუ ურიგოდ გამოვიდა. ოღონდ ამ წონაში საუკეთესო ქართველი არა ის, არამედ რუსეთის სახელით მოჭიდავე ნოდარ არაბიძე გახდა, ვინც ფინალშიც გავიდა, იქ კი თურქ რეზა ატრისთან წააგო.

აღსანიშნავია, რომ ესაა ერთადერთი წონა, სადაც რუსები ოქროს გარეშე დარჩნენ, თორემ დანარჩენ სამივე წონაში იქაურებმა გაიმარჯვეს. სამივე ჩემპიონი ოსია, რასაც რუსულ საჭიდაო ფორუმებზე უმალ მოჰყვა კომენტარები, ოსებს დაეტყოთ ჯამბულათ თედეევის დაბრუნება ნაკრების მთავარ მწვრთნელადო. ამ სამიდან ერთი უბერებელი ჰაჯიმურატ გაცალოვია, რომელიც უკვე 34 წლისაა (ეს - საბუთებით, თორემ ისე, ვინ იცის) და ამ ასაკში მძიმე წონიდან ისევ 97-ში დაბრუნდა.

ევროპული თამაშების მედალოსანმა ჯუმბერ ყველაშვილმა (74) რუს მაგომედ მუტალიბოვს 3:1 კი მოუგო, მაგრამ უზბეკ მსოფლიოს პრიზიორ რაშიდ ყურბანოვთან წააგო. ამავე წონაში წარუმატებლად გამოვიდნენ ზურაბ ერბოწონაშვილიც და იაკობ მაქარაშვილიც.

ქალთა ტურნირში რუსეთიდან გადმოყვანილი ლიანა ალმეევას (მაჭარაშვილი) დებიუტი შედგა. ქართველმა გოგონამ ერთი პაექრობა მოიგო - ყაზახ სვეტლანა ანკიჩევასთან, მაგრამ მეტი ვერ შეძლო.

მინსკში ტურნირი დღეს დასრულდება. დღესვე იჭიდავებენ ჩვენი მთავარი ფავორიტებიც: ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ოღონდ ის 61-ში გამოვა), ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილი (86) და ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი გენო პეტრიაშვილი (130).

მათ გარდა, მინსკში იჭიდავებენ ზურაბ იაკობაშვილი, დავით ტლაშაძე (ორივე - 70), ევროპული თამაშებისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი სანდრო ამინაშვილი, ირაკლი მწითური, თავისი ხარჯით წასული თორნიკე ალადაშვილი (სამივე - 86) და გიორგი საკანდელიძე (130).

ამ ტურნირის პარალელურად, იქვე ჭაბუკთა შეჯიბრება "დათუნიაც" ტარდება, რომელშიც ჩვენი ნაკრებიც გამოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული