ოლიმპიადამდე შეცდომებზე ვიმუშავებთ - ინტერვიუ დავით პოღოსიანთან

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტრიუმფით იასპარეზა რიგაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე - 8 წონიდან ექვსში მედალი მოიპოვა და გაიმარჯვა გუნდურ ჩათვლაში. ჩვენი ბიჭების ანგარიშზე 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა. ევროპის ჩემპიონები გორელები - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ, ვერცხლსაც მათი თანაქალაქელი დავით ტლაშაძე (70) დაეუფლა, მესამეზე კი თბილისელები: იაკობ მაქარაშვილი (74), ელიზბარ ოდიკაძე (97) და ყაზბეგელი დავით მარსაგიშვილი (86) გავიდნენ.

ამ ტურნირის შესახებ გვესაუბრება ნაკრების მწვრთნელი დავით პოღოსიანი.

Sportall.Ge- ალბათ, შეუძლებელია, წარმატების გარდა, სხვანაირად შევაფასოთ
ევროპის პირველობაზე გამოსვლა...

- ასეთ გამოსვლას ველოდებოდით ანუ ეს გეგმაზომიერი შედეგია და თან ბიჭებმაც ყველაფერი გააკეთეს.

ხდება ხოლმე, როცა ელოდები, მაგრამ სპორტსმენები ვერ აკეთებენ ყველაფერს მაქსიმალურად. ამ ბიჭებს შეკრებებზე რომ ვუყურებდით, გვქონდა მათი იმედი. ვიღაცას ნერვიულობა, რაღაც განცდა ყოველთვის აქვს და აქაც იყო ეს ფსიქოლოგიური მომენტები, მაგრამ ყველანაირად ვამხნევებდით, ვეხმარებოდით მათ.

ნაკრებში ბოლო დროს შექმნილი ამბების მიუხედავად - დოპინგსკანდალი, გოგავასთვის ვიზის დაგვიანებით გაცემა და სხვა, - ვიცოდით, რომ წარმატებით გამოვიდოდით.

გოგავას შემთხვევა ძალიან დასანანია. ლატვიის საელჩომ შეცდომით მარტის ნაცვლად აპრილი ჩაუწერა. მერე კი გამოასწორეს შეცდომა, მაგრამ შეჯიბრების დღეს, დილის 8 საათზე ჩამოვიდა რიგაში, პირდაპირ ავწონეთ და ლეიბზე შევაგდეთ, საუზმეც კი ვერ მოასწრო. საერთოდ რომ დაუშვეს ჩემპიონატში, ამაში დიდი როლი ითამაშა ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტმა მანუჩარ კვირკველიამ - გამონაკლისი გააკეთეს. ეს რომ არა, გოგავაც მედალს მოიპოვებდა.

ძალიან დასანანი შეცდომა დაუშვა ზურაბ იაკობაშვილმა - ჯერ მაინც აკლია გამოცდილება.

პეტრიაშვილი აქედანვე იძახდა, ხასიათი უნდა ჩავდოო და მართლაც ასე მოიქცა - თავისი ახალგაზრდული ჟინი, შემართება, ყველაფერი გაიღო და იმხელა ჩემპიონიც დაამარცხა. თუმცა მარტო თურქი ტაჰა აკგული კი არა, დაამტკიცა, რომ ალან ზასეევსაც ადრე შემთხვევით არ მოუგო.

ლადო ხინჩეგაშვილმა იმაზე მეტი შეძლო, რასაც მისგან იქ დამსწრე საჭიდაო სამყარო ელოდებოდა. ის ისეთი მოჭიდავეა, კითხვის ნიშნებს არ ტოვებს. შეიძლება, წააგოს, მაგრამ ვიცით, რომ იბრძოლებს და ყველაფერს გაიღებს. საბედნიეროდ, რიგაში ძალიან მაგრად გაიარა მთელი ტურნირი და ახალ წონაშიც ლიდერად გამოჩნდა.

დავით ტლაშაძემაც კარგად იჭიდავა, შანსიც გამოიყენა, თუმცა მეტიც შეეძლო, მაგრამ მეტოქეც ძლიერი ჰყავდა. პოლონელი მაგომედმურად გაჯიევი კარგი სპორტსმენია, თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და მთელი შეხვედრა ასე წარმართა.

იაკობ მაქარაშვილი ცოტა დაძაბული იყო. ის უკვე ასაკშიც შედის და ყოველთვის მცირედი აკლდებოდა მედლამდე. ერთხელ მსოფლიოზე ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა და ძალიან გაგვიხარდა, ახლა რომ გაუმართლა.

დავით მარსაგიშვილს მეტი შეეძლო, მაგრამ რაღაც მომენტში აზერბაიჯანელმა ალექსანდრ გოსტიევმა აჯობა. ვერ გაიხსნა თუ რა მოხდა, ვერ გეტყვით, მაგრამ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში გაიმარჯვა.

ელიზბარ ოდიკაძეს დიდი პოტენციალი აქვს. როცა საკუთარ თავს მობილიზებას გაუკეთებს და ჩაიფიქრებს, რომ უნდა მოიგოს, აუცილებლად იმარჯვებს, მაგრამ ზოგჯერ ვერ ახერხებს მობილიზებას. უკრაინელ ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვლადიმერ ანდრეიცევთანაც მეშინოდა, მაგრამ სპორტსმენმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ხალიჩაზე, როგორ მოიქცეს კონკრეტულ მომენტში. მან ეს თუ ვერ გააკეთა, რამდენიც უნდა უყვირო გვერდიდან, არაფერი გამოვა. ოდიკაძეც როგორ მიჰყვა ბოლო წამამდე და არ მოეშვა მეტოქეს, შედეგად კი ქულაც მოინადავლა და გამარჯვებაც მოიპოვა.

- საოლიმპიადოდ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რა გაჩვენათ ამ ტურნირმა?
- ამ ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა - საქართველოს ჩემპიონატი დეკემბრის ნაცვლად იანვარში ჩატარდა და დრო არ გვეყო მოსამზადებლად. მაგალითად, ფეხებში მუშაობაზე მეტი იყო საჭირო, მაგრამ ვერ მოვასწარით. იქ დანახულ შეცდომებზე ოლიმპიადამდე აუცილებლად ვიმუშავებთ. მაგალითად, იმავე პეტრიაშვილში დავინახე, რომ ბევრი რამე გამოსწორებულია, ბევრი სიახლე აქვს, მაგრამ გამოსასწორებელიც ბევრია.

გუნდი ჩემპიონი გახდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვართ კმაყოფილები. ჩვენი მიზანია, ოლიმპიადაზე მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ და ისე მოვემზადოთ, კითხვის ნიშნები რომ არ დარჩეს.

- ფეხში შესვლები თვით პეტრიაშვილსაც სერიოზულ ნაკლად გამოუჩნდა - აგკული ოთხჯერ აიყვანა, მაგრამ ვერ გადააგდო და პირიქით - ორჯერ იმან კონტრილეთით ქულები აართვა; ზასეევმაც დაუხურა და გაუკეთა კონტრი, უნგრელმა დანიელ ლიგეტიმ დატრიალებისას დაიჭირა კონტრილეთზე...
- ის ახლა სულ სხვა კომპონენტებზე აკეთებს აქცენტს. მისი ჭიდაობა უფრო პრაგმატული გახდა, შედეგზე ჭიდაობს, რაც იქნებ არაა იმდენად სანახაობრივი, მაგრამ საჭიროა.

ახლა მის ჭიდაობაში ბევრი დადებითი დავინახე. ადრე ძირითადად ერთ ფეხში შედიოდა, ახლა - ორივეში, თავიც კარგად გაჰქონდა გარეთ. შეიძლება, ილეთს ყოველთვის ვერ ასრულებდა შედეგიანად, მაგრამ ახლა უფრო მეტად დაიჯერებს თავის შესაძლებლობებს. თან თვითონ ქმნიდა მომენტებს, თორემ აკგული ისე იოლად არ მისცემდა იმ ბოლო ორ ქულას.

მე ყოველთვის ვეუბნები მათ, რომ როგორც ფეხბურთელს უნდა შეეძლოს ორივე ფეხით დარტყმა, მოჭიდავესაც ასევე უნდა შეეძლოს ორივე ფეხში შესვლაც და ორივეს დაცვაც. სხვანაირად დიდი მოჭიდავე ვერ გახდები.

- ხინჩეგაშვილი შეუდარებლად გაზრდილია წინა ოლიმპიადასთან შედარებით. ფაქტობრივად, უშეცდომო მოჭიდავეა.
- ადრე მას 61-ში რომ ვაჭიდავებდით, სულ გვეშინოდა, რადგან ფიზიკური მომზადება აკლდა და შეიძლებოდა, წაეგო. ამ შეჯიბრებამ გვაჩვენა, რომ ლადო ფიზიკურად, ფუნქციონალურად და სხვა კუთხითაც გაზრდილია. მორალურად მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც ძალიან დაეხმარა. აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს, ვინც დამაჯერებლად მოიგო მსოფლიოს ბოლო ორი პირველობა, შანსი არ დაუტოვა. ილეთის გრძნობა მაღალ დონეზე აქვს განვითარებული, დამჯერია და გისმენს, რასაც ეუბნები. ხომ მსოფლიოს ჩემპიონია, მაინც ყოველთვის გისმენს და სულ ცდილობს, რამე ისწავლოს.

მათ ყოველთვის ვეუბნები - სანამ უსმენ, იზრდები, ხოლო როცა მიიჩნევ, რომ ყველაფერი იცი, მაშინ ერთ ადგილზე გაჩერდები.

- გუნდურში გამარჯვებას როგორი გამოხმაურება მოჰყვა?
- გუნდურში სულ ოქროს ახლოს ვტრიალებდით და ბევრჯერ გვაკლდებოდა ცოტა. არადა, არაა იოლი ბრძოლა, ისეთ ქვეყნებთან გვიწევს კონკურენცია. მაგალითად, რუსეთს მხოლოდ მოჭიდავე ჰყავს იმდენი, რაც საქართველოს - მთლიანად მოსახლეობა. ვიცოდით, რომ ახლაც რთული იქნებოდა ბრძოლა, მაგრამ საბედნიეროდ, შრომა დაგვიფასდა.

ბოლო დღემდე რუსებთან 8 ქულით ვაგებდით, მაგრამ გათვლილი გვქონდა, ტლაშაძე და პეტრიაშვილი სამეულში თუ შევიდოდნენ, გამარჯვების შანსი გვქონდა. ყველას გაუხარდა ჩვენი წარმატება და ყველა გვილოცავდა. ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი ცენო ცენოვი მოვიდა და ერთი ხელის კი არა, ორივე ხელის ზეაწეული ცერა თითით გვანიშნა, მაგრები ხართო.

მსოფლიოს ფედერაციის პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩი ჩვენთან ერთად მივიდა აეროპორტში და გვითხრა, მე ყოველთვის მჯეროდა თქვენიო. რუსებმაც მოგვილოცეს. მათ შორის - მთავარმა მწვრთნელმა თედეევმაც, რომელიც სათითაოდ მივიდა ბიჭებთან და ყველას მიულოცა.

- დაბოლოს, სალიცენზიო ტურნირებისთვის როდიდან დაიწყებთ მზადებას?
- სალიცენზიო ტურნირებზე ორ წონაში გამოვალთ - 65-სა და 74-ში. ამ შეჯიბრებებისთვის მზადებას მალე დავიწყებთ, პატარა შეკრებას მოვაწყობთ, რადგან ბიჭები ახალი დაბრუნებულები არიან ევროპის ჩემპიონატიდან და მათი გადაღლა არ გვინდა. ვეცდებით, შევანარჩუნებინოთ ეს ფორმა.

ამ რანგის პირველი შეჯიბრება ევროპის სალიცენზიო ტურნირია, რომელიც 15-17 აპრილს სერბულ ზრენჯანინში გაიმართება. ვეცდებით, იქვე მოვიპოვოთ ორივე საგზური. ცხადია, მძიმე ბრძოლა გველოდება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ბრაზილიაში ექვსივე წონაში გვეყოლება მონაწილე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტლაშადემაც კარგად იჭიდავა კიარა,ნუდააკლებინებდით წონას მინსკში და ოქროსაც აიგებდა. სამ კვირაში ორჯერ დაკლება ცოტა ბევრი ხოარარის.
gori
14:12 19-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული