ის თბილისელია და მისი ძმა - ლაშა ქეთიშვილი თავიდან ბოლომდე საქართველოს სახელით ჭიდაობდა, ახლა კი მწვრთნელად მუშაობს აქვე, ხოლო გიორგი გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს შიდა კონკურენციას გაერიდა და რუსეთში წავიდა.
იქ გვარი შეიცვალა, კეტოევი გახ
საბოლოოდ კეტოევმა ოლიმპიადაზე ბრინჯაო მოიპოვა, მომდევნო წელს კი 86 კილოგრამიდან მაშინდელ 96-ში გადავიდა და ზედიზედ მესამედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, თუმცა იქ აზერბაიჯანელ ხეტაგ გოზიუმოვთან დამარცხდა.
ამის შემდეგ კეტოევის კარიერა თავდაღმა დაეშვა, რაშიც, როგორც ამბობენ, ლომის წილი მისმა ხასიათმა შეასრულა - რუსულ საჭიდაო ფორუმებზე ღიად წერდნენ და ამ ხმებს დროდადრო პრესაში გაჟღერებული მწვრთნელთა კომენტარებიც ადასტურებდა, რომ ვარჯიშს მოუკლო და მეგობრებთან დიდ დროს ატარებდა.
კეტოევმა ბოლოს დიდ ტურნირზე 2013 წელს, ივან იარიგინის მემორიალზე იჭიდავა, თუმცა მეცხრე ადგილზე გავიდა და სპორტიდან წასვლაც გადაწყვიტა. მით უფრო, მაშინ იქ 96 კილოგრამში ჰაჯიმურატ გაცალოვი და მისი ახალგაზრდა კონკურენტი აბდუსალამ გადისოვი ბატონობდნენ. კეტოევმა მათთვის კონკურენციის გაწევა კი სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
ეტყობა, ოლიმპიური ჩემპიონობა მისთვის იმდენად დიდი მოტივაციაა, რომ 31 წლის ასაკში გადაწყვიტა დაბრუნება და ბედის კიდევ ერთხელ მოსინჯვა. ოღონდ რუსეთის ნაკრებში ადგილი დაკავებული იყო და მანაც სომხეთს მიაშურა.
სხვათა შორის, ბოლო წლებში სომხებს ამ წონაში ქართველი ჰყავდათ - ვალერი ყაზიშვილი, ხოლო მძიმე წონაში ახლაც ჭიდაობს მსოფლიოს მესამეპრიზიორი (ეს მედალი 2010 წელს ჯერ კიდევ ჩვენი სახელით მოიპოვა) ლევან ბერიანიძე.
კეტოევმა სომხეთს უკვე გადაუხადა მადლობა - ულან ბატორში ლიცენზია მოიპოვა და აგვისტოში რიო დე ჟანეიროში ოლიმპიადაზე იჭიდავებს, სადაც ელიზბარ ოდიკაძის ერთ-ერთი კონკურენტი იქნება.
არადა, მონღოლეთში ძლიერად იჭიდავა და ჩემპიონიც გახდა. მან დასაწყისში შვეიცარიელი ფილიპ ხატერი და რუმინელი ვასილ კარასი დიდი ანგარიშით, წმინდად დაამარცხა: 11:0. ნახევარფინალში მოლდოველ ნიკოლაი ცებანს 7:0 აჯობა, ფინალში კი უზბეკეთის სახელით მოჭიდავე დაღესტნელი მაგომედ იბრაგიმოვი 4:3 დაამარცხა.
3-წლიანი შესვენების ფონზე მშვენიერი დაბრუნებაა. აშკარაა, ის ამ ძლიერ წონაში კიდევ უფრო გაამძაფრებს კონკურენციას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"