ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: ვეცდები, კარიერის დანაკლისი ოლიმპიური ოქროთი შევავსო

AutoSharing Option
28 ივლისს დუშეთში, ოლიმპიურ ბაზაზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიურმა ნაკრებებმა ღია ვარჯიში გამართეს. "თავისუფლებმა" იქ ვარჯიში ორი დღის წინ დაიწყეს და მათთან ერთად უცხოელებიც არიან. ჩამოვიდნენ ინდოელები, რომლებსაც სპორტსმენზე მეტი მწვრთნელი ჰყავთ, ერთი მათგანი კი ვლადიმერ მესტვირიშვილია.

მათ სულ სამი ლიცენზია აქვთ, თუმცა ერთი ლიცენზირებული, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ნარსინგხ იადავი (74) დოპინგზე ჩავარდა და არ ჩამოუყვანიათ. არ ჩამოსულა არც მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი სუშილ კუმარი (66), ვინც იადავის საგზურზე აცხადებდა პრეტენზიას, მაგრამ მწვრთნელებმა ლიცენზია სხვას გადასცეს.

დუშეთში
ჩამოვიდა ქართველებით გაძლიერებული სომხეთის ნაკრებიც, რომელსაც ოთხი ლიცენზია აქვს, აქედან ორი კი ქართველებმა მოიპოვეს - გიორგი კეტოევმა (ქეთიშვილი, 97) და ლევან ბერიანიძემ (125).

დუშეთში ღია ვარჯიშს ოლიმპიური ჩემპიონები - ლევან თედიაშვილი, დავით გობეჯიშვილი და ვახტანგ ბლაგიძეც ესწრებოდნენ. ბლაგიძე იქ "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებთან ერთადაა და იმათ ეხმარება მომზადებაში.

"ბერძენ-რომაელები" მზადების ამ ეტაპზე ორად გაყოფილნი ვარჯიშობენ - ხუთივე ლიცენზირებული სპორტსმენი: შმაგი ბოლქვაძე (66), ზურაბ დათუნაშვილი (75), რობერტ კობლიაშვილი (85), რევაზ ნადარეიშვილი (98) და იაკობ ქაჯაია (130), პლუს რევაზ ლაშხი ბაზალეთზეა შეკრებაზე და დუშეთში მხოლოდ მაშინ ჩადიან, როცა ლეიბზე ვარჯიშობენ, დანარჩენები კი ისედაც დუშეთში არიან, იქვე ცხოვრობენ და ემზადებიან. გუშინაც თავდაპირველად მათ ივარჯიშეს, "თავისუფლები" კი მერე შევიდნენ ლეიბზე. ამ გუნდს ტრავმირებული და სერიოზულად დაშავებული არავინ ჰყავს, მცირე ტრავმები კი სპორტსმენთა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

"თავისუფალთა" შეკრება, ძირითადად, ლეიბზე ვარჯიშს, ტექნიკურ-ტაქტიკური ასპექტების დახვეწას ემსახურება და ვარჯიშიც ამ სქემით ჩატარდა - სპორტსმენები, ძირითადად, წყვილებად დაყოფილები ვარჯიშობდნენ, ამუშავებდნენ სხვადასხვა ილეთს როგორც დაცვაში, ასევე - შეტევაში, ცოცავდნენ ბაგირზე და სხვა...

ბუნებრივია, მწვრთნელების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ის ექვსი ლიცენზიანტია, რომლებმაც სულ მალე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე უნდა იასპარეზონ. საბედნიეროდ, ყველა მათგანი ჯანმრთელადაა და სერიოზული, საშიში ტრავმა არავის აწუხებს. შედეგად, სრული დატვირთვითაც ივარჯიშეს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც (57), გენო პეტრიაშვილმაც (125), ელიზბარ ოდიკაძემაც (97), სანდრო ამინაშვილმაც (86), ზურაბ იაკობაშვილმაც (65) და იაკობ მაქარაშვილმაც (74) გულმოდგინედ ივარჯიშეს და ნორმალური შთაბეჭდილებაც დატოვეს.

უცხოელები დიდ ინტერესს იჩენდნენ მათთან სავარჯიშოდ, განსაკუთრებით - ინდოელები, თუმცა მათ საკუთარი გეგმა აქვთ, სტუმრებისთვის კი უფრო ჩვენი სათადარიგოები იცლიან.

რიო დე ჟანეიროში თავდაპირველად "ბერძენ-რომაელები" გაფრინდებიან - 4 აგვისტოს, თუმცა მანამდე - 2-ში საკონტროლო შეხვედრები ექნებათ, "თავისუფლები" კი ბრაზილიის შორეულ გზას 8 აგვისტოს, გამთენიისას დაადგებიან.

ვარჯიშის დამთავრების შემდეგ "თავისუფალთა" ნაკრების რამდენიმე წევრს გავესაუბრეთ.

არჩილ ქიტიაშვილი (მწვრთნელი): "მზადება ამ ეტაპისთვის ნორმალურად მიდის. საბედნიეროდ, ბიჭებს საშიში ტრავმები არ აქვთ და მთელი შემართებით ემზადებიან ოლიმპიადისთვის. შეკრება გუშინ დავიწყეთ და ნელ-ნელა, ეტაპობრივად მივყვებით იმ გეგმას, რომელიც ამ შეკრებისთვის დავისახეთ. ეს ეტაპი ხალიჩაზე ვარჯიშს ეთმობა, სადაც ტექნიკასა და სისწრაფეზე ვიმუშავებთ, გვექნება საკონტროლო შეხვედრებიც და მთელი აქცენტი წმინდა ტექნიკურ მხარეზე იქნება გადატანილი. ზოგს ადრინდელი პატარ-პატარა ტრავმა კი ახსენებს თავს, მაგრამ ამ ეტაპისთვის საშიში არაფერია და, იმედია, არც იქნება".

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: "მზადება დასახული გეგმის მიხედვით, შეუფერხებლად მიდის. გავლილია ყველა ის ეტაპი, რაც საჭიროა ოპტიმალური ფორმის მისაღწევად. შევეცდები, ბრაზილიაში ოლიმპიური ოქროთი შევავსო ის, რაც დანაკლისია ჩემს კარიერაში".

სანდრო ამინაშვილი: "ყველაფერი შეუფერხებლად მიდის, ბოლო შეკრება დაგვრჩა, ეს ეტაპი ახალი დაწყებულია და თანდათან შევალთ ოპტიმალურ ფორმაში. მწვრთნელები, ექიმები გვერდში გვიდგანან, რომ კარგ ფორმაში შევხვდეთ ამ ოლიმპიადას. ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზეა და სრული დატვირთვით ვემზადებით თამაშებისთვის".

გენო პეტრიაშვილი: "გუნდში კარგი სიტუაციაა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ წარმატებით გამოვიდეთ. წინასწარ პროგნოზები არ მიყვარს, მაგრამ ყველაფერს ვეცდებით და ბოლომდე დავიხარჯებით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ქართველო ლომებო!!!!!
zaza
15:42 29-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული