მეტოქე: შარიფ შარიფოვი დააბრუნეს, ჰაჯი ალიევი - დასწიეს

AutoSharing Option
როგორც იქნა, აზერბაიჯანელებმა საბოლოოდ დააზუსტეს თავისუფალ ჭიდაობაში თავიანთი
ნაკრების შემადგენლობა და დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (57) ოლიმპიადაზე საბოლოოდ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ზედა წონაში - 61 კილოგრამში ჰაჯი ალიევი დაუყენეს.

შეგახსენებთ, რომ ხინჩეგაშვილმა ალიევს წლეულს დამაჯერებლად მოუგო რიგაში, ევროპის ჩემპიონატზე. თანაც, ის შეხვედრა 61 კილოგრამში გაიმართა და არა 57-ში, ალიევს კი უჭირს წონის დაკლება.

ჩვენმა მეზობლებმა ალიევის ამბავი ადრეც განაცხადეს, თუმცა იქვე დაამატეს, რომ ეს წონა შედიოდა იმ სამში, სადაც შეიძლებოდა ცვლილება მომხდარიყო.

საბოლოოდ დავით ხურციამ და კომპანიამ (ჩვენებური
მეზობელთა სამწვრთნელო შტაბში შედის) ცვლილება აქ არა, მაგრამ 86 კილოგრამში კი განახორციელა, სადაც ზედა წონიდან ჩამოანაცვლეს წინა ოლიმპიადის გამარჯვებული შარიფ შარიფოვი.

მოგეხსენებათ, ამ ოლიმპიურ ციკლში ის 97-ში ცდილობდა დამკვიდრებას, მაგრამ ვერ შეძლო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონისა და ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსან ხეტაგ გოზიუმოვის წინააღმდეგობის დაძლევა და ისევ ძველ წონას მიაშურა.

აზერბაიჯანელებმა გუნდში უხმეს მეორე ოლიმპიურ ჩემპიონ ტოგრულ ასკაროვსაც (65; საინტერესოა, რომ ესეც და შარიფოვიც დაღესტნელები არიან). ამათ გარდა, გუნდში მოხვდნენ მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის პრიზიორი ჯაბრაილ ჰასანოვი (74) და მძიმეწონოსანი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჯამალედინ მაგომედოვი (125).

ჯერჯერობით ისევ არაფერი ისმის ბელორუსიდან, ჩაატარეს თუ არა მათ საკონტროლო შეხვედრა და ოლიმპიადაზე ვის აყენებენ 57 კილოგრამში. შეგახსენებთ, რომ რუსი ვიქტორ ლებედევის მოკვეთის შემდეგ (ის 2006 წელს იხდიდა სასჯელს დოპინგის მიღებისთვის და ამიტომ ამ ოლიმპიადაზე გამოსვლის ნება არ დართეს) ლიცენზია ბელორუსს გადაეცა, რომელმაც არჩევანი ულადისლაუ ანდრეეუსა და ასადულა ლაჩინაუს შორის უნდა გააკეთოს.

კოღუაშვილს უტევენ
ამასობაში დარტყმის ქვეშ მოექცა რუს "ბერძენ-რომაელთა" ქართველი თავკაცი გოგი კოღუაშვილი - მას ჩეჩენი იბრაგიმ ლაბაზანოვი (59) და მისი პირადი მწვრთნელი რუსტამ მამბეტოვი უპირისპირდებიან. თუმცა უფრო მეტად მამბეტოვი აქტიურობს, თავად ლაბაზანოვის კომენტარი კი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

"მონასტერი" მას შემდეგ აირია, რაც გამოქვეყნდა რუს "ბერძენ-რომაელთა" ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობა, მასში კი ლაბაზანოვი ვერ მოხვდა. არადა, ჩეჩენმა მოიგო გროზნოში გამართული რუსეთის პირველობა, რაც საოლიმპიადოდ მთავარი შესარჩევი შეჯიბრება იყო. მან ფინალში აჯობა სტეპან მარინიანს, შეკრებებზე, საკონტროლო შეხვედრებში კი კიდევ ერთხელ მოუგო მასაც და სხვა კონკურენტსაც - მინგიან სემენოვს.

თურმე არაოფიციალურად უკვე მაშინვე გამოცხადდა რუსეთის ნაკრების შემადგენლობა, რომელშიც ლაბაზანოვიც შედიოდა, მაგრამ 28 ივლისს იქაური ჭიდაობის ფედერაციის საიტზე ოფიციალურად გამოცხადებულ გუნდში მის ნაცვლად 59 კილოგრამში სტეპან მარინიანი ეწერა.

მამბეტოვი მიიჩნევს, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ყველაფერი 2-3 დღეში გაირკვევა, რადგან ლაბაზანოვმა სუფთა ბრძოლაში დაიმსახურა ოლიმპიადის საგზური. სხვათა შორის, რუსულ პრესასთან ინტერვიუში კოღუაშვილიც აცხადებს, რომ კეთილი და პატიოსანი - ჩეჩენს მართლაც ვერაფერში მიედავები, რადგან ორივე კონკურენტს მოუგო, თუმცა ამ კონტექსტში მისი მისამართით ერთი ავბედითი სიტყვაც გაისმა - დოპინგი!

მამბეტოვის თქმით, თითქოს გავრცელდა ხმები, რომ ის დოპინგზე ჩავარდნის შიშით ჩაანაცვლეს, რასაც მწვრთნელმა აბსურდი უწოდა და განაცხადა, რომ მისი შეგირდი არავითარ აკრძალულ პრეპარატს არ იღებდა და სუფთაა.

ბუნებრივია, ვერ ვამტკიცებთ, იღებდა თუ არა ლაბაზანოვი დოპინგს და ეს არცაა ჩვენი მიზანი, მაგრამ ჩავარდნის მართლაც თუ რამე, თუნდაც იოტისოდენა შანსი არსებობდა, ამ ვითარებაში რუსები არ გარისკავდნენ.

ეგ კი არა, ჯერ თავად რუსი მოჭიდავეების საკითხიც გასარკვევია და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მათი დაშვების საკითხს სპეციალური კომისია სწავლობს.

მართალია, დიდი შანსი არაა, რუსებს მძლეოსნებივით და ძალოსნებივით აუკრძალონ თამაშებში მონაწილეობა, მაგრამ დაველოდოთ მოვლენებს. ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რუსები "სუფთად" ჭიდაობდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ისინიც და ძიუდოისტებიც "მშრალად" გამოძვრნენ, ლებედევის საქმეს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, და ისიც ადრინდელი დისკვალიფიკაციისთვის დაისაჯა, თორემ ბოლო პერიოდში არავის აღმოჩენია დოპინგი. ეგ კი არა, ეჭვმიტანილთა შორისაც არ ყოფილან, რაც სინჯების სამართლიანობაზე ეჭვებს კიდევ უფრო ზრდის.

სხვათა შორის, ლაბაზანოვთან დაკავშირებით კოღუაშვილმაც განაცხადა, მისი ბილეთი ჯერ კიდევ არ დაგვიბრუნებიაო. საინტერესოა, რას ელოდება ის - დოპინგის ახალ სინჯებს ხომ არა? ვაიდა, ლაბაზანოვი სუფთა აღმოჩნდეს, ისევ დააბრუნოს გუნდში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული