ინდოეთის პროფესიულ საკლუბო ლიგაში ქართველები კვლავაც იჭიდავებენ

AutoSharing Option
ამ დღეებში ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებულმა ფედერაციამ (უვვ) გამაფრთხილებელი წერილები დაუგზავნა ეროვნულ ფედერაციებს, რომ თუ მათი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებდნენ ინდოეთის პროფესიული საკლუბო ლიგის გათამაშებაში, შესაძლოა, დაჯარიმებულიყვნენ.

წერილი, რომელსაც ხელს უვვ-ს გენერალური მდივანი მიშელ დიუსონი აწერდა, შეიცავდა მოწოდებასაც, არ გაეშვათ თავიანთი სპორტსმენები ინდურ ლიგაში, რადგან, თურმე, ის არ წარმოადგენდა მათი ორგანიზაციის კალენდარული გეგმით გათვალისწინებულ ლიცენზირებულ ღონისძიებას.

მსგავსი წერილი საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამაც მიიღო და საყურადღებო გზავნილიც იყო, რადგან ამ ლიგაში ჩვენებიც გამოდიან.

ინდოელებმა საკლუბო ლიგას შარშან ჩაუყარეს საფუძველი, ბლომად სპონსორებიც მიიზიდეს, მილიონიანი
საპრიზო ფონდიც შექმნეს და მართლაც გრანდიოზული გათამაშება ჩაატარეს. მათ ერთგვარი შოუ დადგეს - ლეიბზე გასვლა, ფერადი განათება, მუსიკალური გაფორმება თუ სხვა დეტალები ფრიად თეატრალიზებული და ამერიკულ სტილში იყო გადაწყვეტილი.

ლიგის გათამაშებაში ლომის წილი ქართველებმაც დაიდეს - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გიორგი საკანდელიძე (125) თავიანთ კლუბებში ლიდერებად მოგვევლინნენ.

თუმცა არ გეგონოთ, იქ ჭიდაობა მხოლოდ სპორტსმენთა ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. პირიქით, კლუბები საკმაოდ მკაცრი პრინციპით, აუქციონის წესით თავად ირჩევდნენ ფალავნებს და საკმაოდ დიდ თანხასაც იხდიდნენ მათში, რაც მერე ისევ მოჭიდავეთა ჰონორარებში მიდიოდა. წარმატებულ სპორტსმენებს ურიგო ანაზღაურება მართლაც არ მიუღიათ.

სხვათა შორის, მაშინ ინდოელებმა გენო პეტრიაშვილიც შეარჩიეს, მაგრამ ჩვენებურმა იქ წასვლას სახლში დარჩენა და წლევანდელი ოლიმპიური სეზონისთვის უკეთ მომზადება ამჯობინა.

ინდოეთის საკლუბო ლიგის წლევანდელი გათამაშება 15 დეკემბერს უნდა დაიწყოს და ზუსტად ერთ თვეში, გაისად, 15 იანვარს დამთავრდება.

მის ჩატარებას საფრთხე ზუსტად დიდმა ფულმა შეუქმნა, მაგრამ - დროებით, რადგან პრობლემა მოგვარდა და შეჯიბრების ჩატარებასაც წინ არაფერი უდგას. თურმე, ინდოეთი უვვ-ს აქამდე არ უხდიდა სავალდებულო გადასახადს და მსოფლიოს ფედერაციამაც ამიტომ განიზრახა მათი დასჯა. ბუნებრივია, ის ვერ დაუშლიდა შიდა ტურნირის ჩატარებას, მაგრამ ეს ლიგა მსოფლიოს მასშტაბისაა და ლამის ყველა ძლიერი ქვეყნის ფალავნები გამოდიოდნენ. უვვ-მაც ზეწოლის ეს მექანიზმი გამოიყენა და ინდოეთს თუ ვერ აუკრძალა შეჯიბრების ჩატარება, სხვებს დაემუქრა ჯარიმებით.

როგორც საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში გვითხრეს, ინდოეთმა გადაიხადა ეს თანხა და უვვ-ც დათანხმდა, მოხსნას ყოველგვარი სანქცია და მისცეს ორგანიზატორებს საკლუბო ლიგის ჩატარების საშუალება.

ძალიან კარგი, ყველაფერი ჰეფი ენდით რომ დასრულდა, მაგრამ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციას ეროვნული ორგანიზაციები გაუმართლებელ და ხშირად გაურკვეველ გადასახადებს ედავებიან. მაგალითად, "ჭიდაობის განვითარების ფონდის" გადასახადზე თავის დროზე უკმაყოფილება საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის იმჟამინდელმა თავკაცმა ლუკა კურტანიძემაც გამოთქვა. თუმცა არა მხოლოდ მან - ძირითადად,  ამ ფონდის გამო მაშინდელ ფილა-ს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც აკრიტიკებდა და ამ ფონდის გაუქმებას სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული