"ოქროს დიდი პრიზი": საქართველოს "თავისუფალთა" ნაკრები რვა წონიდან შვიდში გამოვა

AutoSharing Option
რუმინეთიდან წარმატებით დაბრუნებული საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 22 ნოემბერს, საღამოს უკვე მორიგ ტურნირზე გაემგზავრა - მატარებლით ბაქოში წავიდა, სადაც 24 ნოემბერს ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ტურნირზე იჭიდავებს.

მოგეხსენებათ, ამ შეჯიბრებაში გამოსვლა ლიმიტირებულია - ასპარეზობის ნება ეძლევათ მხოლოდ იმ წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი-ოლიმპიადის (შეგახსენებთ, რომ ეს ორი დიდი ტურნირი ერთმანეთს ენაცვლება, ანუ ოლიმპიადის წელს მსოფლიოს პირველობა არ ტარდება) მედალოსნებს.

ჩვენმა ნაკრებმა 8 წონიდან 7-ში მოიპოვა ბაქოს საგზური. შეგახსენებთ, რომ რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა გუნდმა 6
მედალი დაიმსახურა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. იქ ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ, დავით ტლაშაძე (70) ფინალში დამარცხდა, ხოლო მესამეზე იაკობ მაქარაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (86) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გავიდნენ.

მეშვიდე საგზური ოლიმპიადაზე ისევ ხინჩეგაშვილმა დაგვიმატა, ოღონდ უკვე 57 კილოგრამში, ხელცარიელნი კი მხოლოდ 65 კილოგრამში დავრჩით, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე ზურაბ იაკობაშვილი მეხუთეზე გავიდა.

მაგრამ, ამ შეჯიბრების დებულებით, ლიცენზირებული მონაწილის შეცვლა შესაძლებელია. ამიტომ მწვრთნელებმა ხინჩეგაშვილი დაასვენეს, იმის მიუხედავად, რომ ორ წონაში მოიპოვა საგზური, მის ნაცვლად კი შანსი ახალგაზრდებს მისცეს.

ჩვენს ნაკრებს ბაქოში არჩილ ქიტიაშვილი უხელმძღვანელებს, რომელმაც ადრე გამოცხადებული შემადგენლობა არ შეცვალა, ანუ ეს ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობის ერთგვარი ნაზავი იქნება. მაგალითად, ისვენებს ხინჩეგაშვილი, მაგრამ იჭიდავებს პეტრიაშვილი. ზოგადად, ლიდერები უფრო მჩატე წონებში დაასვენეს, ზედა წონებში კი საბრძოლო შემადგენლობა გვყავს, თუ არ ჩავთვლით სანდრო ამინაშვილის (86) დასვენებას. სამაგიეროდ, ამავე წონაში საინტერესო იქნება დავით მარსაგიშვილის დაბრუნება, ვისაც ზაფხულის შემდეგ არსად უჭიდავია.

ამ ტურნირზე ერთი დებიუტანტიც გვეყოლება - გიორგი რევაზიშვილი, ვისაც სწორედ ხინჩეგაშვილის წონაში - 61-ში მოუწევს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის დაცვა. თუმცა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობით დიდად გამოცდილი არც ავთანდილ კენჭაძეა (74). უბრალოდ, საერთაშორისო ტურნირში კი გამოვიდა უკვე. ოთარ გოგავა (57) და დიმიტრი ბასილაშვილიც (70) ახლა ეჩვევიან მთავარ გუნდს.

ბაქოში დღეს საღამოს აწონვა და წილისყრა იქნება, ხვალ კი "თავისუფალთა" შეჯიბრება გაიმართება. დებულებით, სამივე საჭიდაო სტილს თითო საშეჯიბრო დღე ეძღვნება, ანუ 25 ნოემბერს ქალები იასპარეზებენ, 26-ში კი - "ბერძენ-რომაელები".

ჩვენი "ბერძენ-რომაელები" ბაქოში 24-ში საღამოს წავლენ, მონაწილე კი სულ სამი გვეყოლება, რადგან მეტი ლიცენზია არ გვაქვს. იქ ევროპისა და ოლიმპიადის მესამეპრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66), ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75) და ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85) იჭიდავებენ.

აქ გაურკვეველი იყო 80 კილოგრამში გადასული დათუნაშვილის საკითხი, შეძლებდა თუ ვერა 75-ში დაკლებას. რაკი 80-ში ლიცენზია არ გვაქვს, იქ არ დაუშვებდნენ და ძველში თუ ვერ დაიკლებდა, მაშინ მწვრთნელებს მისი შეცვლა მოუწევდათ. როგორც გაირკვა, სპორტსმენი იკლებს და იჭიდავებს კიდეც. მით უფრო, პირველხარისხოვანი შეჯიბრებებისგან განსხვავებით, საერთაშორისო ტურნირებში ზედმეტი 2 კილოგრამით ჭიდაობა ნებადართულია, დანარჩენის დაკლება კი ჩვენებურს მართლაც არ უნდა გაუჭირდეს.

დასასრულ, იმასაც გეტყვით, რომ ბაქოს შეჯიბრებაზე საკმაოდ მაღალი საპრიზო ფონდია დაწესებული - ჩემპიონი ჯილდოდ 5 000 დოლარს მიიღებს, მომდევნო პრიზიორებს კი, შესაბამისად, 3 000 და 1 000 დოლარი გადაეცემათ.

თავისუფალთა ნაკრები
57 კგ. ოთარ გოგავა
61 კგ. გიორგი რევაზიშვილი
70 კგ. დიმიტრი ბასილაშვილი
74 კგ. ავთანდილ კენჭაძე
86 კგ. დავით მარსაგიშვილი
97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ. გენო პეტრიაშვილი.

ბერძენ-რომაელთა ნაკრები
66 კგ. შმაგი ბოლქვაძე
75 კგ. ზურაბ დათუნაშვილი
85 კგ. რობერტ კობლიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სირცხვილი არ არის მატარებლით წავიდნენ ბიჭები როდესაც თვითმფრინავით წუთებში ჩაფრინდებოდნენ ბაქოში. ყველაზე წარმატებულ სპორტის სახეობას საქართველოს სპორტის ისტორიაში და დღესაც არის თავისუფალი ჭიდაობა და არავითარი ყურადღება არ ექცევათ. ბავშვთა ჭიდაობა სულს ღაფავს! კიდევ ყოჩაღ დაფინანსების გარეშე მაინც აღწევთ წარმატებებს!ქედს ვიხრით თქვენს წინაშე გმირები ხართ მოჭიდავეები. :)
nugzari
00:38 24-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული