"ოქროს დიდი პრიზი" ოქროს გარეშე - დღეს ქართველი "თავისუფლები" ბაქოში იჭიდავებენ

AutoSharing Option
დღეს, 24 ნოემბერს, ბაქოს სპორტის სასახლეში მოჭიდავეთა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება - ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ტურნირი იწყება, რომელსაც წლეულსაც მდიდრული ელვარება დააკლდება - ჩემპიონებს საჩუქრად აღარ დაურიგებენ შვეიცარიულ საათებსა და ოქროს ბეჭდებს.

როგორც უცხოური წყაროები წერენ, ამის მიზეზი მსოფლიოში მძვინვარე ეკონომიკური კრიზისია, რომელმაც აზერბაიჯანიც გვარიანად შეარყია. თუმცა საპრიზო ფონდი მაინც ძველებურად მსუყეა - ჩემპიონი ჯილდოდ 5 000 დოლარს მიიღებს, მომდევნო ადგილებზე გასულებს კი, შესაბამისად, 3 000
და 1 000 დოლარი გადაეცემათ.

ეს ტურნირი 2006 წელს დაარსდა და მას შემდეგ მუდმივად ბაქოში ტარდება. ის ოქროს ბეჭდებს კი მოისაკლისებს, მაგრამ ოქროსავით ძვირფასი ფალავნები ბლომად ეწვევიან: ოლიმპიური ჩემპიონები, კუბელები - მიჯაინ ლოპესი და ისმაელ ბორენო მოლინა, თურქები - ტაჰა აკგული და რიზა კაილააპი, მათი თანამემამულე ოლიმპიადის ფინალისტი სელიმ იაშარი და ბრინჯაოსმედალოსანი სონერ დემირტაში, იტალიელთა კუბელი მსოფლიოს ჩემპიონი ფრენკ ჩამიზო და არაერთი ვარსკვლავი. საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება ქალთა ტურნირიც.

შეჯიბრება სამივე საჭიდაო სტილში ტარდება. დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ, ხვალ - ქალები, ზეგ - "ბერძენ-რომაელები".

როგორც ადრე ვწერდით, მასში მონაწილეობა კვოტირებულია - იწვევენ მხოლოდ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის ან ოლიმპიადის მედალოსნებს, ანუ იქ საჭიდაოდ ლიცენზია უნდა მოიპოვო. ეს გასაგებია, მაგრამ გაუგებარია, რუსებს რატომ ჰყავთ წონებში 2-3 წარმომადგენელი. მასპინძელთა მდგომარეობა გასაგებია - მათ 4 მონაწილის დაყენება შეუძლიათ.

ჩვენები ბაქოში 7 მონაწილით გამოვლენ, თუმცა რამდენიმე ჩვენებურს ფავორიტთა შორის ასახელებენ. ოთარ გოგავა (57) მერვედფინალში კანადელ იუკი ტაკაჰაშის ხვდება. ჩვენებური ფინალამდე ასცდა რუსებს, მის მხარეს კი აზერბაიჯანელთა სახელით მოჭიდავე ჩვენი ევროპის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილია.

გიორგი რევაზიშვილი (61) საკვალიფიკაციო წრეში ჩინელ ჯიანგლინ ქუის ხვდება, დიმიტრი ბასილაშვილი (70) იმავე ეტაპზე ირანელ ჯამალ ჰადი ებადის დაეჭიდება, ავთანდილ კენჭაძე (74) კი ტურნირში მერვედფინალიდან ჩაებმება ყაზახ ზიგერ ზაკიროვთან შეხვედრით.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დავით მარსაგიშვილი (86) პირველივე წრეში ამერიკელ იოსტინ ლე გრანდ ტროტმანს დაეჭიდება, მომდევნო წრეში კი მისი სავარაუდო მეტოქე რუსი მსოფლიოს პრიზიორი შამილ კუდიამაგომედოვია.

ელიზბარ ოდიკაძე (97) საკვალიფიკაციოში მასპინძელ ასლანბეკ ალბოროვს ხვდება, ფინალამდე კი ბელორუსი ივან იანკოუსკიც ელოდება.

დაბოლოს, გენო პეტრიაშვილი (125), ვინც თავიდან ისვენებს, მერე კი ირანელ იადოლაჰ მოჰამადკაზემ მოჰების ხვდება, ფინალისკენ მიმავალ გზაზე კი აზერბაიჯანელთა ვეტერან ალი ისაევის და ამერიკელ ზახრეი ვეის დონის კონკურენტები ჰყავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული