ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 76,34 ქულა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ორი თვის წინათ გაიმართა, ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში 76,85 ქულა დაიმსახურა და მე-10 ადგილზე იყო, თავისუფალი ვარჯიშის შესრულების შემდეგ კი, ოთხი საფეხურით წინ წაიწია.
მორის ყვითელაშვილი:
"მსოფლიოს ჩემპიონატში პირველად ვიასპარეზე. ძალიან ვინერვიულე.
სხვა მხრივ, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. კარგია, რომ კვალიფიკაცია გავიარე. ვეცდები, თავისუფალ პროგრამაში უფრო სუფთად ვიასპარეზო".
მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი გამარჯვებული ესპანელი ხავიერ ფერნანდესია. მისი მონაგარი 109,05 ქულაა. იმას, იაპონელი შომა უნო, კანადელი პატრიკ ჩენი და ჩინელი ბოიან ჟინი ყინულზე რასაც სჩადიან, სასწაული ჰქვია. ეს ისეთი რამაა, რაც ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა ნახო ცოცხლად.
ფინეთი ზამთრის სპორტის სახეობების ქვეყანაა და გასაკვირი არ არის ადგილობრივების ინტერესი ფიგურული ციგურაობის მიმართ. საოცარი იაპონელი, ამერიკელი, კანადელი და ჩინელი ქომაგების დიდი რაოდენობა უფროა. "ჰარტვალ არენაზე", სადაც ასპარეზობა მიმდინარეობს, ტრიბუნები თითქმის პირთამდეა სავსე.
მაკა გიორგობიანი, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი:
"უმძიმესი დღე იყო, თუმცა მორისის გამოსვლით კმაყოფილი ვარ. მან მოახერხა და საკუთარ თავს მოერია. დაძლია ის ფსიქოლოგიური წნეხი, რაზეც ადრეც მოგახსენებდით. მხოლოდ ერთი პატარა შეცდომა დაუშვა, სხვა მხრივ კი, საკუთარი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა და მიმაჩნია, რომ პლანეტის საუკეთესო მოციგურავეებს ღირსეული კონკურენცია გაუწია.
მორისი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობს, ყველა დანარჩენს კი ხუთზე მეტ მსოფლიოს ჩემპიონატში უასპარეზია, შესაბამისად, გამოცდილებაც მეტი აქვთ და რეიტინგიც. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გვყავს მსაჯი, რომელიც ქართველი სპორტსმენის ინტერესებს დაიცავდა.
საყოველთაო აღიარებით, წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟებში არნახული კონკურენციაა, ძალიან ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. გართულებულია ელემენტებიც. ამიტომ ის, რომ მორისმა კვალიფიკაცია გაიარა და 24 საუკეთესოში მოხვდა, ნამდვილად სასიხარულოა.
თავისუფალი პროგრამის შესრულებისას ბრძოლა ძალიან დაძაბული იქნება. ჩვენთვის მთავარი ისევ ისაა, რომ მორისმა შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოს და კარგი იქნება, თუ ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვიპოვებთ.
წესები საკმაოდ რთულია და ლიცენზიანტების რაოდენობის დადგენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ქვეყნების წარმომადგენლები გახდებიან პრიზიორები და რომლები შევლენ მოწინავე ათეულში".
შეგახსენებთ, რომ თავისუფალი პროგრამით სრიალი ხვალ, 1-ელ აპრილს გაიმართება. დღეს კი, ასპარეზობაში მოცეკვავე წყვილების მოკლე პროგრამაში ტატიანა კოზმავა და ალექსეი შუმსკი ჩაერთვებიან.
ვაჟები
მოკლე პროგრამა
1. ხავიერ ფერნანდესი (ესპ) - 109,05 2. შომა უნო (იაპ) - 104,86 3. პარტიკ ჩენი (კან) - 102,13 4. ბოიან ჟინი (ჩინ) - 98,64 5. იუძურუ ჰანიუ (იაპ) - 98,39 6. ნეითან ჩენი (აშშ) - 97,33 7. მიხაილ კოლიდა (რუს) - 93,28 8. ჯეისონ ბრაუნი (აშშ) - 93,10 9. დენის ტენი (ყაზ) - 98,10 10. მაქსიმ კოვტუნი (რუს) - 89,38... 19. მორის ყვითელაშვილი (საქ) - 76,34
ქალები
მოკლე პროგრამა
1. ევგენია მედვედევა (რუს) - 79,01 2. ქეთლინ ოსმონდი (კან) - 75.98 3. გაბრიელე დელემენი (კან) - 72,19 4. ანა პოგორილაია (რუს) - 71,52 5. კარენ ჩენი (აშშ) - 69,98 6. მარია სოცკოვა (რუს) - 69.76 7. ეშლი ვაგნერი (აშშ) - 69,04 8. კაროლინა კოსტნერი (იტ) - 66,33.
ბესიკ ჯანგავაძე ჰელსინკიდან
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"