საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი ჩვენს წინა პუბლიკაციებში სინანულით აღნიშნავდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წილისყრის შედეგად ვერ მოხვდა ქართველი მსაჯი, რომელიც შეძლებდა ჩვენი მოციგურავეების ინტერესის დაცვას. როგორც ჩანს, ეს პრობლემა სპორტის ამ სახეობაში ისევ მწვავედ დგას, რასაც ადასტურებს რუსი ჟურნალისტის, ალექსეი ფილიპენკოს წერილი "მსაჯების შესახებ".
გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:
"ჰელსინკიში გამართულმა
შეუძლებელია, არ აღინიშნოს ეთერი თუთბერიძისა და სერგეი დუდაკოვის აღზრდილ მორის ყვითელაშვილის წარმატებული გამოსვლა, რომელმაც საბოლოოდ მე-13 ადგილი დაიკავა (თავისუფალი პროგრამით მე-11, ტექნიკური შეფასებით კი მერვე ადგილზე იყო).
მორის ყვითელაშვილი ამჟამად საქართველოს სახელით ასპარეზობს. მიგვაჩნია, რომ მსაჯებისგან, რომლებმაც, თვალნათლივ ჩანს, რომ წინასწარ მიუჩინეს ყველას თავისი ადგილი, ყველაზე მეტად ის დაზარალდა.
როგორც წესი, ეს სასწაულმოქმედი მსაჯები კომპონენტებს როგორც უნდათ, ისე არიგებენ. ზოგს სოკოსავით მიაყრიან, ზოგს კი აკლებენ.
და ტექნიკური მაჩვენებლები? აქაც იგივე სურათია. სუფთად შესრულებულ ნახტომში შეუძლიათ დაგიწერონ 0, თუ გაგიმართლა +1, მაშინ, როცა სხვა მოციგურავეს აშკარა შეცდომის გამო არა მინუსს, არამედ ისევ 0-ს, +1-ს ან სულაც +2-ს უწერენ.
რაც შეეხება ბრუნვების დაბოლოებას, აქ მსაჯი ან ვერ ამჩნევს, ან სულაც თვალს ხუჭავს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელი მოციგურავე ასრულებს ვარჯიშს და რომელი ქვეყნის ფედერაციიდანაა.
აი, ძალიან მარტივი არითმეტიკა.
მოკლე პროგრამაში მორის ყვითელაშვილის შეფასება კომპონენტების შესრულებაში თითქმის ისეთივეა, როგორიც მალაიზიელი ზი ჯი იესი და ფილიპინელი კრისტიან მარტინესისა, რომლებმაც საბოლოოდ, შესაბამისად, 22-ე და 24-ე ადგილები დაიკავეს.
როგორ შეიძლება ეს ასე იყოს. რამდენიმეწლიანი ერთობლივი მუშაობისას რუსეთში, ეთერი თუთბერიძის ჯგუფში, მორისს ვერ ასწავლეს ამ ბიჭებზე უკეთ სრიალი?
იმას, რაც მოხდა თავისუფალი პროგრამის მსაჯობისას, მხოლოდ უმსგავსობას თუ დაარქმევ.
მორისის ტექნიკური შეფასება 90,90-ია (მე-8 მაჩვენებელი), კომპონენტებისთვის კი მიიღო 72 ქულა (მე-18 შედეგი).
მიხეილ კოლიადასა და მაქსიმ კოვტუნს, რომლებმაც თავიანთი პროგრამები ჩააფლავეს, 82,70 და 78,76 დაუწერეს.
ევროპის ჩემპიონატზე ყველა სვამდა კითხვას, როგორ მოხდა, რომ კოლიადამ თავისუფალ პროგრამაში ყვითელაშვილს 14 ქულით "ჩაუსრიალა", ხოლო ჰელსინკიში, მსოფლიოს ჩემპიონატზე 10,70 ქულით.
მიშა გეიმ უზბეკეთიდან, რომელსაც არც ერთი ოთხმაგი ტრიალი პროგრამაში არ აქვს, მორისს აჯობა კომპონენტების ხარჯზე თავისუფალ პროგრამაში და ორივე პროგრამის ჯამშიც. შეგახსენებთ, რომ მორისს ორ პროგრამაში ჯამში ოთხი ოთხმაგი ბრუნი აქვს.
სასაცილოა? სრულიად არა.
ერთი სიტყვით, ყველაზე მოკრძალებული დათვლით, მორის ყვითელაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ყოფილიყო ათეულში, სამართლიანი დათვლის შემთხვევაში კი, რვა საუკეთესოს შორის.
მორისი თუ ათეულში მოხვდებოდა, მაშინ საქართველო ოლიმპიადაზე ორი მოციგურავის გაყვანის უფლებას მიიღებდა, ისე, როგორც კანადა, ჩინეთი, რუსეთი, ესპანეთი და ისრაელი. თავად განსაჯეთ, როგორი იქნებოდა, ამ სიაში საქართველოც ყოფილიყო. ამ შემთხვევაში ოლიმპიადაზე შესაძლოა ვერ მოხვედრილიყვნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი ან ჩეხეთი. ისრაელის ნაცვლად კი ორი ადგილი ოლიმპიადაზე საქართველოს ექნებოდა.
ვფიქრობ, რომ ასეთი ვითარება ბევრ ფედერაციას არ აწყობდა.
ერთი სიტყვით, ჩვენ გავხდით მოწმენი არა მარტო მოციგურავეების დაძაბული ბრძოლისა, არამედ ბრძოლისა ფედერაციებს შორის, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მსაჯებიც.
დასანანია, რომ როცა მორის ყვითელაშვილს უკან წევენ ხელოვნურად, ის კარგავს სარეიტინგო ქულებსაც, რომელიც მას მომავალ სეზონშიც გამოადგებოდა.
ყველაფერ ამას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ მსაჯები მომავალშიც ითავხედებენ.
შესაბამისად, მორის ყვითელაშვილს მინდა ვუსურვო, რომ მან მომავალშიც განაგრძოს თავის მაღალი პოტენციალის ჩვენება და ამის საშუალებით ამხილოს ხელმრუდი და მიკერძოებული მსაჯები".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"