ბიატლონი: ლეგენდა სპორტში დარჩა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ნორვეგიელმა ბიატლონისტმა, მსოფლიოს 20-გზის ჩემპიონმა, რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს თასის ექვსგზის მფლობელმა, 42 წლის ოლე-ეინარ ბიორნდალენმა გუშინ, სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია და კარიერის გაგრძელების შესახებ განცხადება გააკეთა.

"ჩემს გეგმებშია პიონჩანგში 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. გასულ სეზონში ჩემს მიერ ნაჩვენები შედეგების შემდეგ ყველამ განაცხადა, რომ კარიერა უნდა გავაგრძელო. და მე ვეთანხმები ამ რჩევას. მთავარი მიზეზი იმაშია, რომ ისევ უდიდესი მოტივაცია მაქვს", - თქვა ბიორნდალენმა.

წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ნორვეგიელმა მას-სტარტში ბრინჯაოს მედალი მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული მედლების რიცხვი
44-მდე აიყვანა.

პრესკონფერენციაზე ბიორნდალენმა მეორე ახალი ამბავიც გამოაცხადა: ბელარუსი ბიატლონისტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი დარია დომრაჩევა მისგან შვილს ელოდება.

"არ გვინდოდა ეს საიდუმლოდ დაგვეტოვებინა. ჩვენ ოქტომბერში მშობლები გავხდებით და ეს იქნება ახალი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში", - განაცხადა ნორვეგიელმა.

ბიორნდალენი და დომრაჩევა ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან. მათი ურთიერთობა 2013 წელს დაიწყო, როცა გაუქმდა ნორვეგიელისა და იტალიელი ბიატლონისტის ნატალი სანტერის ქორწინება, რომელიც შვიდი წელი გრძელდებოდა. შვილები მათ არ ჰყავთ.

2015 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ 29 წლის დომრაჩევა გამოტოვებდა 2015-16 წლების სეზონს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული