სწრაფდაშვებასა და სლალომში ჯამში საუკეთესო დრო აჩვენა 23 წლის შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდენერმა, რომელმაც კარიერაში პირველად მოიგო მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე. მისი დრო იყო ერთი წუთი და 58.88 წამი. ჩემპიონმა მხოლოდ 5 მეასედი წამით აჯობა თანამემამულე მიშელ გიზინს. ბრინჯაო ავსტრიელმა მიხაელა კირხგასერმა მოიპოვა, რომლის ჩამორჩენაც პირველ ადგილთან 0.38 წამი იყო. გიზინისთვისაც ეს სადებიუტო მედალი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე, კირხგასერისთვის - მესამე.
ამერიკელმა ფავორიტმა ლინდსი ვონმა გამარჯვებულთან 0.85 წამი წააგო
საბედისწერო აღმოჩნდა სწრაფდაშვება სეზონის ერთ-ერთი ლიდერისთვის ლარა გუტისთვის. ის ტრასაზე დაეცა და ვერტმფრენით გადაიყვანეს კლინიკაში. გუტი გამოტოვებს მსოფლიოს ჩემპიონატის დარჩენილ სტარტებს და, შესაძლოა, სეზონიც ნაადრევად დაასრულოს.
* * *
გუშინ, სანკტ მორიტცში ორი ფინალი იყო - ქალებსა და კაცებს შორის სწრაფდაშვებაში.
ყველაზე ჩქაროსნულ დისციპლინაში ქალებს შორის, ჩემპიონი გახდა სლოვენიელი ილკა შტუჰეცი, რომლის დრო იყო - წუთი და 32.85 წამი. მან 4 მეათედი წამით აჯობა ავსტრიელ სტეფანი ვენიეს და 45 მეასედით - ამერიკელ ლინდსი ვონს.
კაცებში 30 წლის შვეიცარიელმა ბიტ ფოიტცმა მოიგო სწრაფდაშვება დროით - 1.38,91. ვერცხლის მედალი მოიპოვა კანადელმა ერიკ გუეიმ (ჩამორჩენა - 0.12 წამი), რომელმაც რამდენიმე დღის წინ, სუპერგიგანტში მოიპოვა ოქროს მედალი. მესამეზე გავიდა ავსტრიელი მაქს ფრანცი 0.37 წამის ჩამორჩენით.
დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე კაცები გაითამაშებენ ოქროს მედალს კომბინაციაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"