სამთო თხილამურები: ახალი ვარსკვლავის ჰეთ-თრიკი

AutoSharing Option
ჩრდილოეთ ამერიკაში გაგრძელდა მსოფლიოს თასის გათამაშება სამთო თხილამურებში: ქალები აშშ-ის კურორტ ბივერ კრიკში შეიკრიბნენ, მამაკაცები - კანადის ლეიკ ლუისში.

ბრწყინვალე სტარტი აიღო ახალ სეზონში 22 წლის შვეიცარიელმა ლარა გუტმა. შეგახსენებთ, რომ მან ავსტრიის კურორტ ზოლდენში გამარჯვებით გახსნა სეზონი - პირველი იყო გიგანტურ სლალომში, ბივერ კრიკში კი ორი დისციპლინა მოიგო: სწრაფდაშვება და სუპერგიგანტი. სეზონის სამიდან ოთხ რბოლაში გამარჯვებამ, გუტი ავტომატურად აქცია სოჭის ოლიმპიადის მთავარ ფავორიტად. ცნობისთვის, ეს ავსტრალიელისთვის პირველი ოლიმპიადა იქნება კარიერაში, რადგან ოთხი წლის წინ, ვანკუვერში ვერ შეძლო გამოსვლა ტრავმის
გამო.

ჯერჯერობით, ვერ ბრწყინავს ახალ სეზონში მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი, სლოვენიელი ტინა მაზე, რომელმაც ზოლდენში მე-18 დრო აჩვენა გიგანტურ სლალომში, ამჯერად კი სუპერ-გიგანტში მხოლოდ მე-16 იყო. რაც შეეხება ამერიკელ ლინდსი ვონს, მან ვერ მოასწრო ფეხის ტრავმის შემდეგ აღდგენა და სავარაუდოდ, ტრასაზე მომავალ კვირას, ლეიკ ლუისში დაბრუნდება.

სწრაფდაშვება
1. ლარა გუტი (შვეიც) - 1.41,26; 2. ტინა ვაირატერი (ლიხ) - +0,47; 3. ელენა ფანკინი (იტა) - +0,98; 4. ფაბიან სუტერი (შვეიც) - +1,04; 5. ანა ფენინგერი (ავსტრია) - +1,13; 6. ფრაენცი ოფდენბლატენი (შვეიც) - +1,20...

სუპერგიგანტი
1. ლარა გუტი (შვეიც) - 1.18,42; 2. ანა ფენინგერი (ავსტრია) - +0,92; 3. ნიკოლ ჰოსპი (ავსტრია) - +1.11; 4. ილკა შტუჰეცი (სლოვენ) - +1,25; 5. ნადია ფანკინი (იტა) - +1,28; 6. დომინიკ გიზინი (შვეიც) - +1,51...

საერთო ჩათვლა
1. ლარა გუტი (შვეიც) - 300; 2. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 175; 3. მარია რიში (გერ) - 148; 4. მიკალე შიფრინი (აშშ) - 140; 5. ტინა ვაირატერი (ლიხ) - 125; 6. ტინა მაზე (სლოვენ) - 106...

* * *
ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცებს ლეიკ ლუისში ორი სტარტი ჰქონდათ. გუშინ, გვიან დასრულდა სუპერგიგანტი, ერთი დღით ადრე კი სეზონში პირველად გათამაშდა მედლები სწრაფდაშვებაში.

როგორც ჩანს, კარგ ფორმაში ხვდება ახალ სეზონს ავსტრიელი კლაუს კროლი. მან ერთი თვის წინ დაასრულა მუხლზე გადატანილი მეორე ოპერაციის შემდეგ აღდგენითი კურსი და თავისთვის პირველივე სტარტზე მეორე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ეს 33 წლის მოთხილამურე 2011-12 წლების სეზონში ბროლის მცირე გლობუსს ფლობდა სწრაფდაშვებაში.

ერთადერთი, ვინც იმ დღეს კროლს აჯობა, იტალიელი დომინიკ პარისი იყო. სხვაობამ ამ მოთხილამურეებს შორის მხოლოდ სამი მეასედი წამი შეადგინა. აპენინელისთვის, რომელიც მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია სწრაფდაშვებაში, ეს იყო კარიერაში მესამე მოგება მსოფლიოს თასის ეტაპებზე.

შარშან, ლეიკ ლუისში სწრაფდაშვება და სუპერგიგანტი ცნობილმა ნორვეგიელმა აქსელ-ლუნდ სვინდალმა მოიგო, თუმცა, ამჯერად, ის მეოთხე მივიდა ფინიშთან 0.23 წამის ჩამორჩენით.

სწრაფდაშვება
1. დომინიკ პარისი (იტა) - 1.49,90; 2. კლაუს კროლი (ავსტრია) - +0,03; 3. ადრიენ ტეო (საფ) - +0,11; 4. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - +0,23; 5. იოჰან კლარეი (საფ) - +0,74; 6. გეორგ შტრაიტბერგერი (ავსტრია) - +1,03...

საერთო ჩათვლა
1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 160; 2. ტედ ლიგეტი (აშშ) - 124; 3. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 100; 3. დომინიკ პარისი (იტა) - 100; 5. კლაუს კროლი (ავსტრია) - 80; 5. ალექსის პინტურო (საფ) - 80; 5. მარიო მატი (ავსტრია) - 80...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული