სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: სეზონი გიგანტით დაიწყო

AutoSharing Option
სამთო-სათხილამურო სპორტში ახალი სეზონი, ტრადიციულად, ავსტრიის კურორტ ზოლდენში გაიხსნა. კაცები და ქალები გიგანტურ სლალომში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

თავდაპირველად, სტარტზე ქალები გავიდნენ და აქ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა ლარა გუტმა. შვეიცარიელმა ფინიშის შემდეგ აღიარა, რომ პირველი ცდისას ნერვიულობდა, თუმცა, ეს შედეგზე არ ასახულა - მეორე ცდის წინ, გუტი თავის მთავარ კონკურენტს, ამერიკელ მიკაელა შიფრინს 1.42 წამით უგებდა და თითქმის გარანტირებული ჰქონდა გამარჯვება. საბოლოოდ, ლარამ ამ სხვაობას კიდევ ორი მეასედი წამი დაუმატა და სეზონის პირველი ეტაპი მოიგო.

შიფრინი კმაყოფილი უნდა
იყოს მეორე ადგილით, რადგან მას ფავორიტებს შორის არ მოიაზრებდნენ და 16 განთესილს შორის არ მოახვედრეს. ასევე აღვნიშნოთ კარიერაში პირველი პოდიუმი 20 წლის იტალიელისთვის მარტა ბასინოსთვის.

* * *
კაცებს შორის პირველი დაშვების შემდეგ, ლიდერობა ფრანგმა ალექსის პინტურომ მოიპოვა. მეორე დრო აჩვენა ადგილობრივი პუბლიკის კერპმა, მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა მარსელ ჰირშერმა, რომელიც პინტუროს 17 მეასედი წამით ჩამორჩა.

სიუპრიზი გახდა შვეიცარიელი ჟუსტინ მურისიეს მესამე ადგილი - ის არ შედიოდა სასტარტო ნომრის მიხედვით ათ საუკეთესოს შორის, მაგრამ პინტუროსთან მხოლოდ ორი მეათედი წააგო.

მიუხედავად ამისა, ფრანგმა არავის არ დაუტოვა შანსი. პინტურომ მეორე ცდაზეც საუკეთესო დრო აჩვენა და ჰირშერს მთელი 7 მეათედი წამი მოუგო.

და მაინც, ჰირშერს ჰქონდა მოგების შანსი. მსოფლიოს თასის ხუთგზის მფლობელმა ძალიან მძლავრად დაიწყო მეორე ცდა, მაგრამ უპატიებელი შეცდომა დაუშვა. თუმცა, ავსტრიელის სიჩქარე იმდენად მაღალი იყო, რომ შეინარჩუნა ჰანდიკაპი მდევრების მიმართ, მაგრამ პინტუროს დამარცხება ვერ შეძლო. ფრანგისთვის ეს იყო მე-16 გამარჯვება მსოფლიოს თასის ეტაპებზე.

ფელიქს ნოიროიტერი პირველი ცდის შემდეგ მხოლოდ მეექვსე იყო. გერმანელი თითქმის ნახევარ წამს აგებდა მურისიესთან. მაგრამ ამ უკანასკნელმა, სუსტად გაიარა ტრასის ქვედა ნაწილი, ნოიროიტერი კი უშეცდომო იყო და სწორედ მან დაიკავა პოდიუმის მესამე საფეხური.

მსოფლიოს თასის შემდეგი ეტაპი ფინეთის კურორტ ლევიში, 13 ნოემბერს გაიმართება. ქალები და კაცები სლალომში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

გიგანტური სლალომი
კაცები
1. ალექსის პინტურო (საფ) - 2:14.01 (100 ქულა); 2. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - +0.70 (80); 3. ფელიქს ნოიროიტერი (გერ) - +1.37 (60); 4. ზან კრანიეცი (სლოვენ) - +1.44 (50); 5. ტედ ლიგეტი (აშშ) - +1.65 (45); 6. ტომას ფანარა (საფ) - +1.67 (40)...

ქალები
1. ლარა გუტი (შვეიც) - 2:23.02 (100 ქულა); 2. მიკაელა შიფრინი (აშშ) - +1.44 (80); 3. მარტა ბასინო (იტა) - +1.93 (60); 4. სტეფანი ბრუნერი (შვეიც) - +2.28 (50); 5. სოფია გოჯა (იტა) - +2.77 (45); 6. ტესა ვორლი (საფ) - +2.82 (40)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული