ლინდსიმ პარასკევსა და შაბათს სოლიდური სხვაობით იმარჯვა სწრაფდაშვებაზე, კვირას კი შანსი არ დაუტოვა კონკურენტებს სუპერ-გიგანტში.
ამ სამი გამარჯვების შემდეგ, ვონი სათავეში ჩაუდგა გენერალურ კლასიფიკაციას - მას 300 ქულა აქვს და ოთხი ქულით უსწრებს თანამემამულე მიკაელა შიფრინს.
მამაკაცები კოლორადოში, ბივერ კრიკში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. პარასკევს, ნორვეგიელმა აქსელ-ლუნდ სვინდალმა აჯობა ყველას სწრაფდაშვებაში, რითაც სეზონში მესამე ეტაპი მოიგო. ამის შემდეგ კი მარსელ ჰირშერის ჯერი დადგა. მსოფლიოს თასის მოქმედმა ჩემპიონმა შაბათს სუპერგიგანტი მოიგო, კვირას კი გიგანტურ სლალომში გაიმარჯვა. აქ მისი კონკურენტი ამერიკელი ტედ ლიგეტი იყო, რომელსაც, მანამდე, ბივერ კრიკში ზედიზედ ექვსჯერ ჰქონდა მოგებული გიგანტური სლალომი, მაგრამ პირველ ცდაზე შეცდომა დაუშვა და ფინიშამდე ვერ მივიდა, რითაც გზა გაუხსნა ჰირშერს.
ავსტრიელმა კარიერაში 33-ე ეტაპი მოიგო, თუმცა ჯერ ჩამორჩება საერთო ჩათვლის ლიდერს სვინდალს.
ახლა, მოთხილამურეები ევროპაში გადმოინაცვლებენ. მან წინ აქვს მსოფლიოს თასის ეტაპი ფრანგულ ალპებში, სახელგანთქმულ კურორტ ვალ დ'იზერში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"