დამარცხებული ფავორიტები

AutoSharing Option

გარმიშ-პარტენკირხენში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს კაცებს შორის სუპერგიგანტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა იტალიელმა კრისტოფ ინერჰოფერმა.

ამერიკელი ლინდსი ვონის მსგავსად, გუშინ მამაკაცებიც ჩიოდნენ სუპერგიგანტის ტრასის გამო - ისევ ყინული და განსაკუთრებული სპეციფიკა: თუ ტრასის ზედა ნაწილის სწრაფად და უშეცდომოდ გავლის შესაძლებლობა არსებობდა, შუა ნაწილში მოთხილამურეებს ბევრი უსიამოვნო სიუპრიზი ელოდათ. კერძოდ, დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ სპორტსმენები კარს აცდენილიყვნენ.

ასეთ პირობებში რამდენიმე ფავორიტს ხელი მოეცარა. სუპერგიგანტი ჩააგდეს ტედ ლიჯეტიმ (კარი გამოტოვა), მიხაელ ვალჰოფერმა და აქსელ ლუნდ სვინდალმა; ზოგიერთს ცოტა დააკლდა პოდიუმამდე (რაიხი,

კუში, ბაუმანი), ხოლო პუბლიკა გაართო საყოველთაოდ ცნობილმა ამერიკელმა ბოდე მილერმა. ის დიდი ხანი აუმჯობესებდა იმ მომეტისთვის საუკეთესო შედეგს, ერთხელ შეცდა, მაგრამ შეინარჩუნა ტემპი, მეორედ შეცდა და კინაღამ დაეცა, თანაც ჯოხი დაკარგა. აქაც არ შეუწყვეტია გამოსვლა, მაგრამ ბოლოს კარი გამოტოვა და ბრძოლას გამოეთიშა. ნებისმიერ შემთხვევაში, ბოდე უნიკალური მოთხილამურეა.

ასეთ რთულ პირობებში იდეალური დაშვება აჩვენა კრისტოფ ინერჰოფერმა. იტალიელმა სტარტის წინ თქვა - ტრასის კონფიგურაცია ძალიან მაწყობს და ხუთეულში შესვლას ვგეგმავო. ინერჰოფერი არათუ ხუთეულში შევიდა, არამედ ოქროს მედალი მოიპოვა. მან ყველა საშუალედო ნიშნულზე გააუმჯობესა ჰანეს რაიჰელტის დრო. იტალიელი ჟურნალისტების გარდა ასეთ შედეგს არავინ ელოდა, ამიტომაც გაკვირვებას ვერავინ მალავდა.

თავად რაიჰელტის პოდიუმს კი ბევრი წინასწარმეტყველებდა. ალბათ, გახსოვთ, რომ ამ ავსტრიელმა მსოფლიოს თასის ბოლო ეტაპზე შესანიშნავი ფორმა აჩვენა, თანაც გარმიშის ტრასა ძალიან ჰგავდა ავსტრიული ჰინტერშტოდერის ტრასას.

რაც შეეხება მსოფლიოს თასის ლიდერ ივიცა კოსტელიჩს, ვეტერანი ხორვატი წელს შეუდარებელია. სუპერგიგანტში მას ფავორიტად ცოტა ვინმე თუ ასახელებდა, კოსტელიჩმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითაც საუკეთესო სპორტული ფორმა დაადასტურა. შესაბამისად, ხორვატი თავის საყვარელ დისციპლინებში - სუპერკომბინაციასა და სპეციალურ სლალომში უმთავრეს ფავორიტად განიხილება.

 

ახლა ჩემპიონატში ერთდღიანი შესვენებაა, პარასკევს კი ქალების სუპერკომბინაციაა დაგეგმილი, სადაც ადგილობრივი გულშემატკივრები მარია რიშის ტრიუმფს მოელიან.


სუპერგიგანტი
კაცები

1. კრისტოფ ინერჰოფერი (იტა) 1:38.31
2. ჰანეს რაიჰელტი (ავსტრია) +0.60
3. ივიცა კოსტელიჩი (ხორ) +0.72
4. დიდიე კუში (შვეიცარია) +1.03
5. ბენჯამინ რაიხი (ავსტრია) +1.34
6. რომედ ბაუმანი (ავსტრია) +1.48
7. კარლო იანკა (შვეიც) +1.72

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული