შაბათს ტრასა ქალებს დაეთმოთ და თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სეზონის პირველი სტარტი სენსაციით დაასრულდა. გამარჯვებული გახდა 22 წლის შვეიცარიელი ლარა გუტი, რომელიც ერთ დროს სამთო თხილამურების ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა.
2009 წელს, 17 წლის ასაკში ლარამ ორი მედალი მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატზე, იმავე სეზონში კი მსოფლიოს თასზე სუპერ-გიგანტში ერთ-ერთ ეტაპზე გაიმარჯვა, რითაც ამ დისციპლინაში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. მაგრამ
ზოლდენში, ამერიკელი ლინდსი ვონის გარდა, ყველა ვარსკვლავი იყო შეკრებილი. ასეთი შემადგენლობის მიუხედავად, გუტმა ძალიან დამაჯერებლად მოიგო. პირველივე ცდაზე მან 84 მეასედი წამი მოუგო უახლოეს მდევარს, ორი დაშვების ჯამში კი 84 მეასედით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ავსტრიელ კატრინ ცეტელს და წამზე მეტი ამ სახეობაში ვანკუვერის ოლიმპიადის ჩემპიონს, გერმანელ ვიქტორია რებენსბურგს.
გუტისთვის ეს იყო კარიერაში მეოთხე მოგება მსოფლიოს თასზე და პირველი გიგანტურ სლალომში. საერთოდ კი, მას სამ სხვადასხვა დისციპლინაში აქვს მოგებული ეტაპები.
მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე ხელი მოეცარათ შარშანდელი სეზონის ტრიუმფატორებს. მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა, სლოვენიელმა ტინა მაზემ 3.05 წამი წააგო გუტთან და მე-18 ადგილზე გავიდა; მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი გიგანტურ სლალომში, ფრანგი ტესა ვორლი კი 3.31 წამით ჩამორჩა და მხოლოდ 21-ე იყო საბოლოო ოქმში.
გიგანტური სლალომი
1. ლარა გუტი (შვეიც) - 2:25.16 (1:09.26+1:15.90); 2. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 2:26.00 (1:10.33+1:15.67); 3. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - 2:26.44 (1:10.03+1:16.41); 4. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 2:26.57 (1:10.09+1:16.48); 5. ტინა ვაირატერი (ლიხ) - 2:26.74 (1:11.50+1:15.24); 6. მიკაელა შიფრინი (აშშ) - 2:26.78 (1:10.65+1:16.13)...
* * *
ქალებისგან განსხვავებით, კაცების გიგანტურ სლალომში სავსებით კანონზომიერი შედეგი მივიღეთ. ამერიკელმა ტედ ლიჯეტიმ შარშან რვიდან ექვსი დაშვება მოიგო ამ დისციპლინაში და მსოფლიოს ჩემპიონატზეც ყველას აჯობა, 27 ოქტომბერს კი გააგრძელა ეს შესანიშნავი სერია.
აქაც გამარჯვებულის უპირატესობა კონკურენტებზე ძალიან დიდი იყო. უკვე პირველი ცდის შემდეგ ამერიკელი 9 მეათედს უგებდა უახლოეს მდევარს, საბოლოოდ კი თითქმის წამით ჩამოიცილა ფრანგი ალექსის პინტურო და მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი, ავსტრიელი მარსელ ჰირშერი.
ლიჯეტიმ კარიერაში მე-18 გამარჯვებას მიაღწია – ყველა ტრიუმფი გიგანტურ სლალომშია მოპოვებული.
გიგანტური სლალომი
1. ტედ ლიჯეტი (აშშ) - 1:59.50 (1:00.44+59.06); 2. ალექსის პინტურო (საფ) - 2:00.29 (1:01.34+58.95); 3. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 2:00.52 (1:01.42+59.10); 4. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 2:01.23 (1:02.95+58.28); 4. სტივ მისილიე (საფ) - 2:01.23 (1:03.25+57.98); 6. მარკუს სანდელი (ფინ) - 2:01.32 (1:02.15+59.17).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"